წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდით, თუ სოკო თქვენს სხეულში შემოიჭრებოდა და შიგნიდან დაიწყებდა ორგანიზმის მოხმარებას? კი, ნამდვილად საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს, თუმცა ეს რეალურად ხდება გარკვეული ტიპის ღამის პეპლის შემთხვევაში – სოკო შიგნიდან ჭამს უმწეო პეპლებს, რომლებიც ლარვის სტადიაზე იმყოფებიან და შემდგომ მათი თავიდან “გვირილის” მსგავსად ამოდის.
ე. წ. “მუხლუხოვანი სოკო” ძირითადად შორეულ ტიბეტის პლატოსა და ჰიმალაის მთებში იზრდება. გარდა იმისა, რომ ეს იშვიათი ჰიბრიდი ვიზუალური მხარით გამოირჩევა, საკმაოდ ძვირადაც ფასობს – მაგალითად, ნიუ იორკში 1 გრამი დაახლოებით 30 დოლარი ღირს.
ამ ჰიბრიდის მაღალ ფასს ისიც განაპირობებს, რომ ის ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩნდება ნეპალის, ტიბეტის, ინდოეთისა და ბუტანის შორეულ რეგიონებში. და ამ დროსაც კი, შესაძლოა, რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდეს რადგან ბალახებში იმალება.
უკვე საუკუნეებია, ეს ჰიბრიდი ტრადიციული ტიბეტური და ჩინური მედიცინის განუყოფელი ნაწილია. მას ძირითადად მატონიზირებელ საშუალებად იყენებენ, რომელიც იმუნური სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე, ჭორების თანახმად მას “ჰიმალაურ ვიაგრასაც” უწოდებენ, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თანაც, სოკოს ხშირ შემთხვევაში მოსყიდვის დანიშნულებითაც იყენებენ – რაც უფრო ლამაზი ნაჭერია შერჩეული, მით უფრო მაღალი ფასი აქვს.
მონაცემების თანახმად, 2017 წელს მაღალი ხარისხის ნაჭრები კილოზე 140 000 დოლარად გაიყიდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, 1990-2000-იან წლებში სოკოს ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც ჩინეთის მზარდმა ეკონომიკამაც იქონია გავლენა. ამასთან, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში შემგროვებლებმა 2000-იანი წლების დასაწყისში სამჯერ მეტი სოკო მოიპოვეს, ვიდრე გასული საუკუნის 80-იან წლებში. შედეგად, ახლა უფრო ბევრი ოჯახია “მუხლუხოვან სოკოზე” ფინანსურად დამოკიდებული.
სტატისტიკურად ტიბეტის პლატოსა და ჰიმალაის შინამეურნეობის შემოსავლის 80% მუხლუხოვან სოკოზე მოდის. ნეპალის ერთმა უბანმა განაცხადა, რომ 2016 წელს 4.7 მილიონი დოლარის ჰიბრიდი შეგროვდა, რაც რაიონის წლიურ შემოსავალზე 12%-ით მეტია.
თუმცა, როგორც ბოლო მონაცემები მოწმობს, ყოველწლიური მოსავალი თანდათან მცირდება, რასაც შემგროვებლები ზედმეტი მოსავლის აღებას მიაწერენ. ასევე, პრობლემებს წარმოქმნის კლიმატის ცვლილებები – სოკო უფრო უხვადაა იმ ადგილებში, სადაც ხანგრძლივი, ცივი ზამთარია. სამწუხაროდ, თუ დანაკარგების ზრდა გაგრძელდა, სოფლის ეკონომიკისთვის ეს დამანგრეველი იქნება.