13
Jun
2019

სიზმარი, რომელსაც წყალს ვერ გაატან – მულტიმედია ინსტალაცია თბილისში

13 Jun 2019

13 ივნისს, 19:00 სთ-ზე შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია “სიზმარი” იხსნება. მნახველებს პროექტი “ადამი და ევას” შენობაში ელოდება – სივრცეში, რომლის კარიც 20 წელია არ გახსნილა. პროექტზე მუშაობა წელიწად ნახევრის განმავლობაში მიდიოდა და მის განხორციელებაზე 11-მა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა იზრუნა.

 

დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად შექმნილი ინსტალაცია, საბოლოო ჯამში, გამოვიდა ის, რისი გაკეთებაც დასაწყისშივე ჩავიფიქრეთ.

როგორც თვითონ ამბობენ, “სიზმარმა” ყველა იმდენად მოიცვა, რომ მომენტებში როლებიც გაცვალეს და სრულიად უცხო მიმართულებით მუშაობა დაიწყეს. ალბათ, ასეც მოხდებოდა, რადგან ეს პროექტი თავისი არსით ქართული რეალობისთვის მართლაც ინოვაციურია. აქ შეგრძნებები და ტექნოლოგია ჰარმონიულადაა შერწყმული ერთმანეთს.

ინსტალაციის გარდა, მნახველებს მეორე სართულზე დახვდებათ: ბარი, პროექციის ოთახი, სასტუმრო “რუმსის” ოთახი, სახელოსნოები, სადაც გაიმართება ვორქშოპები იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა პროექტი “სიზმარი”. საბოლოოდ კი, როგორც თვითონ ამბობენ, მათი მიზანი სოციალიზაციის გააქტიურებაა – ზუსტად ასეთ სივრცეში.

კითხვაზე, თუ რატომ მაინც და მაინც პავილიონი “ადამი და ევა”, პროექტის კომუნიკაციების კურატორმა გიორგი შაკაიამ ამგვარი პასუხი გაგვცა:

“ეს სივრცე, პირველ რიგში, იმიტომ შევარჩიეთ, რომ არის მასშტაბური – მხოლოდ სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია. ზუსტად ამ ზომის პავილიონი გვჭირდებოდა პროექტის განსახორციელებლად. ასევე, “ადამი და ევა” ის ადგილია, ვინც ჩაუვლის, ყველას რომ აინტერესებს, თუ რა არის შიგნით. ერთგვარად საკრალურიც კია ეს სივრცე. მასთან საკმაოდ რომანტიკული დამოკიდებულება აქვს ყველას.”

M: როგორ ფიქრობთ, რა შეგრძნებები დარჩება მნახველს, “სიზმრიდან გამოღვიძების” შემდეგ?

ვფიქრობ, ის ახალი შეგრძნებები გაუჩნდება, რაც უკვე იშვიათად გვეუფლება, რადგან თითქმის ყველა შეგრძნება განმეორებითია. ეს სივრცე იმ შეგრძნებათა წყარო გახდება, რომელთა დავიწყებაც ძალიან რთული იქნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იქნება სიზმარი, რომელსაც წყალს ვერ გაატან.

გიორგი ზაუტაშვილი, არქიტექტორი:

გვსურდა, სიზმრის იდეა მეტად აბსტრაქტული ყოფილიყო – გავაკეთეთ ნეირონული სისტემა და სწორედ ამით შევქმენით ლაბირინთი. ამ პროექტს და ინსტალაციას სიზმართან ის კავშირი აქვს, რომ აზრი, შეგრძნება, ნებისმიერი იმპულსი ამ ნეირონულ სისტემას აცოცხლებს. მასში შესული ადამიანი არის ეს იმპულსი. ამავდროულად, ადამიანი თავის სიზმარს ქმნის და ინსტალაცია-სიზმარი თავის საკუთარ სიზმარზე მოქმედებს. ერთი ადამიანის გარშემო არსებული სხვა ადამიანები კი ის ცხოვრებისეული ობიექტები არიან, რომლებმაც ჩვენს სიზმრებზე გავლენა მოახდინეს.

დოდოშკა ჩხეიძე, დიზაინერი:

პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველად ტარდება ასეთი მასშტაბის მულტიმედია პროექტი – აქამდე მსგავსი რამ არ გაკეთებულა. არის ძალიან ძვირადღირებული პროექტი და საკმოდ მოკლე დროში გაკეთებული. ახალი სიტყვაა ხელოვნებაში “სიზმარი” და ჩემთვის პირადად იმიტომაა კარგი, რომ არასდროს მიმუშავია მსგავსი ფორმატით. ბევრი რამ ვისწავლეთ ამ პროექტიდან. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის იყო, რომ ჯგუფმა შევძელით, ერთი აზრი და კონცეფცია გამოგვეხატა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურ მხარეზე ვმუშაობ, სხვა დარგებშიც შევიჭერი, ამიტომ ვერ გამოვყოფ კონკრეტულად რა როლი მქონდა – ყველა ერთად ვმუშაობდით. ყველამ ყველაფერში მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან ემოციური ინსტალაციაა, მას არა მხოლოდ უნდა უყურო, ან მოუსმინო, უნდა შეიგრძნო. ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა მოგზაურობაა – სამი ადამიანი რომ შევიდეს ამ ლაბირინთში, სამივე სხვადასხვა სურათს დაინახავს, სხვადასხვა შეგრძნება დაეუფლება.

შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაციის ხილვა აუდიტორიას 13-დან 16 ივნისის ჩათვლით შეეძლება.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა