in ,

სენსორებიანი ბურთი, რომელიც იტენება — 2022 წლის მუნდიალის ინოვაცია

მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯების საქმიანობა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ამ წნეხის შესამსუბუქებლად, წლების განმავლობაში FIFA-მ ისეთი ინოვაციები დანერგა, როგორიცაა VAR და კარის ხაზის სათვალთვალო ტექნოლოგია. ახლა კი ახალი მიღწევა თავად ბურთებში იმალება.

2022 წლის მუნდიალი ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ბურთს მოიცავს, რომელიც შიდა სენსორებს იყენებს, რათა ლაივ რეჟიმში აკონტროლოს ბურთის პოზიცია, აჩქარება და ზედაპირზე ფეხბურთელის შეხების დროც კი. უბრალოდ, როგორც გაირკვა, ამ სენსორებს დამუხტვა სჭირდება, როგორც ნებისმიერ ძველ მოწყობილობას… მაგალითად, ამ კვირაში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ზოგიერთი ბურთი სმარტფონების მსგავსად იმუხტება — კი, ცოტა არ იყოს, უცნაური და კომიკური სანახაობაა.

ულტრა ფართოზოლოვანი სენსორებისა და ინერციული საზომი ერთეულის (IMU) კომბინაციით, ბურთი თავის თავს აკონტროლებს წარმოუდგენელი სიჩქარით, წამში 500-ჯერ, რაც სიზუსტის შეუდარებელ ხარისხს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს გაზომვები დაკავშირებულია კამერის სისტემასთან, რომელიც ბურთს და თითოეული მოთამაშის სხეულზე 29 სხვადასხვა წერტილს აკონტროლებს. ცხადია, ეს მნიშვნელოვნად აადვილებს სადაო მომენტების სრული სიზუსტით გადამოწმებას.

მაშ, შესაძლებელია თამაშგარეს წამებში გადამოწმება?  ფეხბურთელების პოზიციის 3D მოდელებით აღქმა ან იმის გაგება, ვინ შეეხო ბურთს ბოლოჯერ, რათა გოლის გამტანის ვინაობა ზუსტად ვიცოდეთ? პასუხია დიახ — მომავალი უკვე აქ არის.

28 ნოემბერს, პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩში, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა, კადრებზე თითქოს გამოჩნდა, რომ მას კრიშტიანუ რონალდუ შეეხო და ანგარიშიც მან გახსნა. თუმცა Adidas-მა დაადასტურა, რომ IMU სენსორების მიხედვით, ამ მომენტში ფერნანდეშის გარდა ბურთს არავინ შეხებია.

და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი უნარიც ამ ბურთის ტექნოლოგიას აქვს. მალე შესაძლებელი იქნება უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემების შეგროვება ყოველი დრიბლინგის, გადაცემის ან დარტყმის შესახებ, რაც რევოლუციას მოახდენს ანალიტიკოსების მიერ თამაშის შესწავლაში.

სტარტაპი E-point — მრავალფუნქციური ელექტრონული კომერციის პლატფორმა

რაში მდგომარეობს სუპერგმირი ლიდერის მითი?