in

„მურია“ – ძაღლის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის პირველი ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

სულ ერთი თვეა, რაც ბაზარზე „მურია“ – ძაღლის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის პირველი ქართული სტარტაპი – გამოჩნდა. სამუშაო ჯგუფში, 4 მეგობარია გაერთიანებული: ოჯახური წყვილი – ირაკლი კაკაბაძე და ნუცა გუჩაშვილი, მიშა ჩარკვიანი და თეონა ლეჟავა. მიშა რეჟისორია, თეონა, ირაკლი და ნუცა კი – მსახიობები.  მარკეტერი ესაუბრა დამფუძნებლებს და გაარკვია, რომ სტარტაპის სახელით, ხაზს უსვამენ, რომ ნაწარმი ქართულია. „სილამაზის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხი და კომფორტი, რომლის გარეშეც, ძაღლები ტანსაცმელს, უბრალოდ, არ ჩაიცვამენ“. რა გახდა სტარტაპის შექმნის იდეა, როგორ იცავენ ხარისხისა და კომფორტის სტანდარტებს და რა სპეციფიკა აქვს ძაღლებისთვის სამოსის შექმნას – მოგვიყვნენ მიშა, ნუცა, ირაკლი და თეონა.

მიშა ჩარკვიანი

M: რა იყო სტარტაპის დაწყების ინსპირაცია?
მიშა: 
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მე და ნუცას ჭრა-კერვა, ხატვა კარგად გამოგვდის და ჩვენი მეგობრის ძაღლის დაბადების დღე რომ იყო, გადავწყვიტეთ, მისთვის მაისური შეგვეკერა. ძველი ნაჭერი ვიპოვეთ, თარგი ავაწყვეთ და ხელის მანქანით შევკერეთ. ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც ჩვენი შეკერილი მაისური ძალიან მოეწონა, გვირჩია, გაგვეკეთებინა ძაღლის ტანსაცმლის ქართული ხაზი. ძალიან მოგვეწონა ეს იდეა.

M: ხელით თქვენვე ამზადებთ, რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით?
ნუცა:
ჯერჯერობით, ჩვენ ვკერავთ. ადრეც შემიკერავს, მაგრამ ძაღლის ტანსაცმელი არასდროს. ეს სულ სხვა სპეციფიკისა და სირთულის საქმეა. სილამაზის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხი და კომფორტი, რომლის გარეშეც, ძაღლები ტანსაცმელს, უბრალოდ, არ ჩაიცვამენ. სამომავლოდ, მკერავების მიღებას ვაპირებთ, თუმცა ჯერ დამოუკიდებლადაც ვართმევთ თავს.

თეონა ლეჟავა

M:  რა მასალას/ქსოვილს იყენებთ ავეჯის, აქსესუარებისა თუ ტანსაცმლის დასამზადებლად, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი ნაწარმი?

ირაკლი: ნაჭერსა და ტანსაცმლის დიზაინს ერთად ვარჩევთ. ვიყენებთ მხოლოდ ისეთ ქსოვილებს, რომელიც ძაღლებს კანს არ გაუღიზიანებს. ვცდილობთ, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტი შევქმნათ.

თეონა: მნიშვნელოვანია ნაჭრის ხარისხი, ასევე, სამაგრების შერჩევა: ღილების, თასმების, ფხრიწების დამაგრების წესები არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა, რომ ძაღლი ტანსაცმელმა არ შეაწუხოს. M: სამოსის ზომები როგორ უნდა შეირჩეს?
მიშა:
სტანდარტული ზომები არსებობს, სხვადასხვა ჯიშისა და ძაღლის ასაკის მიხედვით, მაგრამ ქართველი მურიები ხშირად თავის ასაკთან შედარებით, უფრო მსუქნები არიან, ასეთ შემთხვევაში, ზომებს ვთხოვთ დამკვეთს. ზომებს ვითხოვთ ლეკვების შემთხვევაშიც.

ირაკლი კაკაბაძე

M: სად და როგორ შეიძლება თქვენი ნაწარმის შეძენა და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ირაკლი: ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გვაქვს. შეგიძლიათ, მოგვწეროთ პირდაპირ ჩვენს ფეისბუკგვერდზე, ან მითითებულ ნომერსა და ელ-ფოსტაზე და ისე მოგვცეთ შეკვეთა. „მურიაში“ ფასები ხელმისაწვდომია და გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე ხარისხიანი ტანსაცმლის გამოწერა უცხოური საიტებიდან, ამას გარდა, გამოწერას დრო უნდა და 10 დღე ან ორი კვირა მაინც უნდა ელოდო.

ნუცა გუჩაშვილი

M: რამდენ ხანში მზადდება თქვენთან შეკვეთა?
ნუცა: როცა კლიენტი რამე კონკრეტულს ითხოვს, ვთქვათ, ფოტოს გვიგზავნის და ამბობს, რომ ზუსტად ასეთი უნდა, ვთავაზობთ ჩვენს ვერსიას. მურიას ყველა მოდელი ორიგინალურია და ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ მხოლოდ ასეთ ტანსაცმელს ვკერავთ. თუ რომელიმე მოდელის ზომა არ გვაქვს, ვიღებთ შეკვეთებს და სირთულის მიხედვით, საშუალოდ, 3-დან 5 დღემდე, ვამზადებთ ტანსაცმელს.

M: რას სთავაზობთ მომხმარებლებს, საერთო ჯამში?
თეონა: მომხმარებელს პირველ ქართულ ბრენდს ვთავაზობთ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, შექმნას კომფორტული და ლამაზი აქსესუარები, ტანსაცმელი და ავეჯი ოთხფეხა მეგობრებისთვის. მურიას მომხმარებლები ზოგავენ დროსა და თანხას, მათი მურიები კი ლამაზად გამოიყურებიან და თავს ბედნიერად გრძნობენ. გვაქვს, ასევე, მიტანის უფასო სერვისი.
ნუცა გუჩაშვილიM: როგორია მომხმარებელთა სტატისტიკა, გაამართლა სტარტაპმა?
ირაკლი: ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, აზუსტებენ რაღაც საკითხებს, რამდენიმე შეკვეთაც მივიღეთ. ჯერ სტარტაპი ახალი დაწყებულია: ორი კვირაც არ გასულა, რაც ფეისბუკგვერდი გავაკეთეთ და საკმაოდ დიდი გამოხმაურება გვაქვს. იმედია, უკეთ წავა საქმე და „მურია“ წარმატებას მიაღწევს.

M: უახლოეს მომავალში, რა გეგმები გაქვთ, რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას?
მიშა: ვგეგმავთ ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტის დამატებას. შეიქმნება როგორც სეზონური, ასევე სადღესასწაულო ტანსაცმელი და აქსესუარები. ახლა ზაფხულის კოლექციისთვის ვმუშაობთ, ვკერავთ ქუდებს, პირსახოცებს, ჩანთებს, ყველაფერს, რაც მურიებს არდადეგებზე გამოადგებათ. ზაფხულსა და შემოდგომაზე ზამთრის კოლექციას შევკერავთ, რომელსაც „ჯეკაია“ ერქმევა. სამომავლოდ, ვაპირებთ, დავგეგმოთ და განვახორციელოთ ბევრი საინტერესო და სახალისო პროექტი, რომლის შესახებაც მურიების მოყვარულები ჩვენს ფეიჯზე შეიტყობენ.

Garage 48 თბილისშია! 48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის

Neat Knit – ეკოლოგიურად სუფთა თოჯინები – ორი ქართველი სტუდენტის სტარტაპი