in

რეკლამების შეგროვების ბავშვური ჰობიდან მარკეტერობამდე – მურთაზ ფუტკარაძის ამბავი

ბავშვობაში როგორ ერთობოდი-მეთქი, ვკითხე. რეკლამებს ვაგროვებდიო, მიპასუხა. თურმე, YouTube-ზე საკუთარი „ფლეილისტი“ ჰქონია, სადაც საინტერესო რეკლამებს ინახავდა. სწორედ ეს ჩვეულება იქცა ბიძგად „დიდობაში“, როდესაც თავისი პროფესია მარკეტინგს დაუკავშირა. მთლიანობაშიც, რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს, მურთაზ ფუტკარაძის საქმიანობა ყოველთვის ბავშვობისდროინდელ ინტერესებს უკავშირდება – ხან არქიტექტურას, ხან ავტომობილებს. ამიტომაც ამბობს, რომ მარკეტინგის გარდა, სხვა საქმეს ხელს არ მოკიდებდა, რადგან აკეთებს იმას, რითაც უფასოდ ისედაც დაკავდებოდა. ყველაზე მეტად მოსწონს ადამიანებისთვის ღირებულების შექმნა, რის საშუალებასაც მარკეტერის პროფესია აძლევს. არც მარცხზე ერიდება საუბარს – წლების განმავლობაში, როგორ ვერ ახერხებდა სასურველ კომპანიებში სამსახურის პოვნას და რა ისწავლა აქედან. რამდენიმე თვის წინ,  MY.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციიდან თიბისი დაზღვევის მარკეტინგში გადაინაცვლა და სრულიად განსხვავებული ინდუსტრიების მიუხედავად, თავისი ჰობის შესაბამის საქმეს მაინც პოულობს.

მურთაზ ფუტკარაძესთან საუბრისას ყველაზე ხშირად ჟღერდა სიტყვა „პასუხისმგებლობა“. ეს სიტყვა მის ცნობიერებაში ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა. დღესაც თვლის, რომ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე 100%-იანი პასუხისმგებლობა გვაქცევს ზრდასრულ ჩამოყალიბებულ ადამიანად. სწორედ ის აღვივებს ჩვენდამი ნდობას და საკუთარი ცხოვრების შემოქმედად გვაქცევს.

M: როგორც ახსენე, ბავშვობიდან პასუხისმგებლიანი ვიყავიო, ვინ ან რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს ასეთად ჩამოყალიბებაზე?

ბაბუას ხელში ვარ გაზრდილი. ის სამაგალითო იყო ჩემთვის – თანასწორად ექცეოდა ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკის, სქესის და ა.შ. 17 წლის იყო, სახლიდან რომ წავიდა, ისწავლა და ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა. როდესაც ამაზე მიყვებოდა ვფიქრობდი, მეც ასეთი უნდა ვყოფილიყავი. ბაბუაჩემთან ერთად, სხვა უფროსი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი და აქედან წამოვიდა აზრი, რომ ყველა ჩემს ქმედებაზე მე უნდა ამეღო პასუხისმგებლობა.

ბავშვობა ბათუმში გავატარე. ძალიან კარგად ვსწავლობდი. დამოუკიდებელი ვიყავი. ჩემი მშობლები გაკვეთილებს არ იბარებდნენ, მენდობოდნენ და არ მინდოდა მშობელთა კრებაზე რომ მოსულიყვნენ, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის. ახლა რასაც ვაკეთებ დაახლოებით იგივე რაღაცებს ვაკეთებდი ბავშვობაში, სულ მახსოვს, რომ ორი რაღაც მინდოდა. ერთი, არქტიტექორობა და მეორე – მარკეტინგი.

დედაჩემიც, არასოდეს მიზღუდავდა თავისუფლებას. მეუბნებოდა: შენ გადაწყვიტე, მაგრამ რაც მოხდება, ეგეც შენი პასუხისმგებლობააო.

M: პირველი სამსახური 17 წლისამ როგორ დაიწყე?

ბათუმში ძალიან ბევრი მშენებლობა იყო მაგ პერიოდში. უნდა შემოგევლო, აღგერიცხა ეს მშენებლობები, საკონტაქტოების გამორთმევა და ბაზრის კვლევა, რამდენად შეიძლებოდა ამ მიმართულებით საკუთარი მასალების შემოტანა. უცხო ენებიც ვიცოდი – ინგლისური, რუსული, ცოტა თურქულიც.

ყველაზე მეტად მაინც მოტივაცია დამეხმარა. თვალში ნაპერწკალი რომ აქვთ ხოლმე, ასეთი ვიყავი. მეტყობოდა მონდომება და სურვილი. შეიძლება ტექნიკურად არ გქონდეს უნარები, მაგრამ ჩემი აზრით, ამით არ ფასდება ადამიანი. მთავარი სურვილი და მოტივაციაა, რომ რაღაც გააკეთოს. შეიძლება დღეს ეს კონკრეტული რაღაც არ ვიცოდე, მაგრამ ამ მზად ვიყო მიზნამდე ნაბიჯების გადასადგმელად.

M: თუმცა, ისეც მომხდარა, რომ შენთვის საინტერესო კომპანიებს სამსახურზე უარი უთქვამთ. რა გასწავლა ამ გამოცდილებამ? 

სხვათა შორის, დაახლოებით ოთხი წლის წინ, თიბისი დაზღვევამაც მითხრა უარი. ახლაც ვფიქრობ, რომ სხვა რაღაცებმა უფრო მეტი გავლენა მოახდინა, ვიდრე იმან, პროფესიულად რა უნარები მაქვს. იმ დროისთვის დიდ ბრენდში მინდოდა მუშაობა, მაგრამ შემდეგ რომ დავფიქრდი, არ მქონდა კარგად გააზრებული, რა იყო თიბისი დაზღვევა, როგორ ადამიანებს ეძებდნენ, შემდეგ მივხვდი, სანამ სადმე მიხვალ, კარგად უნდა შეისწავლო და გაიაზრო, ვის ეძებენ, როგორ ადამიანს. იმ დროს, მგონი ისიც არ ვიცოდი კარგად, ბრენდ მენეჯერი რას ნიშნავდა. იმ პერიოდში, დაზღვევაში ვმუშაობდი და მეგონა, სფეროს ვიცნობდი, მაგრამ რეალურად მაინც არ ვიცოდი, კარგად კეთება რა იყო. გასაუბრებაზეც არ ვიყავი თავდაჯერებული, საერთოდ არ მქონდა გააზრებული, სად მივედი. ერთია, რომ გამოუცდელი ხარ და მეორეა, როცა ვერ ამტკიცებ, რამდენად გინდა რაღაცის მიღება. გამიმართლა – მაშინ რომ ავეყვანე, ალბათ სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება.

პროფესიული უნარების გამომუშავების სწავლა შეიძლება, ღირებულებების გამომუშავებაა რთული. მივხვდი, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ალბათ იმ „მეს“ არც მე ავიყვანდი. სხვა შემთხვევებიც. ჯეოსელში სტაჟირებაზე არ ამიყვანეს, არც ლივინგსტონში, TBC-ში ორჯერ არ ამიყვანეს სტაჟირებაზე…

იმდენჯერ ყოფილა, რომ სადღაც არ ავუყვანივარ. რა უნდა გააკეთო? შენ არ ხარ სტატიკური ადამიანი. სულ იზრდები და ვითარდები. 3-4 წლის წინ რაღაც უნარები თუ არ გქონდა, არ ნიშნავს, რომ დღესაც ასე უნდა იყო. სწრაფად უნდა განვითარდე, იმიტომ, რომ სამყარო სწრაფად მუშაობს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამართლებას და სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედრას – ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ სულ მოძრობაში და განვითარებაში უნდა იყო. ასეთი მომენტები გვასწავლის, რომ რამდენჯერაც არ აგიყვანეს, თუკი იმდენჯერ გააკეთებ დასკვნებს, ბევრად უფრო მზად იქნები შემდეგ.

M: რა შეცვალა შენთვის MY.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელობამ და რა შეცვალე, გუნდთან ერთად, – MY.ge-ისთვის?

MY.ge-ში რეკრუტერის დახმარებით აღმოვჩნდი. იმ დროისთვის, MY.ge-ის პროდუქტების ძალიან კარგი აღქმა არსებობდა, უამრავი ადამიანი სარგებლობდა მისი პლატფორმებით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის მომხმარებლების 99%-მა იცოდა MyAuto-ს არსებობა. 90%+ იყო My Market-ის ცნობადობა და მაგაზე უფრო მაგარია, რომ 92%-ზე მეტ შემთხვევაში, მანქანა შეიძინეს ან გაყიდეს სწორედ Myauto-ს დახმარებით. კიდევ აღმოჩნდა, ყოველთვიურად 2,200,000 უნიკალური მომხმარებელი შემოდიოდა ჩვენს რომელიმე პლატფორმაზე. თუმცა, არ არსებობდა ბრენდის აღქმა. რაც არ უნდა ბევრი ადამიანი იყენებდეს შენს პროდუქტს, განვითარებისთვის გჭირდება, რომ ბრენდის მიმართ რაღაც განწყობები არსებობდეს.

სწორება სანდოობის მოპოვებაზე ავიღეთ. მაშინდელი მენეჯმენტის დარწმუნება დაგვჭირდა, რომ ბაზარს ჩვენ ვაყალიბებდით და არა ვინმე სხვა. რეალური ლიდერობა ის არის, როცა მხოლოდ შენი ლიდერობა კი არ არის მთავარი თემა, არამედ სხვებსაც ეხმარები განვითარებაში. My Startup-ის კომერციული წილი ჩვენთვის ძალიან ცოტა იყო, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან შეცვალა ბრენდის აღქმა. მომხმარებელთან დიალოგში შევედით, აქტიურად ვაწყობდით შეხვედრებს, მომხმარებლებს ის ადამიანებიც კი გავაცანით, ვინც უშუალოდ წერდა კოდს. იდეის ძალიან გვჯეროდა, ის, რომ ადამიანების ყოველდღიურობას ვამარტივებთ.

M: „უნისონში“ შენი პირველი სამსახურის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, შემდეგ იყო „პალიტრა“, „აქსისი“… როგორ დაუკავშირე ეს საქმეები შენს ბავშვობისდროინდელ ინტერესებს?

ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე ჩემი სამსახურებიდან. მაგალითად, „პალიტრასგან“, სადაც Hotsale-სა და Allwine.ge-ს პროექტებზე ვმუშაობდი, წამოვიღე ის, რომ ღვინოებში გავერკვიე და გარკვეულ ცოდნის დონეზე ავიყვანე.

ბავშვობიდან მიყვარდა ავტომობილები და არქიტექტურა. „აქსისში“ მუშაობის შემდეგ, დღემდე არქიტექტურას, ლანდშაფტის დიზაინს და ამ ყველაფერს უბრალოდ ინტერესის კი არა, დეველოპმენტის კუთხიდან ვაკვირდები. ჰობივით მაქვს და Youtube არხებს ვადევნებ ხოლმე თვალს. MY-ში, სადაც მანქანების თემააცაა აქტუალური, ფორმულას ყურება დავიწყე, იმ წრეში გავერიე, სადაც ავტოინდუსტრიის ინფლუენსერები იყრიან თავს. აქედან გამომდინარე, სამსახურეობრივი ცხოვრება ჩემს ინტერესებს და გატაცებებს ძალიან კარგად მოერგო. ახლაც, თიბისი დაზღვევაში, ავტომობილების სფერო ამ საქმის ნაწილია.

M: დღეს, უკვე თიბისი დაზღვევის მარკეტინგის ხელმძღვანელის გამოცდილებით, როგორ ხედავ მარკეტერის როლს?

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რასაც ძალიან ვაფასებ ისაა, რომ ყოველი იდეა, კამპანია, პირველ რიგში, შიდა კომუნიკაციისთვის კეთდება. ჩემთვის, თიბისი დაზღვევა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტრესო ბრენდია, სადაც შეიძლება მარკეტერს უნდოდეს მუშაობა. სულ რომ ცალკე გადავდოთ კომუნიკაცია და ბრენდის განვითარება, მაგალითად, მენტალური ჯანმრთელობის თემა განსაკუთრებულ კომერციულ შედეგზე არაა ორიენტირებული, მაგრამ ჩვენ გვჯერა იდეის და იმის, რომ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თიბისი დაზღვევის ყველა კამპანია, პირველ რიგში, არის შიდა კომუნიკაციის საგანია, ანუ შეცდომების თემა იყო, რომ პროფესიული ზრდის და განვითარების მომენტში შეცდომები მოსულა. „კაის თქმა მოსულა“ იყო, რომ ერთმანეთისთვის კარგის თქმა მოსულა, კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ და დავაფასოთ.

ასეთი მომენტები ძალიან დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ საკუთარ ბრენდზე, არამედ მთლიანი ინდუსტრია იცვლება. მიზანიც ხომ სწორედ ესაა, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხზე იქონიო გავლენა. ყველა კამპანიის გამყარება შიდა კომუნიკაციით ხდება. აი, მაგალითად, კამპანია „ყველაზე სწრაფი ავტოდაზღვევასთან“ დაკავშირებით, შიდა კომუნიკაციისთვის, ჩემპიონატი მოვაწყეთ ავტორბოლაში. ჩემპიონატის პრინციპი გუნდური იყო. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 5-6 კაციანი გუნდები. გუნდიდან ამ 6 ადამიანის ყველაზე სწრაფი წრეების ჯამი ითვლებოდა, ანუ გუნდური დრო ფიქსირდებოდა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ადამიანები ინდივიდუალურად კი არ არიან სწრაფები, არამედ – ერთად.

M: რას ნიშნავს შენთვის ეს საქმე, პროფესია, რითაც შენს კარიერულ გზას მიჰყვები?

ძალიან ეგოცენტრული ადამიანი ვარ, მინდა, რომ რაღაცები ჩემ გარშემო ტრიალებდეს. ჯერ ვერ ვიტყვი, რომ რამე გავაკეთე, მაგრამ მგონია, რომ მაგ გზას ვადგავარ, ანუ თუ შენი ყოფნით არაფერი არ შეცვალე, ეგეთი თემა ჩემთვის საინტერესო არ არის. მახსოვს პირველი „სფოთლაითი“ რომ იყო, ვფიქრობდი, რა მაგარია, მეც მინდა, რომ ამ ადამიანებთან ვიმეგობრო. ახლა ძალიან მიხარია, რომ მათთან მეგობრობა შემიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გაქვს უნარი გაქვს პროფესიულად აკეთებ რაღაცებს, რაც ახდენს გავლენას, ინდუსტრიაზე, კომპანიაზე, ადამიანებზე… მგონია, რომ ყველა ვცდილობთ, რომ უკეთესი სამყარო დავტოვოთ, ვიდრე ჩვენამდე იყო.

მე მგონია, რომ უკვე ყველა ვქმნით „იუზერ იქსფერიენსს“. რაღაც მომენტში მგონია, რომ მარკეტერები და სააგენტოები ვცდილობთ ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რაც სხვა მარკეტერებს და სხვა სააგენტოებს მოეწონებათ. შეიძლება რომელიღაც კომპანიამ ვერ მოიგოს ფესტივალი, მაგრამ მომხმარებელს პრობლემას უჭრიდეს, უუმჯობესებდეს ცხოვრებას, ან ვიღაცას შთააგონებდეს. მენტალური ჯანმრთელობით ვერცერთ ფესტივალს ვერ მოიგებ, მაგრამ მომხმარებელს ეგ უფრო სჭირდება, ვიდრე რაღაც მოდური გზავნილი. თანამედროვე ყოველდღიურობაა, რომ ადამიანი არის ცენტრში და იმის გარშემო უნდა შექმნა ეკოსისტემა და არა პირიქით.

M: რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ მიღწევად?

ყველაზე მეტად იყო MY ჯგუფში რასაც ვაკეთებდით. მაშინ აღქმა გაჩნდა, რომ ესენი უბრალოდ საიტები კი არ არის, დიდ გავლენას ახდენენ საქართველოში ადამიანების ყოველდღუირობაზე. ეგ ბრენდის აღქმა რომ გაჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის. ასევე საინტერესო გამოცდილება იყო შიდა ტურიზმის კამპანიებს რომ ვაკეთებდით, MyHome და MyTravel-ის ფარგლებში, ის, რომ საქართველოში იმდენი საინტერესო ადგილია, რომ ერთ დღეში შეგიძლია 5 სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მოხვდე. My Market-ის მიმართ გაჩნდა აღქმა, რომ მხოლოდ მეორადი პროდუქტები კი არ არის, ძალიან ბევრი კარგი რამის აღმოჩენა შეიძლება.

პრინციპში ეს ecommerce პლატფორმები 3-4 წლის წინ არ ფიქრობდნენ არც ბრენდის განვითარებაზე, არც ინვესტიციის ჩადებაზე მარკეტინგში. დღეს ძალიან დიდ რესურსს დებენ მაგ მიმართულებით და ვფიქრობ, ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე.

M: თუ გახსენდება გარდამტეხი აზრი/მოვლენა, რამაც შენზე გავლენა მოახდინა?

ცურვა ისე ვისწავლე, რომ უბრალოდ ღრმა წყალში შემიყვანეს, გადამაგდეს და ეგ იყო. პროფესიაშიც ასეა, სადღაც მოვხვდები და მერე ვცდილობ რაღაცის გაკეთებას, ანუ შეიძლება მზად არ იყო და პროცესში ისწავლო ყველაფერი.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო აღმოჩენა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა კარგია – შეგიძლია წახვიდე მარტო კაფეში და აბსოლუტურად ბედნიერი იყო. ახლა მოტოციკლით მივდივარ ხოლმე მარტო, 4-5 დღით. ის, რომ მარტოს შეგიძლია კომფორტულად იყო საკუთარ თავთან, ძალიან დამეხმარა ბევრ რამეში.

M: მოტოციკლით მოგზაურობა ახსენე. როგორ გეხმარება ეს ახალი ენერგიით შევსებაში?

ყოველდღიურობაში იძირები, როცა სამსახურით მოცული ხარ, ყველაფერზე ახდენს გავლენას. სამსახურის მერე თუ ჩემი ტვინი არ ფიქრობს ყოველდღიურ საქმიანობაში რას ვაკეთებ, ე.ი არასწორ ადგილას ვარ და ამის გამო მიმიღია კიდეც გადაწყვეტილება, რომ იქიდან უნდა წამოვიდე. რაღაცებს თუ გინდა, სხვებზე სწრაფად მიაღწიო, 8 საათის მაგივრად 24 უნდა იმუშაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუჩერებლად მუშაობდე, აი, მოტოციკლით სიარულის დროსაც მომიფიქრებია მაგარი რაღაცები, ხან გვიან ღამით დამღვიძებია ნოუთებში ჩამიწერია რაღაც და ძილი გამიგრძელებია. მერე დილით აღმომიჩენია, რაღაც საკითხი რომ მქონდა გადასაწყვეტი – გადავწყვიტე. ვფიქრობ, სამსახურის გარეთ რა ბევრი ჰობიც მაქვს, ეგ ყველაფერი პირიქით, სამსახურში მეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადაც ხარ, იმ მომენტით მიიღო სიამოვნება, სამსახურშიც და სამსახურის გარეთაც. რომ ელოდები, რომ შვებულება მოვა და მერე ვიქნები ბედნიერი, ალბათ რაღაცას არასწორს აკეთებ. მე კიდევ გამიმართლა იმაში, რომ პროფესიულად რასაც ვაკეთებ ძალიან მომწონს.

M: როგორ ხედავ, რისი გაკეთება გინდა სამომავლოდ?

დავმოგზაურობ სხვადასხვა ინდუსტრიასა და ადგილებში, ახლა სადაც ვარ, დიდხანს ვაპირებ გაჩერებას, შემდეგში ალბათ, სპორტის მარკეტინგი იქნებოდა საინტერესო, ან ავტო ინდუსტრია. ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ სადაც ხარ, იქაც შეგიძლია აკეთო, რაც მოგწონს. სულ ერთია, რომელ ინდუსტრიაში ვიქნები 5 წლის მერე. მთავარია, უფრო მეტი გავლენა მქონდეს იმაზე, რასაც გავაკეთებ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა სტრატეგიას ირჩევენ ქართული კომპანიები თანამშრომელთა განვითარებისთვის?

სილქროუდ ჯგუფის განცხადება