Პირველი ანაზღაურება მონაცემთა შემგროვებლის პოზიციაზე მივიღე. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისთვის უნდა შემომევლო მშენებარე ობიექტები, აღმეწერა ზომა და იქ მომუშავე საქმეთა მმართველის ან მფლობელის საკონტაქტო მონაცემების მოპოვება მეცადა. სულ 17 წლის ვიყავი და ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ სერიოზულად არ აღმიქვამდნენ. თუმცა, ეს გარემოებაც ძალიან დამეხმარა. პატარა მონდომებული ბავშვი ვიყავი იმათი გადმოსახედიდან და საკონტაქტო მონაცემების გაზიარებაზე უფრო მარტივად მთანხმდებოდნენ.
პროფესიული კუთხით, პირველი სამსახური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე დავიწყე, სადაზღვევო კომპანია უნისონში, სადაც მთელ ადმინისტაციაში ყველაზე პატარა ასაკის ვიყავი. უნივერსიტეტის ლაღი გარემოდან, ერთ დღეში, ფინანსური ინსტიტუტის მკაცრ და ვერტიკალურ ადგილას მოვხვდი. ჩემს მოვალეობებში სხვადასხვა ციფრული კამპანიის წარმოება იყო, მაგრამ გუნდის ცვლილებასთან ერთად, ახალ-ახალი მოვალეობები მემატებოდა, რომელთა შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ მარკეტინგულ ბლოგებზე გამიგია. ასე მომიწია Service +-ის ტრენინგის ჩატარება, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ – უი, ჩემი ბავშვისხელა ხარო – მითხრა და აქ დამემართა სრული აფეთქება. 10 წუთი ვხსნიდი, რა საშინელებაა, როდესაც ადამიანს მხოლოდ ასაკით აფასებენ და გამოუცდელობა არ ნიშნავს, რომ არ ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კომპლიმენტის თქმა სურდა და ძალიან შევირცხვინე თავი.
პირველ „სერიოზულ“ სამსახურში, პრაქტიკულად, თვეებში ვისწავლე კორპორაციულ სამყაროში კომუნიკაციისა და მუშაობის ნორმები, რაც შემდგომში მუდმივად ძალიან მეხმარებოდა.
მთავარი ფაქტორი, რაც კარიერის დასაწყისშიც და ახლაც მეხმარება იმ საქმის სიყვარულია, რასაც ვაკეთებ – ყოველთვის იმაზე მეტის შექმნის სურვილი, რაც შენს სტანდარტულ მოვალეობაშია. ვერ წარმომიდგენია მარკეტერი რომ არ ვყოფილიყავი, რას გავაკეთებდი.
მურთაზ ფუტკარაძე – თიბისი დაზღვევის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.













