in

“საღებავების სურნელი არომატია, რომელსაც დაბადებიდან ვსუნთქავ” – მურთაზ შველიძე


მურთაზ შველიძე 1965 წელს დაბადებული ქართველი შემოქმედია. შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელწერა ძალიან განსხვავებულია – სწორედ ისეთი, ერთი შეხედვით რომ ვიცნობთ და დაგვამახსოვრდება. მისი შემოქმედება, ძირითადად, ყოველდღიური დეტალებისგან (საგნებისგან და შეგრძნებებისგან) შედგება.

გადავწყვიტეთ, მურთაზს მისი შემოქმედების შესახებ უფრო დეტალურად გავსაუბრებოდით:

M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ხელოვანი?

დავიბადე და გავიზარდე მხატვრის ოჯახში, ფაქტობრივად, მხატვრის სახლში.. შესაბამისად, სამეზობლოც მხატვრები იყვნენ. შეიძლება ითქვს, რომ სამხატვრო სახელოსნოში დავიბადე; ხოლო, საღებავების სურნელი არომატია, რომელსაც დაბადებიდან ვსუნთქავ.

M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?

სწავლა განვაგრძე ი.ნიკოლაძის სახ.სამხატვრო სასწავლებელში. 84-92 წლები ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და თეატრალური სცენოგრაფიის ფაკულტეტზე. მახსენდება პედაგოგების (დ.ხახუტაშვილი, გ.თოთიბაძე, ფ.ლაპიაშვილი) უზომო სიყვარული მხატვრის ყოველდღიურობის მიმართ. ბატ.ფარნაოზ ლაპიაშვილის არტისტული რჩევა: “რეზულტატებით იწყებ ნამუშევარსო” – ვფიქრობ ეს “რეზულტატებით დაწყება” სწორად გამოვიყენე თანამედროვე სურათის გაფორმებაში.

M: საიდან მოდის ხოლმე მურთაზ შველიძისთვის შთაგონება?

შთაგონება…. არ ვთვლი თავს შრომისმოყვარე მხატვრად, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს. მაქვს შესვენებები, არ მიყვარს ეს პერიოდი, მაგ დროს ვსუსტდები და დაურწმუნებელი ვხდები. ყველაფერი განწყობის დაბალანსების ბეწვის ხიდზე სიარულს გავს.

M: რომელ მედიუმებში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?

ძირითადად, ფერწერის საშუალებით ვცდილობ, გადმოვცე სათქმელი. მაქვს ასევე ობიექტები (ტელევიზორის ეკრანზე, ტელესკოპზე შესრულებული ფერადი გამოსახულებები ხმოვანი გაფორმებით) ასევე, სერიგრაფიის დიდი სერია, კოლაჟი და მონოტიპიით შესრულებული რამდენიმე ფრაგმენტი.

M: სულ ახლახან გაიხსნა თქვენი გამოფენა Dédicace Gallery – დედიკას გალერეაში – მოგვიყევით მასზეც..

Dédicace Gallery – დედიკას გალერეასთან წლებია, ვთანამშრომლობ – 90-იანი წლების შემდგომი პერიოდი, ფაქტობრივად. ამ გამოფენით ვეცადე, გადმომეცა ის სიჩუმის ხიბლი, რაც კვლევის და გამოძიების პროცესს ახლავს თან. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ერთგვარი დეტექტივია? (არა პოლიციური გაგებით)..


რას შესთავაზებენ ქართულ ბაზარს „სილქნეტი“ და SAS-ი – მსოფლიო ლიდერი მომხმარებლის მონაცემთა ანალიტიკის სფეროში

ქართული სააგენტოების შედეგები White Square-ზე!