14
Feb
2020

რობოტმა ადამიანს მიკროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა

14 Feb 2020

Alta
Alta


ცადეთ და ხელი მხოლოდ ერთი მილიმეტრით გაამოძრავეთ. ამას ვერ შეძლებთ, რადგან ასეთი მილიმეტრული სიზუსტე ადამიანის მოძრაობას არ ახასიათებს და ამიტომაც, ადამიანები ვერ იქნებიან სუპერმიკროქირურგები, თუმცა, ამ ფუნქციას უკვე წარმატებით ასრულებენ რობოტები.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჟურნალ Nature Communications გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბარია რობოტზე, რომელმაც ადამიანზე მიკროოპერაცია ჩაატარა და 0.3-დან 0.8 მილიმეტრამდე დიამეტრის სისხლძარღვების დაკავშირება შეძლო. ეს არის ამოცანა, რომლის წინაშეც მსოფლიოს საუკეთესო ქირურგებიც კი რისკის ქვეშ იმუშავებდნენ.

აღსანიშნავია, რომ რობოტის სახელად MUSA გამოცდისას, მას ზედამხვედველობას ადამიანები უწევდნენ და შეიძლება ითქვას, ის იყო ადამიანი ქირურგის ასისტენტი, ოპერაციის მიმდინარეობისას. რობოტის გააქტიურება ქირურგებმა ფეხის პედლების მეშვეობით შეძლეს, ხოლო რაც შეეხება საოპერაციო აღჭურვილობას, ეს რობოტი ინსტრუმენტებს პინცეტისებური დამჭერიდან აკონტროლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რობოტის მილიმეტრული შესაძლებლობები მხოლოდ ერთ ადამიანზე არ გამოუცდიათ. ეს იყო 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც მკერდის კიბო ჰქონდა. კიბოს გამო ქირურგიული ჩარევის დროს, დაზიანებული ან ამოკვეთილი ლიმფური კვანძების შედეგის – ლიმფედემის აღმოფხვრა მიკროქირურგიული ტექნიკის LVA დახმარებით ხდება. პაციენტთა ჯგუფის ნახევარს ოპერაცია MUSA-მ ჩაუტარა, მეორე ნახევარს კი ადამიანმა ქირურგმა. მართალია, MUSA-ს პაციენტები შედარებით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ, თუმცა, კვლევის მიზანი არა რობოტის სისწრაფის, ან ეფექტურობის ჩვენება, არამედ მისი გამოყენების უსაფრთხოების დადასტურება იყო.

აქამდე, ოპერაციისას რობოტი ასისტენტები გვინახავს. მაგალითად სისტემა DaVinci, თუმცა, ის რაც MUSA-ს მისი წინამორბედებისგან განასხვავებს მიკროოპერაციების ჩატარების უნარია. ეს არის პირველი რობოტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არსებულ მილიმეტრული ზომის პრობლემებს უმკლავდება.

ამ ეტაპზე, MUSA-ს ფასი განსაზღვრული არ არის და ესეც რომ არა, ნაკლებსავარაუდოა ის მალე ვიხილოთ ჩვენს საავადმყოფოებში. თუმცა, უდავოდ, ეს არის შემდეგი ნაბიჯი მედიცინაში, რომელსაც ადამიანები, სხვადასხვა ქირურგიული მიზნებისთვის გამოსადეგი რობოტების შექმნის გზით დგამენ.

განხილვა