დღეს სამყარო სწრაფი ტემპით ვითარდება და ეს ჩვენს სამსახურებრივ ცხოვრებაზეც აისახება. მართალია, ადამიანებს საკუთარ შესაძლებლობებზე მეტის კეთებისკენ კვლავ უბიძგებენ, მაგრამ შედეგად მხოლოდ დასტრესილ და გამოფიტულ თანამშრომლებს იღებენ…
ხოლო კულტურაში, რომელიც შრომისმოყვარეობასა და პროდუქტიულობას აფასებს, ორმხრივად მომგებიანი შედეგი გვაქვს. დაკავებულობა ჩვენს მნიშვნელობას ზრდის და იგი დამოკიდებულებადაც კი შეიძლება იქცეს — დამნაშავედ ვგრძნობთ თავს, როცა ბევრ რამეს არ ვაკეთებთ სამსახურში ან შაბათ-კვირას… თუმცა ეს რეალურად საზიანოა იმისათვის, რისი მიღწევაც გსურთ და აქაც სტრესი იჩენს თავს.
თქვენი ტვინი უკეთ იმუშავებს და მეტად პროდუქტიულიც იქნება, თუ არსებულ მიდგომებს შეცვლით. დიახ, უნდა ვიყოთ ბედნიერები და დასვენებულები, რათა ჩვენთვისვე საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. შემდგომი ტექნიკები კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ:
შექმენით 15%-იანი ბუფერი
წარმოებაში კომპანიები ნაკლებად მუშაობენ 100%-ით, ოპტიმალურ ვარიანტად კი 85% მიიჩნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ 15% დარჩენილია ბუფერებისთვის ისეთი შეფერხებების წინააღმდეგ, როგორებიცაა აღჭურვილობის პრობლემები ან რესურსების ნაკლებობა… იგივე შეიძლება ითქვას თქვენი და თქვენი ტვინის შემთხვევაშიც. 85%-ით უნდა იმუშაოთ და სრული ენერგია, მთლიანად 100% არ გამოიყენოთ. ასე, თქვენს რესურსებსა და მენტალურ სისტემასაც დაზოგავთ.
რჩევა: შექმენით 15%-იანი ბუფერი — 8-საათიანი დღიდან 1.2 საათი ამოიღეთ. ეს 7-დღიანი კვირიდან 1 დღეც გამოვა. დაუთმეთ იგი კითხვას, დასვენებას… გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მსგავსად, დამატებით ძალასაც შეიძენთ.
დააკვირდით თქვენს სხეულს და არა — საათს
შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი მოთმინება სამუშაო დღის მატებასთან ერთად იკლებს და თითქმის სულ აღარ შეგიძლიათ შეხვედრებზე დასწრება? როცა გამოფიტული ხართ, ძალიან პატარა რაღაცებმაც კი შეიძლება შეგაწუხოთ. ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო მდგომარეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ან პროდუქტიული საუბრების წამოსაწყებად…
უმეტესობისთვის ყველაზე პროდუქტიული მონაკვეთი დილაა, შესაბამისად, დიდი გადაწყვეტილებები, რომლებიც ყურადღებასა და ფოკუსირებას მოითხოვს, სწორედ დილით მიიღება. რაც შეეხება განმეორებით ამოცანებს, მათ უფრო მეტად შუადღეს ვაკეთებთ, მაგალითად ელ.ფოსტას მაშინ ვგზავნით, როცა ჩვენივე კოგნიტიური ტვირთი დაბალია.
რჩევა: წინა ღამით რაღაცების კეთებით თქვენი დილა „გაზარდეთ“. დღის დასრულებამდე ის 2 ან 3 დავალება დაგეგმეთ, რომლის გაკეთებაც გსურთ. მოერიდეთ ელ.ფოსტების გახსნას დილით და დაიცავით თქვენთვის ყველაზე ღირებული დრო.
მოაწყვეთ 25-წუთიანი შეხვედრები
შეხვედრები აუცილებელია, მაგრამ ხშირად 60 წუთს ვხარჯავთ ამაში, საიდანაც სულ მცირე 35 წუთი სხვების ლოდინს, ტექნიკური საკითხების გასწორებას ან საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას ეთმობა. 25-წუთიანი შეხვედრები კი ქმნის სიცხადეს, თუ რა არის მნიშვნელოვანი, ამ დროს მეტად ვფოკუსირდებით და ვხდებით, რისი გაკეთება გვჭირდება. ეს ავტომატურად გვაიძულებს, ვიფიქროთ მხოლოდ 2 ან 3 საკითხზე შეხვედრის დროს და შესაბამისადაც ვიმოქმედოთ.
რჩევა: 60-წუთიანი შეხვედრები 25-ამდე შეამცირეთ, ყოველთვის უთხარით თანამშრომლებს, რა არის შეხვედრის მიზანი… უთხარით, რომ ამისთვის მხოლოდ 25 წუთს გამოყოფთ და აუხსენით, რატომ უნდა მოვიდნენ.
გაამარტივეთ თქვენი სისტემები
როცა რაღაც პრობლემა იქმნება, ინსტინქტურად ვართულებთ და არა, პირიქით. დამატებით შეხვედრებს ვაწყობთ, გუნდს ბევრი გადაწყვეტილების მიღების წინაშე ვაყენებთ. ადრე ვიწყებთ სამუშაო დღეს და გვიან ვამთავრებთ… აქ კი გარკვეული საზღვრების დაწესებაზე უნდა იზრუნოთ და შექმნათ სია, რომელშიც ჩამოწერთ, რა არ უნდა გააკეთოთ — სოციალური მედიის გამოყენება სამუშაო საათებში, მუდმივად ელ.ფოსტების გზავნა, შეხვედრები დილის 10-დან 3 საათამდე ან თუნდაც, გვიანობამდე მუშაობა.
რჩევა: დააკვირდით თქვენს ამჟამინდელ სიას და ამოიღეთ ის აქტივობები, რომლებსაც დაბალი ღირებულება აქვს, ენერგიას გაცლით ან რეალური მიზნებისგან გაშორებთ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში დაგეხმარებათ და გაოცებულიც კი დარჩებით, როცა ნახავთ, ასე, რამდენი დრო დაზოგეთ…