ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მეგობრულ და სანდო ადამიანებს უფრო ხშირად ირჩევენ გუნდებში — ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ უნარებითა და კარგი რეპუტაციით არის ცნობილი.
რადგანაც სანდო და კომპეტენტური ადამიანები ყველაზე მოთხოვნადები არიან, როდესაც საქმე გუნდის მშენებლობას ეხება, კეთილგანწყობა და საიმედოობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპეტენცია. “კვლევის მიხედვით, ადამიანებს ხშირად იმიტომ ირჩევენ, რომ გუნდის წევრები მათთან თავს კომფორტულად გრძნობენ. როგორც ჩანს, დამსაქმებლები მზად არიან, მცირეოდენი მსხვერპლი გაიღონ პროდუქტიულობის მხრივ, რათა პოზიტიური გუნდის გამოცდილება შექმნან” — ამბობს სინტია მაუპინი, ბინგემტონის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.
მაუპინმა და მისმა კოლეგებმა კვლევის ფარგლებში MBA-ს სტუდენტების ჯგუფზე გააკეთეს აქცენტი. სემესტრის დასაწყისში სტუდენტები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ პროექტებსა და დავალებებზე სამუშაოდ. სემესტრის ბოლოს კი გუნდებს სთხოვეს, შეეფასებინათ, რატომ აირჩიეს თითოეული წევრი. “გვინდოდა გაგვეგო, რა გააკეთეს ადამიანებმა ერთგვარი სიგნალის გასაგზავნად, რომ ისინი იქნებიან საუკეთესო კანდიდატები სამუშაოდ” — განმარტა მაუპინმა.
მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ გამოხატავენ სტუდენტები თავიანთ ადამიანურ და სოციალურ კაპიტალს, დავალებების შესრულების უნარს, რამდენად სანდოები და მეგობრულები არიან სხვების მიმართ. შედეგები ორ კატეგორიად გადანაწილდა:
- გამომწვევი ხმა: კომუნიკაცია, რომელიც გამოწვევას უქმნის სტატუს კვოს და ორიენტირებულია ახალ იდეებსა და ეფექტურობაზე.
- მხარდამჭერი ხმა: კომუნიკაცია, რომელიც ამყარებს სოციალურ კავშირებს, აყალიბებს ნდობას და მეგობრულ გუნდურ ერთიანობას.
როგორც ირკვევა, ადამიანები, რომლებიც ორივე ზემოთ ხსენებულს აკმაყოფილებს, ყველაზე მოთხოვნადები არიან გუნდის შექმნის პროცესში. “ყველას მიმართ, ვინც ძალიან ძლიერი იყო თავისი ადამიანური და სოციალური კაპიტალის დემონსტრირებაში, დიდი მოთხოვნა იყო. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ, რამდენად სანდოები და კარგები არიან საქმეში”. თუმცა ამის პარალელურად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ მხარდამჭერი ხმის საშუალებით აჩვენებდნენ სოციალურ კაპიტალს, უფრო მოთხოვნადები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც თავიანთ კომპეტენციას მხოლოდ გამომწვევი ხმის გამოყენებით გამოხატავდნენ.
ცხადია, ამ შედეგებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერ კომპანიაში. თანამშრომლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, დიდ და წარმატებულ გუნდებს შეუერთდნენ, პირველი მარტივი ნაბიჯი კოლეგების გაცნობა და მათთან დაახლოებაა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაცემები Covid-19-ის პანდემიამდე შეგროვდა, დასკვნები ახლა უფრო აქტუალურია, როდესაც ბევრი ორგანიზაცია იყენებს სრულად დისტანციურ ან ჰიბრიდულ სამუშაოს. “პირადი კომუნიკაციის გარეშე ადამიანებს ნაკლები დრო ექნებათ გადაწყვეტილების მისაღებად და კოლეგების შესაფასებლად. ამიტომაც, აუცილებელია როგორც კონსტრუქციული, ისე დამხმარე გზებით საუბარი, რათა აშკარა გახადოთ თქვენი ადამიანური და სოციალური კაპიტალის სიგნალები, როდესაც ვირტუალურად მუშაობთ ადამიანებთან” — აღნიშნა მაუპინმა.