ყოველწლიურად Milan Design Week მსოფლიო მასშტაბით არტისტებს ერთ სივრცეში უყრის თავს და შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე ხელოვნების სამყაროში იმოგზაურონ – გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტრენდებს, ინოვაციურ იდეებს, აღმოაჩინონ საინტერესო დიზაინერები და იპოვონ ახალი ინსპირაცია. ფილიპ მორის საქართველოს მხარდაჭერით კი, წელს გამორჩეული ქართველი ქუჩის არტისტი, მუსია ქებურია ამ მოგზაურობის ნაწილი გახდა.
მუსია გეგმავს, მილანის კვირეულზე მიღებული გამოცდილება საკუთარ ინოვაციურ და დასამახსოვრებელ დიზაინებში ასახოს და მსოფლიოს წამყვანი არტისტებისა თუ დიზაინერებისგან მიღებული ინსპირაცია საკუთარ ნამუშევრებში გააცოცხლოს.
ღონისძიების ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ კი ის თავად გვესაუბრება.
Milan Design Week-ის ფარგლებში მიღებული გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ – რომელი გამოფენა ან ინსტალაცია აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?
ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ალბათ, ინსტალაციებიდან ყველაზე მეტად ლავაცას გამოფენას გამოვყოფდი, რადგან ის ისეთ ელემენტებს აერთიანებდა, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და გამორჩეულად საყვარელია: ყავა, ბუნება, წყლის ენერგეტიკა და, რა თქმა უნდა, სილამაზე სიმარტივეში.
ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ ინსტალაცია, ეს იყო ჩუმი მანიფესტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ცალკეულმა, მარტივმა ელემენტებმა ერთიანობაში რაღაც ძალიან ღრმა, ცოტა ველურიც, გამოაღვიძოს და აღძრას ჩვენში.
აღმოაჩინეთ თუ არა ახალი დიზაინერები ან ბრენდები, რომლებმაც თქვენი ყურადღება მიიპყრეს და ახალი ინსპირაციის წყაროდ იქცნენ?
Milan Design Week ახალი, ინოვაციური და შთამბეჭდავი არტისტების აღმოჩენის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ბევრი განსხვავებული დიზაინი, ფორმები, ფერები თუ ტექსტურები – რომლებიც, ვფიქრობ, ჩემს ქვეცნობიერში რაღაც თვალსაზრისით აუცილებლად დაილექება, შემდეგ გაიფილტრება და ახალი, საინტერესო სახით აღმოცენდება ჩემს ნამუშევრებსა თუ იდეებში. ამასთან, ის ვიზუალური და ემოციური შთაბეჭდილება, რაც ამ კვირეულის განმავლობაში მივიღე, საკმაოდ დიდხანს გამყვება, რაც ჩემს მომავალ ნამუშევრებშიც აისახება.
თქვენი აზრით, რა გამოარჩევდა წლევანდელ ღონისძიებას?
წლევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სრულყოფილება სწორედ სიმარტივეში იმალება.
ხშირად დიზაინერები ცდილობენ, ნაკლებით თქვან მეტი. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილ ბევრ ნამუშევარში გამოყენებული იყო ბუნებრივი, ეკომეგობრული მასალები. მაგალითად, არტისტები იყენებდნენ გადამუშავებულ პლასტმასას, ხის ბიოტექსტურებსა და ქვას. ასევე, ნამუშევრებში მრავლად შეხვდებოდით ტექნოლოგიისა და ხელოვნების სინთეზს, რაც, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა – იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დიზაინში, ინტერაქციული ობიექტების შექმნა, რომლებიც ადამიანის მოძრაობასა თუ ხმაზე რეაგირებენ თუ სხვა. იყო საინტერესო ექსპერიმენტები ფორმებთან, ფერებთან, განათებასთან.
საერთო ჯამში, ჩემი დაკვირვებით, ნამუშევრების მთავარი ხაზი ბუნებასთან უფრო მეტად დაახლოებისა და ბუნების ყოველდღიურ რეალობაში შემოტანის სურვილი იყო, რომელიც მეტად თავისუფალ მიდგომებს ეფუძნებოდა – იყო დახვეწილი, მაგრამ არასტანდარტული და თვითგამოხატვაზე ორიენტირებული.
ინტერაქციული ელემენტები ახსენეთ. თქვენი შთაბეჭდილებით, როგორია მათი როლი თანამედროვე ხელოვნებაში?
ჩემი აზრით, ინტერაქციული ელემენტების მთელი ხიბლი ისაა, რომ დამთვალიერებელი მაყურებლის როლიდან გამოჰყავს და მთელი პროცესის ნაწილად აქცევს.
მაგალითად, ინსტალაციებისა და სხვა მსგავსი ნამუშევრების მეშვეობით ხელოვნება უბრალოდ აღარ გიყურებს კედლიდან, ის გიახლოვდება, გეხება, გესაუბრება, შემოდის შენთან ინტერაქციაში და vice versa.
ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დამანახა, თუ რამდენად მრავალმხრივი შეიძლება იყოს ხელოვნება და როგორ შეიძლება იქცეს ის დიალოგად — არა მარტო ავტორსა და მაყურებელს შორის, არამედ საკუთარ თავთანაც.
ვიგრძენი, რომ ხელოვნება დღეს ცდილობს უფრო ცოცხალი, თამაშის მსგავსი გახდეს, მეტად შემოვიდეს დამთვალიერებელთან კომუნიკაციაში და იყოს არა მხოლოდ განყენებული, მიუწვდომელი, არამედ გახდეს უფრო ხელშესახები – მოგვცეს შესაძლებლობა, ვიგრძნოთ რაღაც მასთან უშუალო ურთიერთობით, შევცვალოთ მისი ნაწილი და ჩვენც საკუთარი თავი გარკვეულწილად შემოქმედად გვაგრძნობინოს.
Seletti-ს და სხვა მსგავსი ინტერაქციული ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, მომავალში ჩემს პროექტებში მაყურებლისთვის უფრო მეტი სივრცე დავტოვო — ისეთი, სადაც ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ შემფასებლები, არამედ გახდებიან ამ პროცესის თანამგზავრნი, თანამონაწილენი თუ თანაშემოქმედები.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც Milan Design Week-ს პირველად სტუმრობენ
ვფიქრობ, უმჯობესია, წინასწარ ჩაატაროთ პატარა კვლევა და მოინიშნოთ რამდენიმე ლოკაცია, რომლის ნახვაც გსურთ – იქნება ეს ცნობადი ბრენდები თუ სივრცეები, გამორჩეული ინსტალაციები, თუ სხვა. ამაში კი ფესტივალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებული მონაწილეთა სია და პრეზენტაციები დაგეხმარებათ.
თუმცა, ჩემი გამოცდილებით, მთავარი მაგია და ხიბლი წინასწარ დაგეგმილ გზაზე არ იმალება.
ჩემი რჩევა იქნებოდა: მინიმუმ ორი დღე დაუთმოთ უბრალოდ ხეტიალს – იარეთ აპლიკაციისა თუ გეგმის გარეშე, იმ ქუჩებით, რომლებიც თითქოს არაფერს გპირდებიან და, შესაბამისად, თქვენშიც არანაირ წინასწარ მოლოდინს აჩენენ.
სწორედ ასეთი ხეტიალის დროს განსაკუთრებით გაგაკვირვებთ და თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თუნდაც პატარა ლამაზ ეკლესიაში, თუ უბრალოდ ძველ, შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე ეზოსა თუ სახლში წარმოდგენილი გამოფენები. მეც, ჩემი მხრივ, ბევრი საუკეთესო დაკვირვება, დიზაინერი, იდეა თუ ემოცია, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, როცა არაფერს ველოდი და უბრალოდ მივყვებოდი იმპულსს, ინტუიციას, შემეცნების წყურვილს.
ამ დღეებში ხომ თავად მილანი იქცევა ინსტალაციად, კაფეებიდან საგამოფენო ჰოლებამდე, ვიწრო ქუჩებიდან ლოფტურ სივრცეებამდე – ყველაფერი დიზაინის ნაწილი ხდება.
და, რაც მთავარია, არ შეეცადოთ კვირეულის ფარგლებში ყველაფრის ნახვას და მოსწრებას, რადგან ეს მეტ შფოთს და FOMO-ს (Fear of Missing Out) გაგიჩენთ. შეეცადეთ, მეტად კონცენტრირდეთ ემოციების უფრო მეტად შეგრძნებასა და განცდაზე. რადგან დიზაინკვირეული არ არის მხოლოდ ვიზუალური შოუ, ეს არის ემოციური და შეგრძნებითი მოძრაობა სივრცეში, რომელიც ყველაზე მეტად „შემთხვევითობაში“ შეიგრძნობა.
[პარტნიორის კონტენტი]