გიფიქრიათ, რა შეიძლება, კამპანიას განსაკუთრებულს ხდიდეს? საამისოდ საკმაოდ ბევრი კომპონენტი არსებობს, თუმცა, მუსიკა ამ კომპონენტთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. მუსიკა კამპანიას ეხმარება, უკეთესად გადმოსცეს სათქმელი და მაყურებელს შესაბამისი განწყობა შეუქმნას. უფრო ვრცლად კი ამ თემაზე ამ სფეროში კარგად გამოცდილ ადამიანებს, Post Red Audio-ს შემქმნელებს, ბესო კაჭარავასა და ზვიად მღებრიშვილს გავესაუბრეთ:
M: პირველ რიგში, როგორი ფორმატით თანამშრომლობთ კომპანიებთან/სააგენტოებთან?
ბ.კ: ჩვენ, ძირითადად, კინოინდუსტრიაში ვართ და, უმეტესად, სააგენტოები გვთავაზობენ ხოლმე, რომ მათ პროექტზე ვიმუშაოთ, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვთანხმდებით. თუმცა, დასაწყისში, ჩვენც შეგვითავაზებია რამდენჯერმე, რომ მათთან გვეთანამშრომლა.
M: როდის დაიწყეთ ამ საქმის კეთება და დღემდე როგორი შედეგებით მოხვედით?
ბ.კ: კომპანია შეიქმნა 4 წლის წინ და მგონი კარგი შედეგი გვაქვს იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ კარგ სააგენტოსთან ერთად ბევრი კარგი პროექტი გავაკეთეთ. შესაბამისად, კმაყოფილები ვართ.
M: როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს რეკლამისთვის მუსიკის შექმნას?
ბ.კ: მუსიკა რეკლამასა და მარკეტინგში ერთ-ერთი მთავარი შეხების წერტილია, ამიტომ კონკრეტულ კამპანიას ან კონკრეტულ იდეას რომ მოარგო კონკრეტული მუსიკა, გჭირდება, რომ ახლიდან შექმნა ის. ზოგ შემთხვევაში, საკმარისია უკვე გაჰიტებული მუსიკის გამოყენება, ზოგ შემთხვევაში – შეიძლება, მუსიკა პრიორიტეტული საერთოდ არ იყოს, მაგრამ უმეტესად, დიდი კამპანიების ფარგლებში, ყოველთვის საჭიროა რაღაც ახლის შექმნა. ამიტომაც გაჩნდა ამის საჭიროება, დავინახეთ, რომ ეს სფერო არც ისე ორგანიზებული და დალაგებული იყო. მიხვდით, რომ მუსიკის დეპარტამენეტი უნდა გვქონოდა და ეს სერვისი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის.
M: რა უნდა გაითვალისწინოს შემოქმედმა, როცა ამ პროცესში ერთვება? რით იწყებთ მუსიკის კეთებას კონკრეტული კამპანიისთვის?
ზ.მ: მთავარი key point-ები, რითიც მუსიკის კეთებას ვიწყებთ, ისაა, რომ რეჟისორისა და კრეატიული სააგენტოსგან მიღებული ყველა ნოუთი და ყველა რჩევა/ხედვა გავითვალისწინოთ და გავიაზროთ. თავში ძალიან ბევრი თაგი მიჩნდება, რომლებითაც მუსიკა უნდა შევქმნა, შემდეგ კი ვიზუალში ყველა პატარა დეტალსაც ვაკვირდები, რომლებზეც შეიძლება, არავინ არაფერი მითხრას, მაგალითად: ფერებს, მოძრაობის სიჩქარეს, პერსონაჟებს, გარემოს, ამ ყველაფერზე შეიძლება, თვითონაც არ გაამახვილონ ყურადღება. ნელ-ნელა რგოლის ყურებისას უკვე ჩნდება შესაბამისი ენერგეტიკა. უკვე ვგრძნობ, როგორ უნდა დავიწყო. იმ მომენტში, როდესაც ახალი პროექტის რგოლს ვუყურებ, მუსიკა უკვე თავისთავად მესმის.. მისი ტემპი და ინსტრუმენტების ხმა მესმის.. თითქოს ყველა აზრი და ნიუანსი, რაც ამ ვიდეოში დევს, შესაბამის მუსიკას ძერწავს ჩემს თავში. ეს, გარკვეულწილად, გამოცდილების ამბავიც არის, რადგან თავიდან ამ პროცესს ძალიან დიდ დროს ვანდომებდი. სპეციალურად განკუთვნილი დრო მჭირდებოდა, თავისუფალი გარემო, სიჩუმე.. ხელისშემლელი ფაქტორები არ უნდა ყოფილიყო, რაიმეზე არ უნდა მენერვიულა, უნდა გამეხსნა ტვინი და ძალიან ბევრჯერ მეყურებინა. დავკვირვებოდი და ნაწილ-ნაწილ ამომეღო ეს დეტალები. მაგრამ რაც უფრო გადის დრო, ვხვდები, რომ ბევრად მივითარდება საჭირო უნარი და ხანდახან უკვე თავიდანვე მთლიანი ნაწარმოები მესმის. მესმის ხმებში და პოლიფონიაში; ასევე, ზუსტად ვიცი ხოლმე, რა როგორ უნდა მოერგოს ამ რგოლს თავისი ეფექტებით; სხვადასხვა ჟღერადობის გარდაქმნის ფორმაც უკვე წარმომიდგენია ხოლმე.
https://soundcloud.com/pra_music/gurieli
დღეს კარგი და თანამედროვე ჟღერადობის პროდუქტი რომ შემქნა, გჭირდება, რომ რაღაც ახალი ჟღერადობა გქონდეს. თუ ბევრჯერ გაქვს სხვადასხვანაირი რამ გაკეთებული, უკვე წარმოიდგენ სხვადასხვა ხერხითა და კომბინაციით, რანაირი ხმა შეიძლება მიიღო. ვცდილობ, საბოლოო მუსიკა, რომელსაც შევქმნი, იმდენად ერწყმოდეს ვიზუალს, თითქოს ეს მუსიკა უკვე შექმნილი იყო და მე უბრალოდ შევასრულე. აუცილებლად უნდა შეგეძლოს, უარი თქვა მხოლოდ საკუთარი იდეების შესრულებაზე – რამდენადაც არ უნდა ეთანხმებოდე კრეატიულ სააგენტოს, მოუხდება თუ არა მუსიკა ვიზუალს შინაარსიდან გამომდინარე, მაინც უნდა ეცადო მისი იდეების გათვალისწინებას, რათა ზუსტად ის გამოვიდეს, რაც ჩაიფიქრეს. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ვუყურებ ვიზუალს და კრეატიული სააგენტოს აზრი და ჩემი აზრი განსხვავდება. შეიძლება ვფიქრობდე, რომ ისეთი მუსიკა არ მოუხდება, როგორსაც მეუბნებიან, მაგრამ რამდენჯერაც ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა და დავაჯერე ჩემი თავი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტი გამოვიდა. მაგალითად, უთქვამთ – მოდი შექმენი მუსიკა ცოტა ჯაზური და თან თანამედროვე და ელექტრონული ჟღერადობის. ეს შეიძლება, ერთი შეხედვით შეუძლებლად მოგეჩვენოს, რადგან თითქოს ისინი ერთმანეთთან არ გადაიკვეთება, მაგრამ რამდენადაც უფრო არ გადაიკვეთება და რამდენადაც იპოვი იმ გადაკვეთის წერტილს, იმდენად უფრო საინტერესო გამოდის ხოლმე. ამიტომ, ამ გამოწვევებს ყოველთვის ვიღებ ხოლმე, ვხვდები, რომ სწორედ ამაში არის განსაკუთრებულობა და ვცდილობ, ეს პროცესი ყველაფერთან ერთად სასიამოვნო გავხადო. ვცდილობთ, რომ ყოველი რეკლამა იყოს რაღაც ახალი, არ ჰგავდეს წინას, არ მივმართოთ უკვე აპრობირებულ მეთოდს და რაღაც ისეთი შევქმნათ, რითიც გამორჩეული გახდება. საბოლოოდ, ასე იქმნება ახალი პატარა სამყარო.
M: რამდენად საინტერესოა მუსიკის დაწერა რეკლამისთვის? ანუ რა არის ის ძირითადი, საიდანაც ამოდიხართ მისი შექმნისას და ინსპირაცია გეძლევათ?
ზ.მ: ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა შემთხვევა, როდესაც რეკლამა გამორჩეულია – რაღაც ახლის გაკეთებას გვთხოვს სააგენტო და არა უბრალოდ მუსიკის დაწერას. იმ შემთხვევებში, როდესაც სააგენტო ბოლომდე მოგვენდო, მუსიკაში მეტი თავისუფლება მოგვცა და კლიენტი დაიყოლია ამაზე, შეიქმნა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა “ზუმერული ფასები”, “თუ გიჭედავს შეამოწმე” და სხვ. შეიძლება, ერთი შეხედვით გიჟური ჩანდეს იდეა, მაგრამ, ამავდროულად, ბევრად უფრო კარგი შედეგის მომტანი გამოვიდეს და დიდი გამოხმაურება მოჰყვეს მის განხორციელებას. მთავარია მოიფიქრო მუსიკა, შემდგომი პროცესი – ჩაწერა და ეფექტების დადება მარტივია. ახლა ვცდილობ, უფრო მეტი დრო დავხარჯო მოფიქრებაში, ვიდრე ბევრჯერ ვაკეთო სხვადასხვა მუსიკა და ცუდი გამომივიდეს. მაქსიმალურად ვცდილობ, პირველივე ჯერზე გამოვიდეს პროდუქტი ისეთი, რომელიც ნამდვილად მოუხდება კონკრეტულ კამპანიას, ამავდროულად, მოეწონება კლიენტს და მაყურებლისთვისაც სასიამოვნო მოსასმენი იქნება. პირველ რიგში, სწორად უნდა მოვიძიო იდეები. და ეს იდეები მოდის სხვადასხვა ფაქტორიდან: თავიდან შეიძლება შევქმნა სესია, დავაკვირდე ყველაფერს, დავსვა მნიშვნელოვანი წერტილები, სადაც ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც აქცენტები გაკეთდეს და ა.შ. ან შეიძლება, უბრალოდ ოთახიდან გავიდე და სულ სხვა რამ ვაკეთო და ამ პროცესში გონებამ თავისით დაიწყოს იდეაზე ფიქრი. ასეთ დროს კი, როგორც წესი, ყოველთვის კარგი გამოდის პროდუქტი. ხშირად, როცა უბრალოდ ვსხდებით და ფიქრს ვიწყებთ, იდეები არ მოდიან – ისინი მაშინ მოდიან, როცა არ ველით ხოლმე..
https://soundcloud.com/pra_music/zoommer-nomoregifts?in=pra_music/sets/top-10-songs-by-post-red
M: დაახლოებით, რამდენ ხანს უნდებით მუსიკის შექმნას და რა სირთულეებს აწყდებით ასეთ დროს?
ზ.მ: მუსიკის შექმნა ძალიან არაპროგნოზირებადია დროის მხრივ. გააჩნია, როგორი უნდა იყოს ის და კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი. რეკორდული მაჩვენებელი ჩვენთვის ყოფილა (რთული რეკლამის შემთხვევაში) ერთი დღე, მაგრამ დაახლოებით რომ ვთქვათ, სამი დღე ნორმალურია. ზოგადად, ყველაზე მინიმალურ დროს ვიღებთ ხოლმე ორ დღეს და მაქსიმუმ შეიძლება ერთი თვეც კი გაიწელოს. მართალია, დიდი შუალედი დავასახელე, მაგრამ მუსიკის წერის პროცესში ის მთავარი, რითიც მუსიკა ხდება მნიშვნელოვანი, არაპროგნოზირებადია, როდის მიიღებ. როდესაც მუსიკაზე დაყრდნობილ პროექტზე ვმუშაობათ, ანუ თუ უნდათ, შევქმნათ “ჰით სონგი”, ამ შემთხვევაში, მეტი დრო უნდა გაითვალისწინონ სააგენტოებმა.
ჩვენ ვაკეთებთ, როგორც “სქორებს”, ასევე, “ჰით სონგებს”. სქორის შემთხვევაში მუსიკა ვიზუალურად აფორმებს კამპანიას, უბრალოდ შემავსებელია და ამბის თხრობაში ეხმარება. ხოლო თუ მუსიკა “სონგია”, მაშინ ეს არის რგოლის მთავარი ნაწილი და მთელი დანარჩენი ვიზუალი ამაზე ეწყობა, შესაბამისად, უფრო კლიპის ხასიათი ეძლევა კამპანიას.
ჩვენ მოწოდებულ ფლეილისტში ყველა არის სონგი – ყველაზე წარმატებულები, თუმცა მომავალში ვაპირებთ ასევე სქორების ფლეილისთი წარვუდგინოთ საზოგადოებას.
M: და ბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს ამ სფეროში საქმიანობა?
ზ.მ: პირველ რიგში, ვეტყვი იმას, რომ ამ სფეროში მუშაობა ნამდვილად არ არის ადვილი. როცა რაიმე კარგი გამოუვათ, არ უნდა ეგონოთ, რომ უკვე პროფესიონალები არიან, რადგან ამ საქმეში ბევრი მუშაობაა საჭირო. აუცილებელია იცოდნენ, რომ მუსიკას, რომელსაც ქმნიან, არ არის მხოლოდ თავიანთი, მეტიც – ის სხვისი მუსიკაა, ამიტომ პატივი უნდა სცენ ნებისმიერ აზრს, რომელიც სარეკლამოდან და კლიენტიდან მოდის. და კიდევ ერთი რჩევა – რამხელა გამოცდილებაც არ უნდა შეიძინონ, ყოველთვის ეცადონ, რომ ხარისხი არ დააგდონ არასდროს. ეს სფერო მოითხოვს ძალიან დიდ შრომას – ხშირად ღამეების თენებასაც და თუკი რაიმე ღირებულის შექმნა სურთ, მაშინ თავგანწირვისთვისაც მზად უნდა იყვნენ..