in

მუსიკის ონლაინ დისტრიბუცია – რა უნდა ვქნა, ჩემი მუსიკალური ნამუშევრით ფული რომ ვიშოვო?

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართველი მომხმარებელი სათანადოდ ინფორმირებული არაა სტრიმინგ პლატფორმების უპირატესობებისა და მოხმარების სპეციფიკის შესახებ“.

არტისტებისთვის, უფრო ზუსტად, მუსიკოსებისთვის ციფრული დისტრიბუცია სავალდებულო გახდა. პანდემიამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და შეიძლება ითქვას, რომ მათ მსმენელამდე მისასვლელად, ამ ეტაპზე, ერთადერთი გზა დაუტოვა – საკუთარი ნამუშევრების სხვადასხვა ონლაინ სტრიმინგ პლატფორმაზე განთავსება.

ჭკვიანური დისტრიბუცია ინტერნეტ სივრცეში ხილვადობას ზრდის. ასე, თქვენს მუსიკას ბევრი უსმენს, შესაბამისად, შესაძლებელია, ამ პლატფორმებზე თქვენი არსებობით, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს გაჩენაც.

ასე მაგალითად, Statista-ს მონაცემებით, 2015-დან 2020 წლის I კვარტლის ჩათვლით, სტრიმინგ პლატფორმების გამომწერების რაოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით, 76.8 მილიონიდან 400 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინდუსტრია არნახული სიჩქარით ვითარდება.

დღეს, 70-მდე ლეგალური პლატფორმა არსებობს, რომელზეც მუსიკალური ნაწარმოების განთავსება და მონეტიზაციაა შესაძლებელი. ქართველი არტისტების შემოსავლის სტატისტიკის მიხედვით, შემოსავლების 95% სამი პლატფორმიდან მოდის: Youtube, Spotify და Apple Music / iTune. შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ ფონოგრამები, მინიმუმ, ამ სამ პლატფორმაზე განთავსდეს. რაც შეეხება ელექტრონულ მუსიკას, მას თავისი სპეციფიკა აქვს და ამ შემთხვევაში კონტენტის განთავსება, პირველ რიგში, ელექტრონული მუსიკის პლატფორმებზე სჯობს.

სტრიმინგ პლატფორმების უპირატესობებისა და მოხმარების სპეციფიკის შესახებ ჩვენს შეკითხვებს ზუკა ბეჟაშვილი, GMI Rights Management-ის დამფუძნებელი პასუხობს:

M: ზუკა, სანამ რეკომენდაციებზე გადავიდოდეთ, სად სჯობს და როგორ უნდა განვათავსოთ საკუთარი მუსიკალური ნაწარმოები ონლაინ სტრიმინგ რესურსებზე, მანამდე გავარკვიოთ, ახლა რა მდგომარეობაა ადგილობრივი არტისტების მიერ, სტრიმინგ პლატფორმების გამოყენების კუთხით… რა გვაკლია ქართველებს?
საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის პოპულარული ტრადიციული სტრიმინგ პლატფორმები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არტისტების მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მეტიც, ყველაზე დიდი პლატფორმა Spotify საქართველოდან ხელმისაწვდომი არ არის. დისტრიბუციისას, თუ არ ჩავთვლით youtube-არხს, ქართულ ენაზე შესრულებულ სიმღერებს, ძირითადად, ემიგრანტები უსმენენ, რაც არ არის ამ პლატფორმების მასშტაბის გათვალისწინებით დიდი აუდიტორია. საქართველოდან უკვე არის რამდენიმე დიდ პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელი, იქმნება ქართული პლატფორმაც, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ქართველი მომხმარებელი სათანადოდ ინფორმირებული არაა სტრიმინგ პლატფორმების უპირატესობებისა და მოხმარების სპეციფიკის შესახებ. არტისტების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის უპირობო გარანტი იქნება სტრიმინგ პლატფორმების პოპულარიზაცია და განვითარება.

ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არტისტებს არ აქვთ სათანადო ხარისხის ფონოგრამა, რაც შეუძლებელს ხდის მის დისტრიბუციას. მნიშვნელოვანი არის, რომ არტისტებმა შეინახონ საკუთარი ჩანაწერების მაღალი ხარისხის, მინიმუმ, .wav ფაილები. ამაზე ნაკლებ ხარისხს პლატფორმები ფიზიკურად არ თანხმდებიან.

M: და როგორ ფიქრობთ, რა უნდა ვუთხრათ არტისტებს? რისი ცოდნა სჭირდებათ მათ, რომ თავიანთი შემოქმედებიდან შემოსავალი ონლაინ მიიღონ? და საიდან უნდა დაიწყონ ამ პრობლემის გადაჭრა?
ყოველწლიურად, მუსიკალურ ინდუსტრიაში უფრო და უფრო იზრდება ონლაინ მუსიკის მოსმენის ხვედრითი წილი. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა კი, ინტერნეტს ახალი როლი შესძინა და არტისტების შემოსავალში უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახდა.

იმისთვის, რომ არტისტებმა მუსიკით შემოსავლების მიღება ინტერნეტიდან შეძლონ, მნიშვნელოვანია, შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ:

ა) მოძებნეთ საკუთარი ალბომებისა ან/და სინგლების კარგი ხარისხის ჩანაწერი, მინიმუმ, .wav ფაილი (ეს წესი არ ვრცელდება Youtube-ზე);
ბ) ალბომის შემთხვევაში მოამზადეთ ალბომის გარეკანის კარგი ხარისხის ფოტო, ხოლო სინგლის შემთხვევაში – შეარჩიეთ ნებისმიერი ფოტო, რომელიც აიტვირთება სინგლის ფოტოდ. სასურველია, ფოტოს ხარისხი იყოს, მინიმუმ, 3000 x 3000 რეზოლუციის (ეს წესი არ ვრცელდება Youtube-ზე);
გ) წინასწარ მოამზადეთ ალბომის ან/და სინგლის შესახებ დეტალური ინფორმაცია (კერძოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინაა მუსიკის ავტორ(ებ)ი, ტექსტის ავტორ(ებ)ი, ფონოგრამის დამამზადებელი, შემსრულებლები, ფონოგრამის დამზადების წელი და სხვა);
დ) დახარჯეთ დრო ლეიბლების* ან/და აგრეგატორების* მოძიებაში, ასევე მათი წესებისა და პირობების გაცნობაში;
ე) დეტალურად გადაამოწმეთ, რომელ პლატფორმებზე აკეთებს მის მიერ შერჩეული კომპანია დისტრიბუციას და რა ფინანსური პირობის სანაცვლოდ;
ვ) ეცადეთ, შეარჩიოთ ლეიბლი/აგრეგატორი იმ განწყობით, რომ მალე არ შეიცვლით მას, რადგან აგრეგატორის ან/და ლეიბლის შეცვლა, როგორც წესი, მომხმარებლებისა და შეთავაზებული ფლეილისტებიდან ფონოგრამის ამოშლას იწვევს, ხოლო ახალი აგრეგატორის/ლეიბლის დაკონტრაქტების შემთხვევაში, ყველაფრის თავიდან დაწყებას;
ზ) იზრუნეთ Youtube Channel-ის სრულყოფასა და მოწესრიგებაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ციფრული დისტრიბუციის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებული უფლების მფლობელს და თუ ჩვენ ვინმეს დისტრიბუციის უფლებას ვანდობთ, მას განსაკუთრებულ უფლებებსაც ვაძლევთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ პარტნიორის კეთილსინდისიერებასა და შესაძლებლობებში.

Danile Marsula/Post Gazette

M: რომელ პლატფორმებს ურჩევთ არტისტებს, სად სჯობს, განათავსონ თავიანთი ნამუშევრები?
ონლაინ სივრცეში მონეტიზაციისათვის აუცილებელია სწორი ოპერირება. საქართველოში განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამართული Youtube-არხის ქონას, რომელიც ქართველი არტისტებისთვის მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

Youtube არის საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა, ასევე ე.წ. სავიზიტო ბარათის ფუნქციასაც ითავსებს არტისტის წარდგენისას მესამე პირების წინაშე.

Spotify არის სტრიმინგ სერვისის გიგანტი, რომელიც ყველაზე დიდ თანხას აგენერირებს არტისტებისათვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რეიტინგში მეორე Apple Music-ია.

ზოგადად, რაც მეტ პლატფორმაზე იქნება განთავსებული კონტენტი, მით მეტი იქნება მათი შემოსავალი და ცნობადობა. ძირითადად, გარდა ჩამოთვლილი სამეულისა, მნიშვნელოვანია ნაწარმოები განთავსდეს: Deezer-ზე, Shazam-ზე, Amazon-ზე, Youtube Music-ზე.

თუმცა მარტო განთავსებაც არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, არტისტი დარწმუნდეს, რომ მისი კონტრაქტორი ზრუნავს მისი კონტენტის პოპულარობასა და შემოსავლების ზრდაზე და მისი ინტერესი მხოლოდ კონტენტის რაოდენობრივი გაბევრება არაა.

M: როგორ გამოიყურება არტისტების ნაწარმოებების სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსების პროცესი? რა არჩევანის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდენ და რისი ცოდნა იქნება, ამ კუთხით, სასარგებლო?
ფონოგრამების პლატფორმებზე განთავსების ორი გზა არსებობს: განთავსება ღია პროგრამებით (Open Softwere) და განთავსება დახურული პროგრამებით (Closed Softwere). დახურული პროგრამები ხელმისაწვდომი არის მხოლოდ რექორდ ლეიბლებისათვის, ღია პროგრამებით ატვირთვა შეუძლია ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად, ვებგვერდის გამოყენებით.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ დახურული პროგრამებით დისტრიბუცია კომერციულად უფრო მოგებიანია არტისტებისთვის, ვიდრე ღია პროგრამებით, რადგან:

1. რექორდ ლეიბლი არის ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც გარდა ატვირთვისა, ზრუნავს მისი კონტენტის წარმატებაზე და

2. დახურული პროგრამები გამოირჩევიან მეტი წვდომის შესაძლებლობითა და სერვისებით, რომლის გამოყენებაც ნაყოფიერად შეიძლება.

ასევე, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ განსხვავება ღია სერვისებსა და დახურულ სერვისებს, შორის:

ღია სერვისები არ ამოწმებენ კონტენტს და ყველაფერი ავტომატურად ხვდება პლატფორმებზე, რაც გარკვეულწილად, რისკის მატარებელიცაა. თუ კონტენტი არასწორად აიტვირთა, ან არასწორი ინფორმაცია მიეთითა, პასუხისმგებელი თქვენ ხართ და შეიძლება, ექაუნთი დაგებლოკოთ.

დახურულ სერვისებს ჰყავს მოდერატორები, რომლებიც თქვენ მიერ მიწოდებული ფონოგრამის პლატფორმაზე ატვირთვამდე, მას ამოწმებენ და ზრუნავენ, რომ ხარვეზები პლატფორმებზე მის გაგზავნამდე გასწორდეს.

მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ აგრეგატორები (განსაკუთრებით, ღია პროგრამები) არ მონაწილეობენ არტისტის Youtube-გვერდის შექმნასა და განვითარებაში, ამიტომ რეკომენდებულია, რომ თუ არტისტი სერიოზულად ფიქრობს ციფრულ სივრცეში განვითარებას, თავიდანვე დაკონტრაქტდეს ლეიბლთან, რომელიც დისტრიბუციას აკეთებს, ერთი მხრივ, დახურული პროგრამებით და მეორე მხრივ, არტისტის Youtube-გვერდის გამართვასა და გაზრდას უზრუნველყოფს.

გარდა ციფრული სამყაროსა, შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ლიცენზირება, ამიტომ სასურველია ისეთ ლეიბლთან პარტნიორობა, რომელიც ლიცენზირების სერვისსაც უზრუნველყოფს და არტისტის შემოსავლების მაქსიმალურ მონეტიზაციასაც.

M: ლეიბლსა თუ შემდეგ, აგრეგატორთან თანამშრომლობის დაწყებამდე, არტისტებმა რას უნდა მიაქციონ ყურადღება?
პოტენციური პარტნიორების მოძიების შემდეგ, დეტალურად უნდა გავეცნოთ მათ წინადადებასა და სახელშეკრულებო პირობებს. როგორც წესი, ღია პროგრამებს აქვთ კაბალური პირობები, რომელსაც ერთი დაკლიკვით, წაკითხვის გარეშე ვეთანხმებით, შესაბამისად, ატვირთულ ფონოგრამაზე უსაზღვრო უფლებებს ვაძლევთ. სასურველია, თავი შევიკავოთ ბრმა გარიგებების დადებისაგან და სადისტრიბუციოდ თუ მაინც ღია სისტემის პროგრამას ავირჩევთ, მინიმუმ, ინფორმირებულები უნდა ვიყოთ, რა უფლებები დავთმეთ და რისი უფლება დაგვრჩა.

ყველა ღია პროგრამას აქვს ფარული ხარჯები, რომელიც შეიძლება იყოს ISRC კოდის მინიჭების ხარჯი, UPC კოდის მინიჭების ხარჯი, წლიური მხარდაჭერის საფასური და სხვა. ეცადეთ, დეტალურად გაეცნოთ ფინანსურ პირობას, რომელსაც აგრეგატორი გთავაზობთ, რომ მთელი თქვენი შემოსავალი ამ ხარჯების დაფარვაში არ წავიდეს.

ა) გაარკვიეთ, რომელი პროგრამით მუშაობს, დარწმუნდით, რომ ნამდვილად დახურული და მაღალსარგებლიანი პროგრამით მუშაობს და არა ღია პროგრამით, რომლითაც თქვენც შეგიძლიათ მის გარეშე კონტენტის ატვირთვა. სასურველია, მოითხოვოთ ონლაინ წვდომა დისტრიბუციაზე, რომ ყველაფერს გამჭვირვალედ ხედავდეთ;
ბ) დარწმუნდით, რომ ლეიბლს აქვს Youtube-გვერდის გამართვისა და ადმინისტრირების სათანადო კომპეტენცია და რომ ამას კონტრაქტი ითვალისწინებს;
გ) გაარკვიეთ ლეიბლის საკომისიო და დარწმუნდით, რომ არ აქვს მას ფარული ხარჯები;
დ) გაარკვიეთ ლეიბლი აკეთებს, თუ არა ლიცენზირების სერვისს, აქვს, თუ არა მონიტორინგის პროგრამა და რა პრაქტიკა აქვს ლიცენზირებასთან მიმართებაში;
ე) გაარკვიეთ, ლეიბლი, ამავდროულად, გთავაზობთ, თუ არა საავტორო უფლებების დაცვას და აქვს, თუ არა Music Publishing სერვისი.

თუ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს მიიღებთ, მაშინ ასეთ ლეიბლთან პარტნიორობა სასურველია.

იმის საილუსტრაციოდ, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე რეგისტრაცია სირთულეს არ წარმოადგენს, გადავწყვიტეთ ამ კუთხით გამოცდილი ქართული ბენდის, Killages-ის გამოცდილება გაგვეზიარებინა და შეკითხვებით ბენდის არტისტ მენეჯერს, თევდორე მაყაშვილს მივმართეთ:

ჩვენი მუსიკის მოსმენა თითქმის ყველა პლატფორმაზეა შესაძლებელი: spotify, apple music, youtube music, deezer და ა.შ

M: თევდორე, გაგვიზიარე თქვენი გამოცდილება, როგორ მოხვდით ამ სტრიმინგ პლატფორმებზე?
პლატფორმებზე მოხვედრა არანაირ სირთულეს არ წამოადგენს, მთავარია, სწორად შეირჩეს დისტრიბუტორი კომპანია. ჩვენ ამ მიმართულებით ქართულ კომპანია GMI Rights Management-თან ვთანამშრომლობთ, რომელიც თავის მხრივ, აგრეგატორად Orchard-ს იყენებს. ეს უკანასკნელი კი ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა.

არსებობს ბევრი სადისტრიბუციო კომპანია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია სტრიმინგ პლატფორმებზე მოხვედრა, თუმცა ისინი, როგორც წესი, მუსიკის განთავსების გარდა, არაფერს არ გიკეთებენ, ამიტომ ვარჩიეთ GMI-სთან თანამშრომლობა და ჯერჯერობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.

M: როდის დარეგისტრირდით და ამ დროისთვის როგორ შეაფასებთ მუსიკის ონლაინ დისტრიბუციით მიღებულ შემოსავლებს?
თავდაპირველად, 2019 წელს დავრეგისტრირდით, თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, ტრეკების წაშლა და 2020 წლის დასაწყისში თავიდან ატვირთვა მოგვიწია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტრიმინგ პლატფორმებზე, ჯერჯერობით, ყველა ტრეკი არ გვაქვს ატვირთული, 2020 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. რაც შეეხება youtube-ს (რომელიც ასევე მონეტიზაციის წყაროა), 2019 წელთან შედარებით (950 000 ნახვა) ძალიან დიდი ზრდა გვაქვს და წლიური მოსმენების რაოდენობამ უკვე 5 მილიონს მიაღწია.

ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნული შედეგებით დიდ შემოსავალს ვიღებთ, მაგრამ იმდენი ნამდვილად მოაქვს, რომ მუშაობა უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელოთ, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, მაქსიმუმ, 2-3 წელიწადში მხოლოდ ონლაინ სტრიმინგიდან მიღებული შემოსავალიც საკმაოდ დიდი იქნება.

M: ვისი მხარდაჭერა გჭირდებათ იმისთვის, რომ ამ პლატფორმებზე არსებობა ბენდისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს?
ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ ეტაპზე, ალბათ, მაინც აპლიკაციებზე წვდომაა. „სპოტიფაი“, ჯერ კიდევ, არაა ხელმისაწვდომი საქართველოდან. Apple music, თუ არ ვცდები, შარშან ჩაეშვა. შესაბამისად, ამ სერვისებს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსმენელის რიცხვი ნელ-ნელა იზრდება და ხალხიც ეჩვევა მუსიკაში ფულის გადახდას.

ალბათ, კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციაა არტისტების მხრიდან საჭირო. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსმენელს, თუ რამხელა კომფორტია სტრიმინგ პლატფორმების გამოყენება და როგორ ეხმარებიან ამით საყვარელ არტისტებს.

ვფიქრობთ, რამდენიმე წელში ზემოაღნიშნული სერვისების მომხმარებლების რიცხვი საქართველოშიც გაიზრდება, ქართველი არტისტებიც უკეთესად გაერკვევიან მუსიკის პრომოუშენის ხერხებში და ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს (მათ შორის, ფინანსურს) მოგვცემს.

ტერმინების განმარტება:

აგრეგატორი* – აგრეგატორს ხშირად დისტრიბუტორსაც უწოდებენ. აგრეგატორი არტისტებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ნაწარმოებები, გლობალური მასშტაბით, ციფრულ პლატფორმებზე წარმოადგინონ. აგრეგატორები, როგორც წესი, ლეიბლებთან თანამშრომლობენ.

რექორდ ლეიბლი* – არის კომპანია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ფართო სპექტრის ფუნქციას ასრულებს. მათ შორის, ახალი არტისტის დაქირავება/განვითარება, მუსიკალური გამოცემა, საავტორო უფლებების დაცვა და სხვა.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

კვლევა – ჩვენ ვკარგავთ ჩვენს კავშირებს

როგორ მუშაობს ტანსაცმლის რითეილი?- რეზო მაღალაშვილი