in

მუსიკა, როგორც არტთერაპიის ფორმა

M2
M2

ყოველწლიურად 10 ოქტომბერს მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საზოგადოებამ კი აუცილებლად უნდა ისაუბროს სირთულეებზე, რათა მეტად ეფექტურად დაიძლიოს ყველაფერი. ამ თვალსაზრისით, კვლევების მიხედვით, ადამიანების უმეტესობაზე ძალიან მოქმედებს თემატური სიმღერები — ამიტომაც, დღეს ერთ-ერთ ისეთ მომღერალზე მოგიყვებით, რომელიც მთელ შემოქმედებას მენტალურ ჯანმრთელობას უძღვნის.

მუსიკოსი ნათან ფოერშტეინი, ცნობილი როგორც NF, 90-იანი წლების დასაწყისში მიჩიგანში დაიბადა. მას ამ დრომდე მილიონობით ჩანაწერი აქვს გაყიდული, 30 მილიარდზე მეტი ნახვაც მოაგროვა ინტერნეტ სივრცეში. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე მძაფრად აწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები — „თქვენ ამას მუსიკას უწოდებთ, ჩემთვის კი თერაპიაა“.

NF-ს აქვს უნარი, გადმოსცეს რთული, პირადი, მაგრამ უნივერსალური ემოციები კინემატოგრაფიული სიუჟეტებისა და ურთიერთდაკავშირებული თემების მეშვეობით. მიმზიდველი სტილით, გაუფილტრავი გახსნილობით წარმოადგენს თავის ტრავმას და ხალხსაც შთააგონებს, მეტი ღიაობა გამოიჩინონ ფსიქიკურ პრობლემებთან მიმართებით. „NF-ის წარმატება ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ვარსკვლავებს, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბარიერები დაიმსხვრეს“, — წერია ფორბსის ერთ-ერთ ნომერში.

მენტალური ჯანმრთელობის ბარიერები

ამაზე არაერთ მუსიკოსს უსაუბრია, მაგრამ NF-მა მეტ ნორმალიზებაზე იზრუნა — როგორც პირდაპირი ლაპარაკით, ისე ვიდეორგოლების მეშვეობით, რომლებიც სიმბოლურად ბნელ, შემზარავ განცდებთან ბრძოლას ასახავს. მთელი თავისი სტუდიური ალბომების განმავლობაში, არტისტი ვიზუალურად აცოცხლებდა ფსიქიკურ პრობლემებთან ბრძოლას. ამისთვის კი ბევრ ვიზუალურ სიმბოლიკას იყენებს — მაგალითად, სამოსს იმისდა მიხედვით ირჩევს კლიპებში, თუ რა მენტალური სირთულეების წინაშე იმყოფება მოცემულ მომენტში.

მთლიანობაში, NF-მა სიმბოლიზმის აუდიო-ვიზუალური სახე შექმნა — ამის მაგალითია ალბომი Therapy Session, სავსე ემოციური ტრეკებით. მისი ზოგიერთი სიმღერა გარდაცვლილი დედის ხსოვნას ეძღვნება, ზოგი კი — პირად მენტალურ პრობლემებს, OCD-ის, უიმედობას.

რთულ და დელიკატურ საკითხებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბრენდები და ბიზნესები სენსიტიურად და თანაგრძნობით ეხებიან, მაგრამ NF-მა გაუფილტრავი გულწრფელობა გამოიჩინა. ალბათ, ამ ფაქტს ისიც განაპირობებს, რომ ზუსტად იმაზე აკეთებს აქცენტებს, რასაც თავად განიცდის. შეიძლება ითქვას, საჯარო არტთერაპიის ფორმა შეიმუშავა.

რეალურად, NF-ს ყველაზე მძაფრად სწორედ მენტალურ პრობლემებთან აკავშირებენ და აქ შეგიძლიათ, მისი თემატური სიმღერების ჩამონათვალიც იხილოთ.

#სადანროგორ გავერთოთ 13-15 ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი

Google საძიებო სისტემაში სურათებისა და ტექსტის AI გენერატორის დამატებას აპირებს