in

ნახეთ: მუსიკალური დროის მანქანა წარსულის გამორჩეულ შესრულებებს აცოცხლებს

ამისათვის მკვლევრებმა LIDAR სკანირება გამოიყენეს

მკვლევრების თქმით, იმერსიული ტექნოლოგია, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს, ზუსტად გაიგოს, როგორ ჟღერდა მუსიკა ამა თუ იმ გარემოში, მუსიკალურ დროის მოგზაურობად იქცა.

ედინბურგის სამხატვრო კოლეჯის და ბირმინგემისა და მელბურნის უნივერსიტეტების მკვლევრები თანამშრომლობდნენ, რათა შოტლანდიის ისტორიულ გარემოში, კერძოდ, Linlithgow Palace-ში “დაკარგული” პერფორმანსები გაეცოცხლებინათ. ვირტუალური რეალობის დახმარებით, სტუმრებს საშუალება ექნებათ, რეკონსტრუირებულ სამლოცველოს ესტუმრონ, მრავალსენსორული, განსაცვიფრებელი გამოცდილების მისაღებად

სასახლე XV-XVI საუკუნეებში სტიუარტების დიდებულ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. პროექტი კი, ადამიანებს საშუალებას აძლევს, წარსულში შესრულებულ მელოდიებს მოუსმინონ, რომლებსაც გამოცდილი მუსიკოსები სამეფო ოჯახის წევრებისთვის ასრულებდნენ, ბრწყინვალე დეკორაციებითა და ქანდაკებებით გარშემორტყმულნი. 

 

იდეის სისრულეში მოსაყვანად, მკვლევრებმა გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელსაც LIDAR სკანირებას უწოდებენ. ის შენობის გასაზომად მბრუნავ ლაზერულ იარაღს იყენებს. შემდეგ კი, პროექტის ავტორებმა ისტორიული და არქიტექტურული ჩანაწერებით იხელმძღვანელეს, რათა ვირტუალურად აღედგინათ წარსულის გარემო. 

მუსიკალური წარმოდგენა

მუსიკალური წარმოდგენისთვის დამატებითი ელემენტების გამოყენება გახდა საჭირო, როგორიცაა შესაბამისი ჭერი, ფანჯრები, იატაკი, საკურთხევლისა და სამეფო ტახტის დეტალები და ფარდაგები. შემდეგ კი, მკვლევრებმა იდეურად დააკავშირეს, რა მუსიკა შესრულდებოდა ამგვარ სივრცეში – ჩანაწერი Carver Choirbook-ის ორი მასშტაბური კოლექციიდან შეირჩა, რომელიც რეფორმაციამდელი შოტლანდიიდან შემორჩა. 

ეს ჩანაწერი არის პროექტის ნაწილი, რომელიც ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სამეცნიერო საბჭომ (AHRC), დაკარგული პერფორმანსის გაცოცხლების მიზნით, დააფინანსა. პროექტის ავტორებმა ზოგიერთ ტექნიკურ ასპექტზე Soluis Group Heritage-თან ერთად იმუშავეს, რომელიც ისტორიული სივრცის ციფრულ ინტერპრეტაციაშია სპეციალიზირებული. 

“სასახლის სტუმრებს უყვართ იმის წარმოდგენა, თუ როგორი იყო უწინ აქ ცხოვრება… პროექტს განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ აქცენტი არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე, არამედ ავთენტურ ჟღერადობაზეც კეთდება, რომელიც 500 წლის წინანდელი სასახლის ცხოვრების სრულყოფილ ხედვას იძლევა” – ამბობენ პროექტის ავტორები. 

„ჰოუმმარტის“ განახლებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო

დროფერი – „მეამას“ ყავა შენს ოფისში