იმის გათვალისწინებით, რომ დემენციის მქონე ადამიანთა რიცხვი იზრდება, მეცნიერები ყველგან და ყველაფერში ეძებენ გზებს მასთან საბრძოლველად… ზოგიერთი გამოსავლად მარტოობის თავიდან არიდებასა და შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრებას თვლის, ზოგიც კი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას… ამჯერად ამ უკანასკნელზე გესაუბრებით — ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა დემენციის დიაგნოზის მქონე 1107 ადამიანზე ჩაატარეს, რომელთა ასაკი 40-ს აღემატებოდა.
კოგნიტიური უნარები ინდივიდების მუსიკალურ უნარებს შეადარეს, მიუხედავად იმისა, უკრავდნენ თუ არა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მღეროდნენ თუ არა გუნდში ან როგორი იყო მათი მუსიკის მოსმენის ჩვევები. ანალიზმა უკეთესი შედეგები აჩვენა მეხსიერებისა და აღმასრულებელ ფუნქციებში იმ ადამიანებში, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ ისევე, როგორც ასოციაციებში სიმღერასა და აღმასრულებელ ფუნქციას შორის, მთლიან მუსიკალურ უნარსა და სამუშაო მეხსიერებას შორის. თუმცა მსგავსი გაუმჯობესებები არ ყოფილა მუსიკის მოსმენის ჩვევების შემთხვევაში…
„მრავალ კვლევას შეუსწავლია მუსიკის ეფექტი ტვინის ჯანმრთელობაზე. მთლიანობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუსიკალურობა, შესაძლოა, ტვინის სისწრაფისა და გამძლეობის საშუალება იყოს, რომელიც ჩვენთვის კოგნიტიური რეზერვის სახელითაა ცნობილი“, — განმარტავს ენ კორბეტი, კოგნიტიური ფსიქოლოგი.
კოგნიტიური რეზერვი კი ზუსტად ის არის, რასაც თავად სიტყვა გვეუბნება, მოკლედ რომ ვთქვათ, დაბერების ეფექტების საწინააღმდეგო ბარიერი. ფიქრობენ, რომ დიდი კოგნიტიური რეზერვის მქონე ადამიანები, ნაკლებად არიან მოწყვლადი ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა ალცჰაიმერი. თუმცა აქ ცხოვრების წესისა და აქტივობების საკითხიც განიხილება. მართალია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ასე ზუსტად ჯერ არ არის გამოვლენილი, მაგრამ აქ მრავალი ფაქტორი თამაშობს როლს.
მეცნიერები მაღალი შემოსავლების საკითხსაც განიხილავენ, რაც ინდივიდებს მაგალითად მუსიკის გაკვეთილებზე სიარულის და უფრო ჯანსაღი კვების რაციონის ქონის საშუალებას აძლევს. ეს რაციონი კი ზუსტად ისეთი შეიძლება იყოს, რომელიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
„ჩვენი კვლევა გვაჩვენებს, რომ მუსიკალური განათლების ხელშეწყობა ჯანდაცვის ერთ-ერთი ღირებული კომპონენტი იქნება. ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი ცხოვრების წესის არსებობას, რომელიც ტვინის ჯანმრთელობაზე აისახება და მოხუცებიც წავახალისოთ, მოგვიანებით მუსიკას დაუბრუნდნენ“, — აცხადებს კორბეტი.
ამგვარად, თუ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სურვილი გქონდათ, ან ადრე ფლობდით ამ უნარს, შეგიძლიათ მას თამამად დაუბრუნდეთ. თანაც კოგნიტიური გაუმჯობესება ყველაზე მაღალი იყო, როცა საქმე კლავიშებს ეხებოდა…
კვლევის მონაწილეებიდან ერთ-ერთი 78 წლის სტუარტ დუგლასი იყო, რომელიც ბენდში უკრავდა — „ჩვენ ხშირად ვუკრავთ კაფეებში, სადაც მეხსიერების პრობლემების მქონე ადამიანები არიან და შევამჩნიეთ ეფექტი, რომელიც ჩვენს მუსიკას აქვს მეხსიერება დაქვეითებულ ადამიანებზე. როგორც უკვე ასაკოვან მუსიკოსებს, ეჭვიც არ გვეპარება, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის გაგრძელებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ტვინის სიჯანსაღეში“.