in

რა მნიშვნელობა აქვს ორიგინალურ მუსიკას რეკლამაში და ვინ მუშაობს მასზე საქართველოში?

კარგი რეკლამა ბევრი რამით ფასობს: იდეა, სიუჟეტი, მოქმედი გმირები, მთავარი გზავნილი, გადაღების ხარისხი და, რაღა თქმა უნდა, მუსიკალური გაფორმება. ამ უკანასკნელის გარეშე კარგი რეკლამა, ფაქტობრივად, ვერ კეთდება. რატომ? მიზეზი ალბათ ბევრია, თუმცა მარკეტერები მაინც ორ მთავარ მიზეზს გამოყოფენ: 1) რეკლამის საბოლოო მიზანი პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაა; 2) გაყიდვების გასაზრდელად აუცილებელია მომხმარებლების ემოციების დაჭერა, რაც სწორად შერჩეული მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. 

შეიძლება არც დაკვირვებიხართ, მაგრამ ბევრი სიმღერა თუ მელოდია სწორედ რეკლამაში აღმოგიჩენიათ და შეგყვარებიათ. მუსიკა ადამიანზე ემოციურ გავლენას ახდენს და ზემოქმედებს მეხსიერებაზეც. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, ბრენდი როგორ მუსიკას აირჩევს თავისი რეკლამისთვის. დღეს ამ თემაზე რამდენიმე საინტერესო ადამიანი მოგიყვებათ:

ემილი ქორიძე, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი:

„სინამდვილეში, მუსიკა რეკლამაში იმაზე მეტ როლს თამაშობს, ვიდრე გვგონია ხოლმე. შეიძლება ვერ აღიქვამდე, არ უსმენდე, თუმცა მუსიკა ტვინში თავის საქმეს მაინც აკეთებს. ამას ისიც მოწმობს, რომ ხშირად არც გვახსოვს, ესა თუ ის მელოდია საიდან გვეკვიატება და ვღიღინებთ საათობით. რეკლამისთვის მუსიკის დაწერით კი გვაქვს შანსი მომხმარებლებს ჩვენი თაგლაინი ვაღიღინოთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? 

სამწუხაროდ ქართული კომპანიები დიდ რესურს არ ხარჯავენ მუსიკაში, ფიქრობენ რომ სტოკის მუსიკითაც “გამოძვრებიან” ამიტომ ვიტყოდი რომ უმეტეს შემთხვევაში მუსიკის შექმნა სააგენტოს შეთავაზება არის. თუმცა, არის შემთხვევები როდესაც ბრიფიც პირდაპირ მუსიკაზე შემოდის. ამას კი ის ბრენდები აკეთებენ რომლებმაც ადრე უკვე სცადეს რეკლამისთვის მუსიკის შექმნა და დარმწმუნდნენ მის ეფექტურობაში.

ჩემი პროექტებიდან უპირობოდ გამოვარჩევდი ზუმერის „უცნაურ არდადეგებს”. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიმღერა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც საქართველოში რეკლამისთვის შექმნილა.

კარგი რეკლამა მუსიკით ფასობს. საკუთარი ბრენდისთვის არასდროს გამოვიყენებდი არსებულ ჰიტს და ყოველთვის ვეცდებოდი ახალი მუსიკის შექმნას. მუსიკა არის საუკეთესო მედიუმი იმისთვის რომ შენი ფილოსოფია, გემოვნება და ხასიათი მომხმარებლებს გაუზიარო. ამიტომ, მარკეტერებო, არ დაკმაყოფილდეთ არსებული ჰიტებით, ყოველთვის ეცადეთ რომ რეკლამას ისე მიუდგეთ როგორც ხელოვნებას და იზრუნოთ ყველა დეტალი თქვენს ბრენდზე ლაპარაკობდეს, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი – მუსიკა!”.

ზვიად მღებრი კომპოზიტორი, POSTRED-ის თანადამფუძნებელი:

„უკვე ბევრი წელია, რაც ამ ინდუსტრიაში ვარ, რაც მოიცავს ვიზუალური მედიისთვის მუსიკის წერას და მთელი ჩემი თავი მიძღვნილი მაქვს ამ საქმისთვის. ყველა კომპოზიციის დაწყების ძირი არის ნატიფი იდეა, რომელიც სხვადასხვა გავლენის მიხედვით ახდენს კონცენტრირებას ერთ წერტილში. როგორც დიზაინერს  საკუთარი იდეა გადააქვს სკეჩებში, ანალოგიურად ყველა მუსიკალური იდეა რაც მომდის თავში, ვიწერ რექორდერით; ესენია ჩემი საავტორო ნაწარმოების საწყისები, რომელიც ელოდება მომენტს, რომ განვახორციელო. ასობით ნაწარმოები მაქვს ჩაწერილი და როდესაც მოდის იდეა, ვიყენებ ამ მუსიკალურ ჩანახატებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ ჩემს ჩანახატებში არ აღმოჩნდება შესაბამისი მუსიკა და ამ დროს ნულიდან ვიწყებ მუსიკის შექმნისა და ფიქრის პროცესს.  რა თქმა უნდა, ის პირველადი ჩანაფიქრი ბრიფიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს, თუმცა შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ საკუთარი შემოქმედების შექმნასთან, როდესაც  არსებული თემა მიგაქვს შენს მუსიკალურ ბენდთან და ისმენ მათ აზრს. მე არ ვთვლი, რომ ის ნაწარმოები, რომელსაც ვქმნი ნებისმიერი ვიზუალური მედიისთვის, არ არის ჩემი საავტორო ნამუშევარი, უბრალოდ ბევრ სხვადასხვა ბენდში მიწევს დაკვრა და ამ ბენდის წევრები არიან რეჟისორები, არტ დირექტორები და სხვა. 

ჩემი პროექტებიდან პირველ რიგში გამოვარჩევდი “საქარველო ლამაზო”, რომელიც საქართველოს ბანკის “არ გაჩერდე” კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ეს იყო სქორი, სადაც კარგად გავაკეთეთ ქართული ქალაქური მუსიკის გადაკეთება რამდენიმე ჟანრის შერწყმით, რაც აერთიანებდა ქართულ ფოლკს, პოსტ როკს და სინემატიკურ ჟღერადობას. 

ვისოლ გრუპის “ზესტაფონო გშორდები”, ეს იყო სიმღერის ქავერი, რომელშიც მხოლოდ მოტივი ზესტაფონო გშორდები გამოვიყენეთ. ზესტაფონთან ჩავლის დროს მხოლოდ ეს ორი სიტყვა გვახსენდებოდა ხოლმე, რომელიც ჩანაცვლდა სრულყოფილი კომპოზიციით და საკმაოდ დასამახსოვრებელი ტრეკი გამოვიდა.

 სოკარის “რა არის შენი დრაივი?” და ყველაზე ახალი, იმედი L-ის დამოუკიდებლობის დღისთვის შექმნილი კამპანიის სიმღერა “თავისუფლება არის საერთო (თავისუფლება სულ შენია)” შეიძლება ამ ორ კომპოზიციაზე სუბიექტური ვიყო, რადგან ორივე კამპანია POSTRED Creative Studio-ში შეიქმნა ჩვენივე ბრიფის მიხედვით, თუმცა “რა არის შენი დრაივი?”-ს შემთხვევაში ძალიან მომწონს ენერგეტიკა და ჰაეროვნება, რაც ამ კომპოზიციას აქვს. 

იმედი L-ის კამპანიას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის, რადგან ეს სიმღერა სხვადასხვა ადამიანების თავისუფლებების აღქმით შეიქმნა. თითქოს თავისუფლებაზე სიმღერა უნდა იყოს ხმალამოღებული და მებრძოლი, თუმცა აქ სულ სხვანაირი თავისუფლება დავინახე, რომელიც უფრო ღრმად არის ჩვენში დამარხული. 

როცა ვიდეორგოლში მუსიკის გამოყენებაზე მიდის საუბარი, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი:
გამოვიყენოთ უკვე არსებული ნაწარმოები/სიმღერა, რომელიც ხალხისთვის უკვე ნაცნობია და ვიდეორგოლის მესიჯის გადმოცემასა და მაყურებლამდე მიტანაში გვეხმარება. ამასთან, შესაძლებელია უფასო ან ფასიანი უკვე არსებული ფროდაქშენ მუსიკის ე.წ. Სტოკის მუსიკის გამოყენება, რომელიც არ ატარებს განსაკუთრებულ დატვირთვას, ვიდეორგოლისთვის მუსიკით დამატებითი ღირებულების მინიჭება არ გვჭირდება, და ამასთანავე შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია.

შეგვიძლია, შევქმნათ ორიგინალური სიმღერა კონკრეტული კამპანიის გარშემო, რომელიც მორგებული იქნება კამპანიის ვიზუალზე, შინაარსსა და მესიჯზე. 

ასევე შეგვიძლია, გავაკეთოთ სხვა უკვე არსებული სიმღერის გადამუშავებული ვერსია, ანუ ქავერი, რომელიც თავისთავად იქნება ორიგინალური ნაწარმოების მესიჯის მატარებელი, ცნობადობაც მეტი იქნება და მარტივად მოვიპოვებთ მაყურებელში კეთილგანწყობას. 

როდესაც ვაკეთებთ ნაწარმოების გადამუშავებას, იქნება ეს სიმღერა თუ სქორი, ამით შეგვიძლია, გავიდეთ ორ სეგმენტზე, ადამიანებზე, რომლებმაც არსებული სიმღერა უკვე იციან და უყვართ და იმ ჟანრის მსმენელებზე, რომლებიც კონკრეტულ ჟანრს უსმენენ”.

გიორგი სიბაშვილი, Addmusic-ის დამფუძნებელი, მთავარი პროდიუსერი:

„მუსიკა ქმნის ატმოსფეროს, აწესებს/ადგენს მოცემულობას, აძლიერებს ნარატივის განვითარებას, საჭიროდ და სწორად მომართავს მაყურებლის/მსმენელის ყურადღებას დეტალებზე. მუსიკაა ის, რაც ემოციას გვკარნახობს. სტოკის მუსიკას, ანუ მუსიკას, რომელიც თვისობრივად შექმნილია ისე და იმისთვის, რომ რაც შეიძლება ზოგადი, ცხადია, ამ როლის კისრება არ შეუძლია. ამით კომპანიები უბრალოდ აუფასურებენ ძვირფასი ბიუჯეტით შექმნილ ვიდეორგოლებს.

ჩემი აზრით, ჭეშმარიტი არტისტებისთვის, სამწუხაროდ, სარეკლამო ინდუსტრია არ ეძებს სიახლეებს, არამედ ურჩევნია ფეხდაფეხ მიჰყვეს ტრენდებს. ტრენდი ან მუსიკალური ინდუსტრიიდან, კერძოდ, პოპ-მუსიკიდან გადმოდის, ან რომელიმე წამყვანი “The Revolutionary” არქეტიპის მქონე გლობალური ბრენდის საკომუნიკაციო კონტენტიდან. ამის კარგი მაგალითია Apple-ის ცნობილი „don’t blink” რგოლი. ამ რგოლის გამოსვლიდან 2-3 წლის მანძილზე თითქმის ყველას მსგავსი მუსიკა სჭირდებოდა. მანამდე ამ ტიპის მუსიკა რომ კომპანიისთვის შეგეთავაზებინა, შეიძლებოდა ცივი უარიც მიგეღო. აქედან გამომდინარე, რეკლამის მუსიკის კეთების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გაიგო, რა სურს დამკვეთს და შემოქმედებითი გუნდის ნიჭს და უნარს ამ ჩარჩოებში მისცე მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება. 

ჩვენი განხორციელებული პროექტებიდან პირველსა და ბოლოს გამოვყოფ ამ ეტაპზე. 1-ელი იყო 2016 წელს შექმნილი Smells like teen spirit-ის ქართული ქავერი, რომლითაც საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში ვერცხლის მედლები ავიღეთ ორ დიდ ევროპულ რეკლამის ფესტივალზე და გრან პრი Black sea ad-ზე ბათუმში. სულ ბოლო კი იყო საქართველოს ბანკის დაკვეთით შექმნილი კალათბურთის ნაკრების საგუშემატკივრო ჰიმნი ევროპის ჩემპიონატისთვის (სექტემბერი 2022, თბილისი), რომლის საჯაროდ გაჟღერებასაც გიჟივით ველოდებით”. 

როგორც ხედავთ, ამ სფეროში გამოცდილი და მოღვაწე ადამიანებიც მკვეთრად აღნიშნავენ მუსიკის და, განსაკუთრებით ორიგინალური მუსიკის როლს სარეკლამო რგოლებში. კლასიკური, შავ-თეთრი სატელევიზიო რეკლამებით დაწყებული დღემდე, HD ხარისხის სარეკლამო რგოლებით დამთავრებული, რეკლამები მუდმივად ეყრდნობოდნენ მუსიკას გაყიდვისა და ბრენდის აღიარების მოსაპოვებლად. მუსიკა ერთგვარი საუნდტრეკია, რომელიც რეკლამაში გადმოცემულ პატარა ამბავს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა, მარკეტინგის ჯგუფმა და თავად მუსიკის შემქმნელებმა გაითვალისწინონ ეს მნიშვნელობა და არ დაზოგონ ბიუჯეტი მომხმარებლის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდვისთვის.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

კრეატიულობის სტრიმინგი — სატელევიზიო რეკლამების მნიშვნელობა

ბუბა რადიანის 7 რჩეული შრიფტი