in

22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. ღონისძიების მიზანს საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა წარმოადგენს. ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

bog
bog-mob

მუსიკალური ფორუმი სტარტს 22 ნოემბერს, ‘ქორთიარდ მარიოტში’ ექსპერტთა დახურული სამუშაო შეხვედრით აიღებს.
23 ნოემბერს საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედებისა და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი.
ორივე დღის საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზ კლუბ Singer-სა და ‘ფაბრიკაში’ გაიმართება.

ღონისძიებაზე ისაუბრებენ ისეთი სპიკერები, როგორებიც არიან:

ბილ ბრაგინი – აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFESTის თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულ ვანჰუკი – BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი. ფრანჩესკა ჩერეტანი – ევროპის ჯაზ გაერთიანების კოორდინატორი…

მუსიკის ფორუმის შესახებ მის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ელენე მეჩითოვას გავესაუბრეთ:

M: რა დატვირთვის მატარებელია მუსიკის ფორუმი? რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ფორუმის ჩატარება?

მუსიკალური ფორუმი წარმოადგენს მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანების პროფესიულ თავმოყრას, რომლის მიზანია განსაზღვროს, თუ რა გამოვიარეთ და რას მივაღწიეთ, სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოთ ხვალ. ფორუმი დაგვეხმარება საერთო ხედვის ჩამოყალიბებაში და ამისთვის ვატარებთ ორ: ღია და დახურულ სესიებს, სადაც მოწვეული არიან როგორც უცხოელი, ისე – ქართველი ექსპერტები. სესიებისა და საპანელო დისკუსიების დროს საშუალება გვექნება, მივიღოთ მონაწილეობა გამოცდლების გაზიარებასა და დებატებში. ფორუმის ლაიტმოტივი არის კითხვა „რატომ? და ვისთვის?“ – რატომ ვქმნით მუსიკალურ პროდუქტს, რა არის მუსიკოსის მიზანი, ვისთვის ქმნის და უკრავს? იცნობს თუ არა თავის მსმენელს, აქვს თუ არა მას წვდომა მსმენელთან და რა უშლის ხელს აუდიტორიის მოზიდვაში?

ხშირად მიწევს სხვადასხვა ხელოვნებისა თუ მუსიკალურ კონფერენციაზე დასწრება. ამდენ პროფესიონალთან საუბარი და დისკუსია სრულად ცვლის შენს წარმოდგენას გარკვეულ საკიხებზე და აფართოვებს „აზროვნებისა თუ შეხედულებების“ ჰორიზონტებს.

ზუსტად ეს შეხვედრები გახდა ფორუმის ჩატარების ინსპირაცია. ვეცადეთ ჩამოგვეყვანა ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ გლობალური გამოცდილება, რომლებისთვისაც თანამშრომლობისა  და კრეატიულობისთვის საზღვრები არ არსებობს.

M: მოგვიყევით ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე – რამდენად შეუწყობს აღნიშნული ღონისძიება მის განვითარებას ხელს?

საქართველოს მუსიკალური ინდუსტრია საჭიროებს განვითარებას, რაც არ გამოიხატება მხოლოდ კონცერტების გამართვასა და მუსიკის ჩაწერაში. ეს არის კომპლექსური სისტემა, სადაც შედის კვალიფიცირებული კადრები, პროფესიული განათლება, სივრცეები, ჩამწერი სტუდიები, ტექნოგლოგიები, საავტორო უფლებები და სხვა. არ დაგვავიწყდეს, რომ მუსიკალურ ინდუსტრიას თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა, რამდენად სწორად გამოვიყენებთ სახელმწიფო რესურსებს ან რამდენად მიზანშეწონილია მუსიკალური პროექტები იყოს დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ – ესეც იქნება დისკუსიების საგანი.

ხშირად გამიგონია კითხვა, თუ მუსიკა არის ინდუსტრია, რატომ უნდა ფინანსდებოდეს საჯარო უწყებებიდან? ასეთ კითხვას არ დავსვამდი, იმიტომ, რომ ყველა ინდუსტრიას სჭირდება ინვესტიცია. დღეს პერფორმატიული ხელოვნება მეტწილად სახელმწიფო რესურსებზეა დამოკიდებული და სუფთა კომერციული პროექტები ფინანსდება, რაც არ არის სწორი. საჯარო რესურსებს გაფრთხილება და კერძო ფონდების შექმნა სჭირდება.

M: ძალიან მოკლედ და ზოგადად რომ მომიყვეთ, რა საკითხები იქნება განხილული ფორუმზე?

ჩვენ შევარჩიეთ ისეთი თემები, რომლებიც კავშირშია ჩვენი რეგიონის პრობლემატიკასთან. მაგალითად, თუ ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, თუ როგორ გავიდნენ ამერიკულ და აზიურ ბაზრებზე, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შიდა, მოუგვარებელი პრობლემები. ამას კი ხელს უწყობს ისიც, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ იმ მუსიკალური ბაზრებისგან, რომლებზეც გასვლა გვსურს.

პირველი დღის დახურული სესიის მიზანია, გავესაუბროთ ადგილობრივ ექსპერტებს, ჩამოვაყალიბოთ არტისტის თვალით დანახული გამოწვევები და პრობლემები. სესიის ბოლოს შემუშავდება რეზიუმე, რითიც დავიწყებთ საჯარო დისკუსიებს 23 ნოემბერს. გვექნება რამდენიმე პარალელური  ჯგუფური სესია. ერთ ჯგუფში ისაუბრებენ მუსიკალურ ფესტივალებსა და ტურიზმზე, ამ პანელის გაუძღვებიან ბოჰემია ჯაზფესტი (ჩეხეთი), ერევნის ჯაზ ფესტივალი და Tbilisi Open Air-ის წარმომადგენლები. ასევე, ევროპული ჯაზის ქსელის კორდინატორი და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი განიხილავენ კულტურული გაცვლის ფორმატებსა და შესაძლებლობებს, ვისაუბრებთ, როგორ განმტკიცდეს ორმხრვი კულტურული გაცვლა ჩვენს რეგონსა და ევროპას შორის. ასევე, დიდი ინტერესით სარგებლობს ვორქშოპი, რომელსაც უკრაინული მუსიკის ექსპორტის ოფისი ატარებს და გაგვიზიარებს უკრაინელი მუსიკოსების ევროპულ ბაზარზე გასვლის ინსტრუმენტებს.

ფორუმის ბოლოს ისევ დავბრუნდებით საერთო სივრცეში, სადაც დღის განმავლობაში განხილული საკითხებისა და მოსაზრებების მიხედვით გავაკეთებთ რეზიუმეს და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს.

ღონისძიების ორგანიზატორია Kavkaz Jazz ფესტივალი. საორგანიზაციო ჯგუფმა ფესტივალის 10 წლის იუბილეზე გადაწყვიტა მსმენელსა და სამხრეთ კავკასიაში მუსიკის ინდუსტრიის განვითარების მსურველებს ახალი ფორმატის ღონისძიება შესთავაზოს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილოს ლოკალური გამოწვევები, თუ შესაძლებლობები.

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. პროექტი შეიქმნა როგორც მშვიდობის მატარებელი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის.

[R]

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

ქალთა სექსუალური შევიწროების თემაზე ACAG-ის პრინტ კონკურსი დასრულდა!