ილონ მასკისა და Apple-ის უთანხმოება გრძელდება! 2024 წლის 10 ივნისს დეველოპერთა მსოფლიო კონფერენციაზე Apple-მა გამოაცხადა, რომ შექმნა AI პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ხელსაწყო Apple Intelligence, რომელიც ინტეგრირებული იქნება iPhone, iPad-სა და Mac-ში.
ამასთან ერთად, ბრენდმა ისაუბრა პარტნიორობაზე OpenAI-სთან, რომელიც მოიცავს GPT-4o-თი აღჭურვილი ChatGPT-ს ინტეგრაციას ახალ და გაუმჯობესებულ Siri-ში. მისი გამოყენებისთვის მხოლოდ მომხმარებლის ნებართვა იქნება საჭირო. როგორც Apple გვამცნობს, ChatGPT-ს ინტეგრაცია უფასო იქნება iOS 18, iPadOS 18 და macOS Sequoia-ს მოწყობილობებზე ამ წლის ბოლოსთვის.
ამ სიახლის პარალელურად, X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, ილონ მასკის პოსტების სერია გამოჩნდა, სადაც ის აშკარად გმობს აღნიშნულ პარტნიორობას და იმასაც დასძენს, რომ თავის კომპანიებში Apple-ის პროდუქტების გამოყენებას აკრძალავს. თავის პოზიციას მასკი Apple-ის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განმარტავს.
მასკმა ისიც თქვა, რომ თუ Apple წინ წაიწევს Open AI-სთან ინტეგრაციაში, ყველას, ვინც მისი კომპანიების შენობაში შევა და თან ექნება Apple მოწყობილობა, მოუწევს მისი შენახვა სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ელექტრომაგნიტურ გადაცემას ბლოკავს.
თავის მხრივ, Apple-მა განაცხადა, რომ მისი მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ChatGPT-ს უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან მათი IP მისამართები დაცული იქნება და OpenAI არ შეინახავს პერსონალურ ინფორმაციას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხმარებლებს, რომლებიც თავიანთ მოწყობილობებს ChatGPT-სთან დააკავშირებენ, Open AI-ს მონაცემთა გამოყენების პოლიტიკა დაიცავს.
ცნობილი ფაქტია, რომ მასკი უარყოფითადაა განწყობილი თავისივე დაფინანსებული OpenAI-ს მიმართ. მილიარდერს საჯარო უთანხმოება აქვს აღმასრულებელ დირექტორთან, სემ ალტმანთან და მათ სასამართლო დავებიც კი ჰქონდათ კომპანიის პირვანდელი მისიის შეცვლის გამო.
ამის შემდეგ, როგორც ცნობილია, მასკი გამოეყო OpenAI-ს და მისი კონკურენტი, xAI დააფუძნა.