ილონ მასკი საზოგადოებას სიურპრიზებით ნამდვილად ანებივრებს და ხშირად, ბევრ თავსატეხსაც უჩენს. თუმცა, ამჯერად, საქმე კარგ სიახლეს ეხება – ბიზნეს მაგნატი „ტესლას“ მოდელებში ვიდეო თამაშების ინტეგრაციას გეგმავს.

მან დეველოპერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ტესლას“ ავტომობილისთვის ადაპტირებული ვიდეო თამაშების შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავად კი მზადაა, თითოეული წინადადება განიხილოს.

„ჩვენ გვინდა, შევქმნათ მხიარული და გასართობი ვიდეო თამაშები, რომლებიც ერთად იქნება ინტეგრირებული ავტომობილის ცენტრალურ სენსორულ ეკრანსა და ტელეფონში“, – წერს ილონ მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ახალი ვიდეო თამაშები მარტივი და კრეატიული უნდა იყოს.










