ძნელი წარმოსადგენია სამყარო საკულტო Ford Mustang-ის გარეშე. ეს არის ავტომობილი, რომელმაც 1960-იან წლებში, გამოშვების დღიდან ძლიერი სიყვარული მოიპოვა ხალხისგან. მრავალი მიზეზია, თუ რატომ გახდა მუსტანგი ასეთი პოპულარული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრილერ Bullitt-ში სტივ მაკქუინის გვერდით მონაწილეობა იყო 1968 წელს.
შეგვიძლია გადავხედოთ მის ისტორიას და წლების განმავლობაში მის ტრანსფორმაციას.
პირველი თაობა
(1964 – 1974)
მუსტანგი, მანქანა, რომელმაც ამერიკული ოცნება განასახიერა, საწარმოო ხაზიდან პირველად 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა და ახალ საავტომობილო სახეობას ჩაუყარა საფუძველი, სახელწოდებით Pony Club. მეორე თაობის Ford Falcon პლატფორმაზე დაფუძნებული Mustang სპორტული და სრულად კონფიგურირებადი მოდელი იყო.
მუსტანგს უფრო გრძელი წინა ნაწილი ჰქონდა და უკანა მხარეს შედარებით მოკლე იყო, ვიდრე ფორდის სერიის სხვა მანქანები. ამან მას გემბანის ფორმა მისცა. ამას ემატებოდა უკანა შუქის სამი იარუსი, რაც მას საკულტო ესთეტიკას მატებდა.
მუსტანგები ხელმისაწვდომი გახდა 2-ადგილიანი მანქანის სახით, რითაც რბოლის ენთუზიასტების მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს პოტენციალი დაინახა მასში კეროლ შელბიმ, ამერიკელმა მრბოლელმა და დიზაინერმა, რომელმაც მანქანას ამოაცალა უკანა სავარძლები და დაამატა შესრულების ელემენტები, როგორიცაა უფრო დიდი წინა მუხრუჭები, მინაბოჭკოვანი წინა ნაწილი, შემცირებული საკიდარი და დიდი ზომის საბურავები.
მეორე თაობა
ორიგინალის წარმატების შემდეგ მეორე თაობის Mustang-ს დიდი შთაბეჭდილების მოხდენა სჭირდებოდა, რადგან მისგან ბევრის მოლოდინი ჰქონდათ. ეს თაობა ტრადიციული მუსტანგის ბევრ მახასიათებელს იმეორებდა: გახეხილი გვერდები, სამ ცალი უკანა შუქი და ცხაური. ის ხელმისაწვდომი იყო როგორც ნოჩბეკ კუპე და ასევე fastback. საინტერესოა, რომ Ford-მა პირველად წარმოადგინა ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელიც წარმოქმნიდა სულ რაღაც 88 ცხენის ძალას. ასევე იყო არჩევითი ძრავა, გერმანული წარმოების „კიოლნი”, 2.8-ლიტრიანი V6, რომელიც აწარმოებდა უფრო ჯანსაღ, 105 ცხენის ძალას.
1976 წელს დაემატა Cobra II, რამაც Mustang-ს მისცა დიდი უკანა სპოილერი. ის მალე გახდა საკულტო მოდელი, რადგან გამოჩნდა იმ დროს ასევე საკულტო სერიალში Charlies Angels, სადაც ჯილ მონრო ამ მანქანას მართავდა.
მესამე თაობა
მესამე თაობაში ორიგინალური Mustang-ის დნმ-ის ნახვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, თუმცა დიზაინი ახლა უფრო გლუვი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა თაობის ყველა ძრავა ერთნაირი იყო, Mustang-ის ამ თაობას განსხვავებული დიზაინი და ახალი პლატფორმა ჰქონდა.
1981 წელს ერთ-ერთ ვარიანტად გამოვიდა 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. 1983 წელს გამოვიდა ახალი ცხაური, რომელზეც ცენტრში გამოსახული იყო Ford-ის ლურჯი ლოგოტიპი. ხოლო GLX და GT მოდელები გამოირჩეოდნენ უკანა სარკმლით. ამ დროს გამოვიდა მუსტანგის კაბრიოლეტი, რამაც მანქანის პოპულარობა კიდევ ერთიორად აამაღლა.
მეოთხე თაობა
მეოთხე თაობის Mustang-თან დაკავშირებით Ford-მა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მწარმოებელმა გადაწყვიტა, მთლიანად შეეცვალათ კორპუსი და დაეტოვებინათ წინა დიზაინები. გაქრა ის ბრტყელი ცხვირი და ის ბლაგვი ხაზები, რითაც მუსტანგი მანამდე იყო ცნობილი. ახალ თაობას გამოეკვეთა გლუვი კონტურები. განახლებულმა სტილმა Mustang-ის 35-ე წლისთავი გამოხატა.
ამ თაობაშივე გამოვიდა უფრო ძლიერი ძრავა. V6 ახლა გამოიმუშავებდა 190 ცხენის ძალას, ხოლო V8 გაიზარდა 260 ცხენის ძალამდე. გადაცემათა კოლოფი დარჩა როგორც ხუთსიჩქარიანი მექანიკური, ისე ოთხსიჩქარიანი და ავტომატური.
2000 წელს გამოვიდა 300 “Cobra R” მოდელის შეზღუდული სერია, რომელიც იკვებებოდა DOHC-ის 5.4-ლიტრიანი რკინის ბლოკის ვერსიით, 32-სარქველიანი ძრავით, რომელიც აწარმოებდა 385 ცხენის ძალას.
მეხუთე თაობა
ახალ თაობაში Ford-მა კიდევ ერთხელ სერიოზულად გადახედა მუსტანგს. დიზაინებს, რომლებიც ამ თაობამ შემოგვთავაზა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა რეტრო-ფუტურიზმი უწოდა. ამ თაობის პირველი მოდელი 2003 წელს გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი V6 ძრავა იყო წარმოდგენილი, ახლად წარმოდგენილმა 4.6-ლიტრიანმა V8-მა დამსახურებულად მიიპყრო საზოგადოების უმრავლესობის ყურადღება, 300 ცხენის ძალის სიმძლავრისა და სპორტული ხმის გამო, რომელიც ბევრის გულს იპყრობდა.
ამ თაობის ყველაზე ცნობილი მოდელი გახდა Shelby GT 500, რომელსაც 5.4-ლიტრიანი 550 ცხენის ძალის V8 ძრავა ჰქონდა, შეცვლილი საკიდით და უფრო დიდი მუხრუჭებით, ვიდრე მანამდე არსებულ მუსტანგებს.
მეექვსე თაობა
მეექვსე თაობამ აღნიშნა სრულიად ახალი Mustang-ის დაბადება. დიზაინერებმა შეძლეს კლასიკური სტილისადმი პატივისცემა ისე, რომ საბოლოო შედეგი ორიგინალის კარიკატურა არ გამოსულიყო. ის 67-ის და 69-ის მუსტანგებს მოგვაგონებს, მათსავით დახრილი ცხვირით, დიდი ცხაურით და მრგვალი ფარებით გამოირჩევა.
2021 წელს გამოვიდა მუსტანგის ცნობილი მოდელის, Mach-1-ის ხელახალი ვერსია. გაუმჯობესებული წარმადობით, მოჭიდების კიდევ უფრო მაღალი დონით და შასის დიზაინით, ის ისეთივე საყვარელი ავტომობილი გახდა, როგორც მისი პირველადი ვერსია. შეიძლება მეტადაც კი.
რომ შევაჯამოთ, მუსტანგი ის მოდელია, რომელთანაც ბრენდის სახელი ასოცირდება. წარმოუდგენელია ფორდი მუსტანგის გარეშე. ეს არის ავტომობილების სერია, რომლის მართვაც მომხმარებლისთვის ერთგვარ ფენომენად გადაიქცა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი