15
Jan
2020

მუსია ქებურიას შემოქმედება სასტუმროს ოთახის კედლებზე

15 Jan 2020

BoomBully Hotel სასტუმროა თბილისში, რომლის მოხატული კედლებიც მნახველის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

კედლები კი, ხელოვან მუსია ქებურიას მიერაა მოხატული.

ნამუშევრები თითოეული ოთახისთვის განსხვავებულია.

მუსია ქებურია: „იმის გამო, რომ „ბუმბულის“ განახლება ჰქონდათ გადაწყვეტილი, სასტუმროს მფლობელმა მთხოვა, ერთად შეგვემუშავებინა კონცეფცია და იდეები, რა და როგორი სახით შეიძლებოდა ამ ყველაფრის ოთახებსა და საერთო სივრცეებზე გამოტანა. კონკრეტული მოთხოვნები და ჩარჩოები არ მქონია, მეტი თავისუფლება საშუალებას მაძლევდა, ოთახები სხვადასხვა კონცეფციითა და სტილისტიკით დამეტვირთა.

6 სხვადასხვა ფერისა და მიმართულების ოთახი 6 სხვადასხვა თემით მოვხატე და ამან, საერთო ჯამში, დიდი მრავალფეროვნება მოგვცა. სასტუმროში კარგი განწყობა და აურა შევიტანეთ. გარდა ამისა, შესასვლელი დერეფანი და საერთო სივრცის 4 კედელი მოვხატე.

საერთო სამუშაო, დაახლოებით, ერთ თვეს გაგრძელდა, რადგან ვცდილობდით, თითოეულ ოთახისთვის საუკეთესო ვარიანტი შეგვერჩია.

სასტუმრო რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, შესაბამისად, სტუმრებიც მრავალფეროვანი ჰყავს – სხვადასხვა კულტურისა და ინტერესის მქონე ადამიანები. ამიტომ, პირველი იდეა, რაც მომივიდა, ამ კულტურებისა და ინტერესების კედლებზე გამოტანა იყო.

ნამუშევრები არის როგორც თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი, ახალგაზრდებზე მორგებული, ასევე აზიური, სპარსული, ქართული კულტურის დეტალების ნაზავით შექმნილი. საოჯახო ოთახი, რომელიც კოსმოსურ ხომალდში გაგრძნობინებთ თავს და ასევე, ოთახი ზამთრისა და სრიალის მოყვარულებისთვის. საერთო სივრცეებში ვეცადე, უფრო ზოგად თემატიკას დავყრდნობოდი“.

განხილვა