„მარტივი, მინიმალისტური სიუჟეტები, ფოკუსში ქალის პირის აპარატი ხვდება – ბაგეები, მოქნილი ენა, კბილები.. წითლის, ვარდისფრის, ნარინჯისფრის გამა. ჰიპერრეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესრულების ტექნიკა. თითოეულ ბაგეში სხვადასხვა ხასიათი ჩანს – სრულფასოვანი, ძლიერი ფემინესი. მას საკუთარი შესაძლებლობის სჯერა. ის ამაყობს თავისი ინდივიდუალურობით. ბაგე მხოლოდ სილამაზეს არ განასახიერებს, ის მეტყველების აპარატია, რომელიც თვითონ აკეთებს არჩევანს, იყოს ის, ვინც სურს რომ იყოს.“ – ეს ქართველი ხელოვანის – მუსია ქებურიას ციფრული „ტუჩების კოლექციის“ კონცეფციაა.
28 ოქტომბერს, TBILISI FASHION WEEK-ის ფარგლებში, „ლოლიტაში“ მუსია ქებურიას პერსონალურ გამოფენა – Musya’s Lips For TFW მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ციფრულად შესრულებული ტუჩების სერია, რომელიც ტუჩს, როგორც ძლიერი, ინდივიდუალური ქალის სხეულის შემადგენელ დეტალს უსვამდა ხაზს. მინიმალისტური სიუჟეტების გამოფენზე, დამთვალიერებელს შესაძლებელობა ჰქონდა, სხვადასხვა ფორმატში შეეძინა გამოფენილი ნამუშევრების პრინტები. ქართველი, თანამედროვე ხელოვანი მუსია ქებურია სხვადასხვა პროფილით მუშაობს, მისი საქმიანობისა და ინტერესის სფეროებს შორისაა: ქუჩის მხატვრობა, გრაფიკული დიზაინი, ციფრული და ტილოს მხატვრობა. აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრები, მათ შორის კი „ტუჩების კოლექცია“ ინტერესს არამხოლოდ საქართველოში იწვევს, იგი პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბითაც და ამას მოწმობს მაიამისა და ნიუ-იორკის გამოფენებზე „მუსიას ტუჩების“ მონაწილეობა. როგორია ხელოვანის პოტენციალი ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე, შემატებს თუ არა ის ტუჩების კოლექციიას ახალ ნამუშევრებს და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ – ამაზე მუსია ქებურია თვითონ გვესაუბრა:
M: როდიდან დაიწყეთ ციფრული ტუჩების ხატვა და რა იყო ინსპირაცია ნამუშევრების ამ სერიის შემთხვევაში?
ტუჩების ხატვა დავიწყე 2012 წელს და დაახლოებით, შარშან გავაკეთე ბოლო ტუჩი, თუ არ ვცდები. დროგამოშვებით, ვხატავდი მათ და საბოლოო ჯამში, შეიკრა 15 ტუჩი, ამ ყველაფრის კონცეპტი კი ძლიერი ქალია. ინდივიდუალურობა, ფემინიზმი, დამოუკიდებლობა, რადგანაც, თითოეული ტუჩი და შესაბამისად, მათი პატრონი დამოუკიდებელი პერსონაჟია და თავის სათქმელს სწორედ რომ პირის აპარატით გამოხატავს.
M: თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე მოგვიყევით.. თუ გქონიათ აქამდე მსგავსი მასშტაბის, პერსონალური ღონისძიება?
ასეთი მასშტაბური, პერსონალური ღონისძიება არ მქონია. ერთხელ გავაკეთე, 2013-ში, როცა „დივანი“ გაიხსნა და იქ იყო იყო წარმოდგენილი რამდენიმე ტუჩი, მოკლე პერიოდით, ერთი კვირით და არაოფიციალური გამოფენის ფორმატი ჰქონდა. თბილისის მოდის კვირეულის ინიციატივით, გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა, ვიფიქრეთ, რომ ტუჩების გამოფენა ახალი თემა იქნებოდა ქართული აუდიტორიისთვის და თან საინტერესო TFW-ს უცხოელი სტუმრებისთვის.
M: როგორც ვიცით, „ტუჩების სერია“, საქართველოს გარდა, პოპულარულია ამერიკაშიც. როგორი იყო თქვენი ნამუშევრების უცხოური საზოგადოებისთვის გაცნობის დეტალები?
მაქვს კონტრაქტი ონლაინ პლატფორმებთან, მათ შორის Curioos-თან, რომელმაც 300 არტისტიდან 18 შეგვარჩია. „კურიოზი“ არის საიტი, სადაც იყიდება ჩემი ნამუშევრები და ამერიკის ბაზარზე საკმაოდ კარგ ფრომოუშენს მიკეთებენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ კოლექციამ ჰპოვა იყო შარშან, მათი მაიამიში, Art Basel Miami-ზე გატანა, სადაც, იმ დროისათვის, ორი ტუჩი იყო წარმოდგენილ. გამოფენიდან საკმაოდ დიდი ფიდბექი მივიღე. ეს აისახა გაყიდული პრინტების რაოდენობაზე და როგორც ჩანს, ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ღონისძიებამ. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიუ-იორკშიც. როგორც ვიცი, აღფრთოვანებულები იყვნენ ნამუშევრებით, ბევრი წერდა ამის შესახებ ინსტაგრამზეც.
M: შემატებთ თუ არა ის ტუჩების კოლექციიას ახალ ნამუშევრებს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ასე მგონია, ტუჩებმა თავისი თავი ამოწურეს. სიმართლე გითხრათ, ზუსტად დაგეგმილი არ მაქვს და არ მაქვს მიზანი, რომ ისევ ტუჩებს „მივაწვე“. ყოველ შემთხვევაში, ეს არის დიჯითალ არტი და მათ პადის საშუალებით ვხატავ. ახლა კი ვფიქრობ, რომ ხელით შევქმნა ახალი სერია, რაღაც ექსპერიმენტებსაც ვატარებ, ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ დაახლოებით, ერთ თვეში შესაძლებელი იქნება ახალი გამოფენის გაკეთებაც.