მუსია ქებურია სარეკლამო სააგენტო Holmes&Watson-ის Art Director-ია და ასევე, არის ფრილანსერი კედლის მხატვრობასა და სხვა მიმართულებით. მუსიამ ქალაქ ხარკოვში ჩატარებულ Street Art ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, უზარმაზარი კედელი თავისი ნამუშევრით შეამკო და საქართველოს სახელი საერთაშორისო ფესტივალზე წარმოაჩინა, თანაც, საკმაოდ ლამაზად. მარკეტერს მან ფესტივალში მონაწილეობისა და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ უამბო.
M: მოგვიყევით ფესტივალის შესახებ: რა ფესტივალია და როგორ მოხვდით აქ?
ქალაქ ხარკოვის ფაშისტური გერმანიისგან გათავისუფლებასა (23 აგვისტოს) და ასევე, უკრაინის დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით (24 აგვისტოს) გაიმართა Street Art ფესტივალი, სახელწოდებით “Kharkiv Smart Fest”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა, საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, ხარკოვთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენელი მხატვრები. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან მომივიდა შემოთავაზება, მხატვრის სტატუსით მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და მეც დავთანხმდი.
M: გვიამბეთ თქვენ მიერ შესრულებული ნამუშევრის შესახებ.
რადგან ფესტივალში ასამბლეის სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი მონაწილეობდა, გადავწყვიტე, ჩემი ნამუშევრით რამე ქართული გამეტანა ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, გამოვიყენე ქართული ანბანი, ორნამენტები და დეტალები, რომლებიც თანამედროვე გეომეტრიულ და აბსტრაქტულ ფორმებს მოვარგე და 24 კვ.მ. კედელზე გადავიტანე ნახატის სახით.
M: მსგავს ფესტივალებში ადრეც მიგიღიათ მონაწილეობა?
ჩემთვის ეს პირველი აქტივობაა Street Art ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის გარეთ ჩატარდა და საშუალება მომეცა ჩემი ნამუშევარი სხვაგან გამეტანა და ასე ვთქვათ, კვალი დამეტოვებინა. შედეგად, ძალიან ბევრი საინტერესო მხატვარი გავიცანი, ახალი გარემო გამოვცადე და საინტერესო მეგობრებიც შევიძინე.
ჩემი ინიციატივით სხვა ქვეყნებშიც დამიტოვებია კვალი კედლებზე, მაგრამ სულ სხვა საკითხია, როდესაც ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული და კონკრეტულ მიმართულებაზე ორინტირებულია. ასევე, კარგი საშუალებაა ახალი თანამშრომლობებისა და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად.
M: რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ამ ფესტივალიდან?
ყველაზე კარგად რაც დამამახსოვრდა, იმ ხალხის დამოკიდებლება იყო, ვისთანაც შეხება მიწევდა. ყველა ძალიან სტუმართმოყვარე და კეთილი აღმოჩნდა. ხატვის პროცესში უბრალო გამვლელებიც კი ძალიან პოზიტიურად რეაგირებდნენ და როდესაც იგებდნენ საქართველოდან მოწვეული მხატვარი ვიყავი, ყველას უხაროდა. კიდევ ერთი, რაც დამამახსოვრდა და ცოტა დამთრგუნა კიდეც, არის ის, რომ ხარკოვში უზარმაზარი და საოცრად მოვლილი, გამწვანებული პარკები და შესაშური სისუფთავეა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი კონსტრუქტივიზმისა და სოციალისტური პერიოდის შენობებით არის დატვირთული, ეს ყველაფერი ძალიან კარგ სინთეზშია კედლის მხატვრობასთან. საკმაოდ ბევრი კედელი და კორპუსია მოხატული და ამ ყველაფრის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის მიერ ხდება. რა თქმა უნდა, ბევრი არალეგალური ნახატიცაა, თუმცა, ჩვენთან შედარებით, ამ ქალაქში „სთრით არტის“ კულტურა ყველა მხრივ საკმაოდ კარგად ვითარდება.
კარგი იქნება, მსგავსი ფესტივალები და აქტივობები ჩვენთანაც ხშირად ტარდებოდეს და საშუალება გვქონდეს მოვიწვიოთ კარგი უცხოელი მხატვრები. ასევე, მეტად შეეწყოს ხელი ადგილობრივებსაც, რათა საშუალება ჰქონდეთ გაალამაზონ თბილისის განაცრისფერებული იერსახე და უსახური შენობები.