მუსია ქებურია გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია. ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება, დაახლოებით, 3 წლის წინ დაიწყო.
სამკაულებს სპეციალური ქაღალდისგან აკეთებს, რომელიც დამუშავების შემდეგ, პლასტმასის მსგავს მყარ მასად იქცევა. ასე იქმნება Musya’s Craft-ის აქსესუარები. მათი ფასი კი 3–დან 30 ლარამდეა.
მუსია ქებურია: 2011 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მედია ხელოვნების გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი. დაახლოებით, მე-2 კურსიდან ჩემი პროფესიით ვმუშაობდი სარეკლამოებში, სტამბებში, გამომცემლობებსა და ა.შ. ამჯერად ვარ „ფრილენსერი“ და მაქვს როგორც მუდმივი, ასევე დროებითი შეკვეთები.
ძირითადად, ვმუშაობ სახლიდან. მაქვს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო, რაც საშუალებას მაძლევს, საქმისა და შეკვეთების გარდა, ვაკეთო ის რაც მე მინდა.
M: ხელნაკეთ ნივთებზე დიდი ხანია მუშაობთ?
ბავშვობიდან მიყვარდა სამკაულებისა და აქსესუარების კეთება და ვაგროვებდი მასალებს. 2-3 წლის წინ ინტერნეტში წავაწყდი ამ სახის მასალას, რომლითაც დღეს ვმუშაობ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ეს არავინ იცოდა და არავინ ხმარობდა. გადავწყვიტე გამომეწერა და მეცადა რამის გაკეთება. 2 წელი ჩემთვის ვატარებდი ექსპერიმენტებს და ხარისხის დახვეწას ვცდილობდი. რაღაც რაოდენობა რომ დამიგროვდა და ხარისხიც სასურველი გამოვიდა, გადავწყვიტე, ფართო მასისთვის გამეცნო, გამომეტანა და გამეყიდა. რაც, რეალურად, წარმატებულიც აღმოჩნდა.
M: მხოლოდ აქსესუარებს ამზადებთ?
ზოგადად ისეთი ტიპი ვარ, რომ მუდმივად ერთი და იგივე საქმის კეთება არ შემიძლია და, ჩემთვის მოსაწყენია. ხან ვხატავ ხელით, ან კომპიუტერში, ან კედლებზე, სახლის პირობებსა და ქუჩებში, ვმუშაობ მზა თექის ნაჭრებზე, ვკერავ დეკორატიულ ჩანთებს ან სხვა აქსესუარებს, გულსაბნევებს, ვმუშაობ სამკაულებზე. არის მოკლე პერიოდები, როდესაც შეიძლება სრულიად სხვა რამემ გამიტაცოს. ზოგადად, ძალიან მიყვარს „ჩხირკედელაობა”.
M: რა მასალისგან ამზადებთ აქსესუარებს?
სამკაულებს, ძირითადად, ამ სპეციალური ქაღალდებისგან (shrink ასე ჰქვია ინგლისურად) ვამზადებ, რომელზეც ხან ხელით ვხატავ, ხან კომპიუტერში, ან თუნდაც, ცნობილ ნახატებს და „იმიჯებს“ ვიყენებ და ზედ „ვპრინტავ“. მერე ვჭრი ხელით და ღუმელში საჭირო ტემპერატურაზე „ცხვება“, რის შედეგადაც, დაახლოებით, 4-ჯერ მცირდება ზომაში და მყარდება. საბოლოოდ, ნივთი პლასტმასის მსგავს მყარ მასალად იქცევა.
M: სად იყიდება თქვენი აქსესუარები?
თავიდან Tbilisi Flea Market-ზე გავიტანე და საკმაოდ წარმატებული “ვაჭრობა” გამოდგა. ყოველ მისვლაზე ნახევარზე მეტი იყიდებოდა. ძირითადად, ამ სახით ვყიდდი. ან facebook –ის გვერდიდან არჩევენ, სახლში მაკითხავენ და მიაქვთ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საკუთარი მაღაზია არ მაქვს და არც სადმე მიდევს.
M: რა ღირს Musya’s Craft– ის აქსესუარები?
ფასები, ჩემი აზრით, ძალიან ადეკვატური და იაფიც არის იმ შრომასთან შედარებით, რასაც ამ სახის სამკაულები ითხოვს. შეფუთვიდან დაწყებული, სამკაულის აწყობით დამთავრებული, ყველაფერს დამოუკიდებლად და მარტო, ხელით ვაკეთებ. ფასები 3-დან 30 ლარამდე მერყეობს.
M: შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესია? თუ უფრო ჰობია?
ალბათ, ბიზნესის სახის ჰობია. რადგან ამით თავს არ და ვერც ვირჩენ. შემოსული ფულით ისევ მასალებს ვყიდულობ და ახალ სამკაულებს ვამზადებ. ჯერჯერობით, მარტო საქართველოში ვყიდი და დიდ იმედსაც არ ვამყარებ, რომ ამით აქ ძალიან ბევრ ფულს ვიშოვი. უბრალოდ, ეს საქმე ძალიან მხიბლავს და მომწონს. როდესაც ჩემ ხელნაკეთ სამკაულებს ატარებენ და კმაყოფილები არიან, სტიმულს მაძლევს უფრო ბევრი, კარგი და ახალი აქსესუარი ვაკეთო.
M: დღეს ხელნაკეთი სამკაულები პოპულარულია? კონკურენცია თუ არის და რითია მათგან გამორჩეულია Musya’s Craft-ი?
მგონი, ძალიან პოპულარულია და იმედი მაქვს, ნელ-ნელა დაფასდება საქართველოში სიტყვა „ხელნაკეთი“. ნებისმიერი სახის პროცესი, რომელიც ხელით სრულდება, აუცილებლად ძალისხმევას, ნებისყოფას და დიდ შრომას ითხოვს. საბოლოოდ მყიდველი ან ამჩნევს ან ვერ, რაც აისახება ფასზე, რომელიც მას შეიძლება არაადეკვატურად მოეჩვენოს. მგონია, რომ ხელნაკეთ აქსესუარებზე კონკურენცია არის და ეს ძალიან კარგია. ბევრ ლამაზ და უცხო სამკაულს ვაწყდები პერიოდულად ქართულ ინტერნეტ სივრცეში და ძალიან მიხარია.
რაც შეეხება Musya’s Craft-ს, ალბათ, იმით გამოირჩევა, რომ ამ მასალაზე, როგორც ვიცი, მარტო მე ვმუშაობ კომერციის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი არჩევანი და მრავალფეროვნება. თუნდაც, ვიზუალის, შინაარსისა და ფორმის კუთხით. არ ვუშინდები არანაირი სახის შეკვეთას, რადგან ძალიან დიდ საშუალებას იძლევა ეს მასალა.
M: შეიძლება ეს საქმე აქციო ბიზნესად?
ეს საქმე რომ ბიზნესად ვაქციო, ალბათ, ამისთვის საჭიროა, მხოლოდ ამას დავუთმო მთელი დრო და ენერგია. ასევე, გავიტანო საზღვარგარეთ, დავდო სხვადასხვა ვებ-გვერდზე და ფოსტის მეშვეობით გავყიდო, რასაც, იმედია, ახლო მომავალში მოვახერხებ. უცხოელ არტისტებს, რომლებიც ამ მასალაზე მუშაობენ, საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც აქვთ. რეალურად, შესაძლებელია მხოლოდ ეს იყოს მათი შემოსავლის წყაროც. რა თქმა უნდა, ფასიც გაცილებით მაღალი აქვს მათ პროდუქციას, რადგან დროთა განმავლობაში, როგორც ბრენდი, ისე ყალიბდება და ავტორიტეტიც ემატებათ. ასევე მგონია, იმის დამსახურებაც არის, რომ საზღვარგარეთ იციან ხელნაკეთი ნივთების დაფასება და სწორი შეფასება.
M: სამომავლოდ რას აპირებთ?
მთავარი მიზანი – მქონდეს საკუთარი სახელოსნო, თავისი პატარა მაღაზიით, სადაც ძალიან ბევრი სახის მასალა მექნება და რაც მომინდება იმას გავაკეთებ – დავხატავ, შევკერავ, გამოვძერწავ, გამოვთლი, გავაკეთებ და ა.შ. რასაც საბოლოოდ, ჩემსავე მაღაზიაში დავდებ, გამოვფენ და გავყიდი.