ახლად გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რნმ-ის გაუმართაობას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მაქს პლანკის მეცნიერი დოქტორის, ვენმინგ ჰაუნგის, თქმით, მკვლევრებმა მატლებში აღმოაჩინეს გენი, რომელიც რნმ-ის შერწყმაში მონაწილეობს და სიცოცხლის ხანგრძლივობას არეგულირებს — საუბარია PUF60-ზე.
სწორედ ამ გენის მუტაციებმა გამოიწვია არაზუსტი შერწყმა და ინტრონების შეკავება რნმ-ში — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რნმ-დან შესაბამისი ცილების ნაკლები რაოდენობა წარმოიქმნა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ PUF60 გენის მუტაციის მქონე ჭიები გაცილებით დიდხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე სხვა ჭიები.

საგულისხმოა, რომ ამ მუტაციით განსაკუთრებით დაზარალდა ისეთი ცილები, რომლებიც საკვების ხელმისაწვდომობის სენსორს (mTOR) წარმოადგენს და უჯრედული მეტაბოლიზმის საკონტროლო ცენტრს ემსახურება. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ PUF60 აქტივობის შემცირებულმა დონემ mTOR სასიგნალო გზის დაქვეითება გამოიწვია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რნმ-ში ინტრონების მოქმედების შეცვლით, ახალი მექანიზმი აღმოვაჩინეთ, რომელიც mTOR სიგნალებსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას არეგულირებს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ადამიანების სახითაც გვყავს მსგავსი მუტაციების მქონე ინდივიდები, მაგრამ მათ ზრდის დეფექტები და ნეიროგანვითარების დარღვევები აღენიშნებათ. მიუხედავად ამისა, სამომავლოდ შეიძლება ასეთმა პაციენტებმა დიდი როლი შეასრულონ მედიხინის ისტორიაში“, — განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი და მაქს პლანკის დირექტორი, ადამ ანტები.










