25
Oct
2019

თბილისში მაუწყებლობას ახალი მუსიკალური ინტერნეტ რადიო იწყებს – Mutant Radio მსმენელს 26 ოქტომბრიდან ელის

25 Oct 2019

XXI საუკუნის ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად შეიცვალა მუსიკის სმენის ქცევა და პროცესიც. პლატფორმები, როგორიცაა Spotify და Deezer მუსიკის ნებისმიერ ჟანრში, მსმენელს უსასრულო ფლეილისტებს სთავაზობენ. თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც გააჩნია, მომხმარებლები დაშორებულები არიან იმ ადამიანურ ინტერაქციას, რასაც მათ ტრადიციული FM რადიო ფორმატი სთავაზობდა. სწორედ ამ ნაკლის ამოვსებას ცდილობენ ახალი ტიპის ინტერნეტ რადიო პლატფორმები, როგორიცაა NTS Radio, Berlin Community Radio, Red Light Radio და სხვა. სულ მალე ამ სიას ახალი სახელი – Mutant Radioეემატება, რომელიც თბილისში იწყებს მაუწყებლობას.

3 მეგობრის – თათა ჯანაშიას, ნინა ბოჭორიშვილის და ვლადიმერ ნაჭყებიას წამოწყება მალე ქართველ და არამხოლოდ ქართველ მსმენელს, ინტერნეტში სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ გადაცემებსა და ფლეილისტებს შესთავაზებს. რადიო თბილისში, სანაპიროსთან, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე ხელნაკეთ ვაგონშია განთავსებული და მსმენელისთვის 26 ოქტომბრიდან იქნება მზად, ამავე დღესაა დაგეგმილი შესაბამისი გახსნის ღონისძიებაც. მარკეტერი იდეის ავტორებს რადიოს ფორმატსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

M: საიდან წამოვიდა Mutant Radio-ს შექმნის იდეა და რა დატვირთვა გააჩნია არსებულ სახელს?

თათა: რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეგობართან, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი კლუბის რეზიდენტ DJ-ია ბელგრადში, ამავე კლუბის დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული, აქვე იყვნენ სხვადასხვა ფესტივალების, რადიოებისა და ლეიბლების წარმომადგენლებიც. სწორედ ამ ღონისძიებაზე გავიცანი Red Light Radio-ს დამფუძნებლები, რომლებმაც საუბარში შემომთავაზეს, რომ თბილისშიც გაგვეკეთებინა რაიმე არაკომერციული პროექტი. თავად Red Light Radio-ს ერთ-ერთი მიმართულება ინიციატივებია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და სესიებს მართავენ. თბილისში ჩამოსულს, მალევე დამიკავშირდნენ და მკითხეს, რამე იდეა ხომ არ მქონდა საერთო პროექტზე. დაახლოებით 4 წელია რაც მუსიკალური სახის ღონისძიება არ დამიგეგმავს, ამიტომაც ამ პროექტის მარტო გაკეთება რთული იქნებოდა.

საბედნიეროდ მე და ნინას ერთად საქმის გაკეთების გამოცდილება გვაქვს, დავკავშირდით და რადიოს წარმომადგენლებსაც შევეხმიანეთ, თბილისში გავაკეთეთ პირველი სტრიმინგ სესია, რასაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მალევე გავაკეთეთ მეორე პროექტიც, ამჯერად ქუთაისში, ვინაიდან რეგიონები, რომლებიც ძალიან მოწყვეტილები არიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რამენაირად ჩაგვერთო ამ ყველაფერში.

ამ ორი პროექტის შემდეგ მივხვდით, რომ საქართველოს ბევრი რამ აკლია მუსიკალური თვალსაზრისით და კლუბებისა და კაფე/ბარების გარდა, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება – აქვე გაგვიჩნდა იდეა, რომ საკუთარი რადიო გაგვეკეთებინა და უკვე ჩვენ მოგვეწვია სხვა რადიოები – ერთია რომ ლოკალური საჭიროება არსებობდა, მეორე მხრივ კი ქვეყნის გარეთაც გასატანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედებაც. ერთ-ერთ Red Light Radio-ის საღამოზე ვლადიმერიც გავიცანით და მოვიწვიეთ ჩვენთან საერთო პროექტის განსახორციელებლად, რაზეც უკვე ერთი წელია რაც ვმუშაობთ.

ვლადიმერი: როდესაც დავიწყეთ იდეებზე ფიქრი, მივხვდით რომ რისკენაც მივდიოდით, ის მხოლოდ რადიო არ არის, საბოლოოდ გამოვიდა მუტანტი მედია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს, სწორედ აქედან წამოვიდა რადიოს სახელიც.

M: რა არის თქვენი პლატფორმის ძირითადი კონცეფცია და მიმართულება?

ვლადიმერი: ძირითადი ხაზი მუსიკაა, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ჩვენთვითონ შევამჩნიეთ, რომ ძალიან ერთხაზოვანია მუსიკის განვითარება თბილისში. კლუბები ავითარებენ შესაბამის მუსიკას, სხვა მიმართულებები თავისით ვითარდება ან არ ვითარდება, შესაბამისად, არაფერი იყო, რაც კრავდა ერთად ამ მიმართულებებს და ხალხის მუსიკალურ განვითარებაზე იზრუნებდა.

ნინა: რადგან მობილურია ჩვენი პლატფორმა, ვეცდებით თბილისს გარეთ ხშირად გავიდეთ და მუსიკალურად გავამრავალფეროვნოთ ჩვენი რეგიონები და აღმოვაჩინოთ ახალი არტისტები

M: ორიენტირდებით მხოლოდ საქართველოზე თუ საერთაშორისო პლატფორმის შექმნას აპირებთ?

ვლადიმერი: იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ რადიო იყოს ორენოვანი. როდესაც ქართველ მუსიკოსთან გვექნება ინტერვიუ, ან გადაცემა  – გადაითარგმნოს ინგლისურად, ხოლო როდესაც უცხოელ არტისტს ვიწვევთ ამ შემთხვევაში პირიქით, ქართველი მსმენელისთვის გავხადოთ გასაგები. ეს ყველაფერი ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის.

M: რა ტიპის კონტენტს შესთავაზებთ მსმენელს?

ვლადიმერი: ვეცდებით, ყველანაირი მუსიკალური სტილის მოყვარული ადამიანები მოვიწვიოთ, ეს იქნება უბრალოდ დაკვრა თუ საავტორო გადაცემა. რაც შეეხება ახალ არტისტებს, ვებ-საიტზე ცალკე განყოფილება გვექნება, სადაც შეეძლებათ საკუთარი დემოს, ან გადაცემის იდეის გამოგზავნა და ჩვენც გახსნილები ვართ ყველასთვის, მზად ვართ რომ გადაცემა ჩვენთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა გააკეთონ.

თათა: გვექნება ვიდეო და აუდიო სტრიმები, ასევე გვექნება სხვადასხვა ტიპის საავტორო რადიო გადაცემები. ვორქშოფები და ა.შ.

ვლადიმერი: ვორქშოფები, სადისკუსიო პანელები დაგვემატება, რის ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო ადამიანი შეიკრიბება, აირჩევენ თემას და იქნება მოდელირებული დისკუსია, სადაც სხვადასხვა მხარე თავის პოზიციას წარმოაჩენს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მუსიკალური ინდუსტრიის ირგვლივ იტრიალებს.

M: თუ აპირებთ FM სივრცეზე გასვლას?

ნინა: სამომავლო გეგმებში გვაქვს რომ FM სიხშირეზეც გავიდეთ, ჯერ დავიწყებთ ინტერნეტ რადიოთი და ვიმედოვნებთ FM-მიმართულებასაც მალე განვავითარებთ.

M: და ბოლოს, რას უნდა ელოდოს მსმენელი თქვენს პირველ დღეს, 26 ოქტომბერს?

ვლადიმერი: 26 ოქტომბერს, 13:00 საათიდან იქნება ჩვენი და Red Light Radio-ს ორი პარალელური 8 საათიანი სტრიმი, სადაც მოწვეულები იქნებიან ქართველი და უცხოელი არტისტები, რომლებსაც შეუერთდებიან რადიოს არტისტებიც. ღამისკენ  Horoom-ში იქნება წვეულება, სადაც Mutant Radio-ს და Red Light Radio-ს დამფუძნებელები ერთად დაუკრავენ, კვირა დღიდან კი რადიო ჩვეულებრივად დაიწყებს მაუწყებლობას.



განხილვა