in

„მუცოს ახალი სიცოცხლე“ – პროექტი, რომელიც ევროპის რჩეული გახდა

„მუცოს რესტავრაციის პროექტი ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა. ის ჯერ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში უმაღლესი აღიარების ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოზე, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ12 ლაურეატს შორის მოხვდა. იქიდან კი მუცოს ციხე-სოფლის რეაბილიტაციის პროექტი, ხმის მიცემის საფუძველზე, ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა. ეს საკმაოდ ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი ჯილდოა, საერთაშორისო აღიარების პრიზი“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე.

BOG
BOG

„ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე, პარიზში, საქართველოს დელეგაციამ, დოკუმენტური ფილმი „მუცოს ახალი სიცოცხლე“ აჩვენა, სადაც რეაბილიტაციის პროექტზეა მოთხრობილი.

https://www.youtube.com/watch?v=LGDQTMhOvNU&fbclid=IwAR2e28WdeeiNUOYrhb-_-Vx5fLy-dqbJOc7kxBWrKqb080r9nu9Ty51kp-k

 

ბექა ბარამიძე ამბობს, რომ ეს გამარჯვება და ევროპის ასეთი აღიარება მუცოს ციხე-სოფელს დიდ სარგებელს მოუტანს:

„ამ პრიზს არ ახლავს რაიმე სახის ფულადი ჯილდო, განსხვავებით გრანპრისგან. თუმცა, გამორჩეულია იმით, რომ ამ სტატუსს, კონკრეტულ პროექტს, მთელი ევროპის საკმაოდ ფართო საზოგადოება ანიჭებს. რა საკვირველია, გამარჯვებაში, დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენმა თანამოქალაქეებმაც თავისი ჩართულობით და აქტიურობით. ის, რომ, ქულათა შეფასებითი სისტემის საფუძველზე, მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, საუკეთესოდ დაასახელა ევროპული თანამეგობრობის საზოგადოებამ,  ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პრიზს აქვს ძალიან წონადი სარგებელი, დივიდენდი. ამით ევროპისთვის მუცო და პირიქითა ხევსურეთი ხდება ცნობადი და ხელმისაწვდომი ინფორმაციული და ტურისტული ნიშნით. ეს აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც იქაური სოციალურ – ეკონომიკური ყოფის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენია. თავიდანვე, 2014 წელს, როდესაც მუცოს რეაბილიტაცია დავიწყეთ, საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე ვიდექით (გეოგრაფია, ურთულესი ლანდშაფტი, მიუწვდომელი ინფრასტრუქტურა და დემოგრაფიული პრობლემა – აქ მხოლოდ 1 ოჯახი იყო დარჩენილი). რეაბილიტაციაზე სამუშაოდ, წელიწადში, მხოლოდ 5 თვე გვქონდა, კლიმატური და სხვა პირობების გამო. თუმცა, პროექტი მაინც შედგა და აი, წელს მუცოს ციხე-სოფლის რეაბილიტაციის არქიტექტურული ნაწილი უკვე დასრულდა“.

რისთვის გახდა მუცოს ციხე-სოფლის რეაბილიტაციის პროექტი ევროპის რჩეული? 

ბექა ბარამიძე: 90%ით აღდგა საცხოვრისი ნაგებობები – გადასალაგებელი იყო არქიტექტურული წყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მათ გადახურვებს, მისასვლელ გზებს. გარდა ამისა, მოსაძიებელი იყო ნედლეული – საშენი მასალა ფიქალი. ეს ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა – მშრალი ფიქალის წყობის ტრადიციული მეთოდოლოგიის აღდგენა, რისი გამოცდილებაც ადგილზე პრაქტიკულად აღარავის ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში ადგილობრივებისა და ჩრდილო კავკასიიდან ჩამოყვანილი ოსტატების ჩართულობით, პრაქტიკულად, მოვახერხეთ მისი აღდგენა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუცოში და ზოგადად, პირიქითა ხევსურეთში ფიქალის მშრალი ქვით შენების ისტორიული ცოდნა აღდგენილია. დღეს გვყავს ოსტატები, ვინც იცის ამ მეთოდოლოგიით სარესტავრაციო პროცესების წარმართვა. როცა პროექტი „ევროპა ნოსტრას“ ლაურეატებს შორის მოხვდა, ჟიურიმ აღნიშნა კიდეც, რომ პასუხობდა დეპოპულაციის, მაღალმთიანი ზონის სოციუმის დაცლის უმწვავეს საკითხს, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და საერთაშირისო პრობლემაა. მუცოს ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია იყო წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები თავის კერებს დაბრუნებოდნენ. ასე მოხდა – 4 ოჯახი უკვე დაბრუნდა თავის ისტორიული სოციუმში და ეს პროცესი შეუქცევადია. თემის ის წარმომადგენლები, ვინც ბარში 10-წლეულების წინ გადასახლდა, თავის ძველ საცხოვრისს უბრუნდება. ამას კიდევ უამრავი თანმდევი დადებითი პროცესი მოჰყვება, რაც მუცოსადმი ტურისტულ ინტერესს გამოიწვევს საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე. ეს კი იქნება უტყუარი გარანტი იმისა, რომ ამ ციხე-სოფელში და ზოგადად, ხევსურეთის მაღალმთიან ზონაში, მოსახლეობა თავის ისტორიულ საცხოვრებელს დაუბრუნდება.

მუცოს ამბავი ამით არ სრულდება . . . 

ბ.ბ. : მუცოში შევქმენით მუზეუმ – ნაკრძალი, რომლის ხელმძღვანელიც ადგილობრივი მკვიდრია. ამ მუზეუმ – ნაკრძალის საშუალებით, ვფიქრობთ, შევქმნათ ეფექტური მექანიზმი, როგორც ცალკე ინსტიტუცია. გვინდა, მუცოში სარეაბილიტაციო მოვლა-პატრონობის პროცედურები მუდმივად იყოს. ამავდროულად, ვფიქრობთ, არსებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვავითაროთ. მაგალითად, მომავალი წლისთვის, ვგეგმავთ, მუცოს მთის ფერდობის მოპირდაპირე ფერდობზე მოეწყოს ინფრასტრუქტურული ატრაქცია, მცირე ზომის ფუნიკულიორის სახით, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, დავიწყეთ მუზეუმ – ნაკრძალის ბაზარზე მულტიმედია სანახაობისა და ატრაქციის მოწყობა – დასასრულისკენ მიდის ვირტუალური რეალობის ტურის დანერგვა, რომელიც დამთვალიერებელს, ვისაც არ შეუძლია, ამ რთულ მარშრუტზე გადაადგილდეს და დაათვალიეროს მუცო, საშუალებას მისცემს, იხილოს არქიტექტურული კომპლექსის სრული იერსახე და ახლოს გაეცნოს მის ვიზუალურ, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ყოფას. ვფიქრობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, სამომავლოდაც, აქტიურად იქნება ჩართული მუცოს მდგრადი ეკონომიკური საფუძვლების შემუშავებაში. ერთია, რომ დავასრულეთ სარესტავრაციო პროცესი, მაგრამ ახლა უნდა გავაცოცხლოთ ეთნოგრაფია. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, ტურისტს არ დავახვედროთ მხოლოდ მშრალად რესტავრირებული არქიტექტურა, იქ უნდა იყოს ცოცხალი გარემო, რომელიც თემმა უნდა შექმნას. სწორედ თემის კვალიფიკაციისა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, ვფიქრობთ, შევქმნათ  საგანმანათლებლო-შემეცნებით ერთობლივი ინსტრუმენტი. ეს იქნება უწყვეტი პროცესი, რომელიც იმავე ტიპის პრეცედენტს შექმნის, როგორიც თავის დროზე სვანეთსა და თუშეთში მოხდა – ტურისტულად საკმაოდ დატვირთულ ლოკაციებად იქცა. პირიქითა ხევსურეთი, ამ კუთხით, შედარებით მოკრძალებულია, იქ მცხოვრებ სათემო გაერთიანებებს ამ ტიპის ეკონომიკური საფუძვლები, ჯერჯერობით, ნაკლებად აქვთ, ხელი ნაკლებად მოუწვდებათ ამ საშუალებებზე. მუცოზე ჩვენი სტრატეგია არ შემოიფარგლება იმით, რომ რეაბილიტაცია განვახორციელოთ მხოლოდ რეაბილიტაციისთვის.

გვინდა, ადგილობრივი თემის, მათი სოციალური წინსვლისა და ეკონომიკური განვითარებისთივის პლაცდარმი შევქმნათ და სათანადო გარემო ჩამოვაყალიბოთ. ვთვლით, რომ ამ პროცესში, ჩვენც მუდმივად უნდა ვიყოთ ჩართული. მუცოში, თუ ცოცხალი გარემო არ იქნება, არქიტექტურულ ნაგებობას, წლების განმავლობაში, უპატრონობით, ისევ გაუჩნდება პრობლემები. ამიტომ, უნდა იყოს ცოცხალი ძალა, რომელიც მუდმივად იზრუნებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და მისთვის სიცოცხლისუნარიანობის გაგრძელებაზე.

 

როგორ იქცევენ მშობლები ჩვენს ყურადღებას – Ikea-ს კამპანია

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუკი სასურველ სამსახურში ვერ მოეწყეთ?