in

მუცო ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გრან-პრისა და „საზოგადოების რჩეულის“ ტიტულის მოლოდინში

2019 წლის 29 ოქტომბერს, პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში, ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გრან-პრის 7 ლაურეატს დაასახელებენ. ამ პრიზისთვის, სხვებთან ერთად, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც იბრძოლებს, რომელიც ცოტა ხნის წინ, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ცერემონიაზე, ასევე, გამოვლინდება „საზოგადოების რჩეული“ – მოქალაქეებს, მსოფლიოს მასშტაბით, შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო პროექტს ამ სტატუსის მოსაპოვებლად – გამარჯვებული სწორედ ხმის მიცემით გამოვლინება.

BOG
BOG

 

 

ყველაფერი 2019 წლის 21 მაისს დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს დაასახელეს ევროპული მემკვიდრეობის პრიზის „ევროპა ნოსტრას“ 2019 წლის გამარჯვებულები.

„კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი [მე-4 ეტაპი დასრულდა 2018 წელს], რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წელს წარადგინა. ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა 16 ქვეყნის 25 ლაურეატთან ერთად მოიპოვა, რომლებმაც წარმატებებს სხვადასხვა ნომინაციებში მიაღწიეს. დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც მემკვიდრეობის პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, კონკურსის გამარჯვებულები ცალკეული ორგანიზაციების და ინდივიდების მიერ 34 ქვეყნიდან წარდგენილი 149 განაცხადიდან შეირჩა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონსერვაციის, კვლევის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლის, განათლების, სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებში“.

კონსერვაციის კატეგორიის ნომინაციაში ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო მუცოს კომპლექსთან ერთად მოიპოვეს შემდეგმა სარეაბილიტაციო პროექტებმა:

  • მონტრეი ბონის სასახლე – საფრანგეთი
  • ქრისტეს სუდარის ტურინის კაპელა – იტალია
  • წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი – ჰაარლემი, ჰოლანდია;
  • დედოფალ ლუიზ ედიტის კომპლექსი – ზაბჟე, პოლონეთი;
  • არქეოლოგიური ნაშთების გამოსაფენი პავილიონი – სელჟე, სლოვენია
  • ს’ჰოსტალის ქვის კარიერი – მენორკა, ესპანეთი;
  • პარტალის სასახლის სამლოცველო – ალჰამბრა, გრენადა – ესპანეთი;
  • დიდების კარიბჭე – სანტიაგო დე კომპოსტელა – ესპანეთი;
  • შუა საუკუნეების ბეღელი – ინგატორფი – შვედეთი;
  • ირ ისგვრინი, თრაუსფინიდი – უელსი, გაერთიანებული სამეფო.

წინ კიდევ ერთი ეტაპია – სააგენტოს ინფორმაციით, ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოვების წარმომადგენლობითი ცერემონია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება. ცერემონიის მიმდინარეობისას დასახელდება გრან პრის შვიდი ლაურეატი, რომელთაც პრიზის სახით €10,000 გადაეცემათ. სწორედ ამ გამარჯვებისთვის იბრძვის ახლა მუცოს რეაბილიტაციის პროექტი. ცერემონიაზე ასევე გამოვლინდება „საზოგადოების რჩეული“. ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს „საზოგადოების რჩეულის“ სტატუსის მოსაპოვებლად.

ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური ბმულზე და ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი. წესები კი, როგორც სააგენტოში ამბობენ, საკმაოდ მარტივია:

  • ხმა უნდა მისცეთ 3 სხვადასხვა პროექტს
  • პირველად მიცემული ხმა ფასდება 3 ქულით, მეორე -2 ქულით, მესამე – 1 ქულით.
  •  ერთი და იმავე ქვეყნიდან წარდგენილ 2 პროექტს ხმას ვერ მისცემთ.
  • ხმის მიცემის შემდეგ, ელ.ფოსტაზე მოგივათ წერილი, რომელიც უნდა გახსნათ და დაადასტუროთ.
  • ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ

 

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური საწარმო გაიხსნა

18-20 ივლისს ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს