ზოგჯერ ისე მოგვბეზრდება „ირგვლივ გაბატონებული რეალობა“, რომ ვცდილობთ, რაღაც ფანტასტიკურ წარმოდგენებში გადავეშვათ. გვინდა, სულ სხვაგვარი სამყარო მივიღოთ, რომელშიც ყველაზე უჩვეულო, სიურრეალისტური, მაგიური და ჯადოსნური ფიქრებიც შეისხამს ხორცს. „დედამიწისეულ“ მოცემულობას ხომ ისედაც ნათლად ვხედავთ საკუთარი ფართოდ გახელილი თვალებით — დროდადრო რაღაც სხვა გვინდა, აი ისეთი, მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრში რომ წარმოიდგენენ.
ამ მწერლებსაც, ვისზეც სტატიაში მოგიყვებით, ასე უნდოდათ სხვაგვარი სამყაროების არა მხოლოდ წარმოდგენა, არამედ საგულდაგულოდ შექმნა — თითოეული დეტალის თავადვე განსაზღვრა, მოფიქრება და ერთიან სიუჟეტში მოქცევა. თან მარტო გარემო ხომ არ არის? იქვე ადამიანებისგან განსხვავებული პერსონაჟებიც უნდა გააცოცხლო, ანდაც ჩვენს მსგავსებს ირეალური შესაძლებლობები უნდა მიაწერო.
რეი ბრედბერი
„451° ფარენჰაიტით“ ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის დისტოპიური რომანია. აქ ავტორი მომავლის საზოგადოებას წარმოიდგენს, რომელიც რეალობად რომ ქცეულიყო, ახლა ამ სტატიის წერისთვის მეც გამასამართლებდნენ — თქვენ კი მხოლოდ ჩუმად, ინკოგნიტო და საგულდაგულოდ დაცული ბრაუზერიდან მოახერხებდით წაკითხვას, სანამ სრულად გააქრობდნენ ინტერნეტსივრციდან… მართალია, ბრედბერის მომავლის სამყაროში ინტერნეტთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ მარეგულირებელი ორგანო საგულდაგულოდ ზრუნავდა იმაზე, რომ ადამიანებს წიგნების წაკითხვა არ შესძლებოდათ. თუკი ვინმე ფარულად განიზრახავდა „მომაკვდინებელი ცოდვის“ ჩადენას, სათანადოდაც დაისჯებოდა…
აქ საზოგადოებრივ წესრიგს მეხანძრეები ამყარებდნენ, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობის ნაცვლად, პირიქით აჩაღებდნენ — ასე ებრძოდნენ ყველაზე დიდ მტერს, წიგნს. ამის ფონზე კი ჩნდებიან „ადამიანი წიგნები“… მარეგულირებლების თვალებს ამოფარებულ დასახლებაში კითხვის მოყვარული ადამიანები თითო-თითო წიგნს იზეპირებდნენ და ასე ცდილობდნენ მათი კაცობრიობისთვის შენარჩუნებას.
ფრენკ ჰერბერტი
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელ მწერალ ფრენკ ჰერბერტს ქართველი მკითხველი ყველაზე მეტად რომანით „დიუნი“ იცნობს, რომელიც სერიის პირველ წიგნს წარმოადგენს და კიდევ 5 ნაწილს მოიცავს. ეს საგა შორეულ მომავალზე მოგვითხრობს, პარალელურად კი მრავალ კომპლექსურ საკითხს ეხება — მათ შორისაა ადამიანთა მოდგმის გადარჩენა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ევოლუცია, პლანეტოლოგია და ეკოლოგია. თავის მხრივ, ამგვარი საკითხების წინ წამოწევა თავად ჰერბერტის მრავალფეროვან პროფესიებს უკავშირდება — ის, მწერლობასთან ერთად, ჟურნალისტობას, ფოტოგრაფობას, რეცენზენტობას, ეკოლოგიურ კონსულტანტობას და ლექტორობასაც ითავსებდა. ამავდროულად, ავტორი ეხება რელიგიის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ძალაუფლების გადაკვეთის საკითხს. თანაც ეს ყველაფერი იმ დროში, როცა კაცობრიობამ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა ჩვეულებრივ მარტივ მოცემულობად აქცია…
ზოგადად ჰერბერტისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა იმ რთული იდეების შესწავლას უკავშირდებოდა, რომლებიც ფილოსოფიას, რელიგიას, ფსიქოლოგიას, პოლიტიკასა და ეკოლოგიას მოიცავს. როგორც მისი ნაწარმოებებიდან ჩანს, ავტორს განსაკუთრებით იზიდავდა ადამიანის გადარჩენის თუ ევოლუციის საკითხი. თანაც ჰერბერტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლობის ფარგლებში მთელი ყურადღება ეკოლოგიას და სისტემური აზროვნების პოპულარიზებას დაუთმო.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი ყველასათვის საყვარელი „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებელის“ ავტორია. თუმცა მან მითოლოგიური ჟანრის „სილმარილიონი“ და ფენტეზის ჟანრის სხვა ნაწარმოებებიც დაწერა. თითოეულ მათგანს კი ერთი საერთო აქვს — მეტწილად ყველაფერი გამოგონილ და არარეალურ ამბებზეა დაფუძნებული. თან არა მხოლოდ სამყაროები და პერსონაჟები შეთხზა, არამედ სასაუბრო ენაც კი თავად გამოიგონა.
მაგალითად, ბეჭდების მბრძანებელი არის საგა, რომელიც ფანტასტიკური სამყაროსა და მისი ბოროტებისგან გადარჩენის მცდელობებზე გვიამბობს. ფოლკლორით შთაგონებული ჯადოსნური არსებები და სიზმრისეული დაშვებები ერთი მთლიანობის ნაწილია, აქ ყველაფერი შესაძლებელი ხდება — არაფერს გააჩნია დამაბრკოლებელი საზღვარი. მოჯადოებული ბეჭედი კი ყველა გმირის მამოძრავებელ ძალად გვევლინება, როგორც სანუკვარის და, ამავდროულად, მისგან თავის დაღწევის მცდელობების ერთიანობად.
„ბეჭდების საძმო“, „ორი ციხე-კოშკი“ და „მეფის დაბრუნება“ თანაბრად პოპულარულია მთელ მსოფლიოში — სამივე ნაწილს ერთნაირი აჟიოტაჟი მოჰყვა…
რაც შეეხება „ჰობიტს“, ის ერთი უბრალო ადამიანის გმირად ქცევის ამბავს გვიყვება. ბილბო, მორცხვი და საკუთარი უსაფრთხო ცხოვრებით კმაყოფილი ბიჭი, ყოველი ჩვენგანის სახეს წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას იმისა, რომ არაფრით განსაკუთრებული ყოველდღიურობა, სულ სხვაგვარ არსებობად ვაქციოთ. რომანი შთაგვაგონებს, რომ გავრისკოთ, კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ და დავინახოთ, რეალურად „რისთვის ვართ შექმნილი“. ასე აცნობიერებს ბილბოც, რომ მთელ სამყაროში იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ რიგითი ჰობიტი.
„რომ არ ყოფილიყო ტოლკინი, რომ არ არსებულიყო ზღაპარი, რომელიც სულაც არ არის ზღაპარი — იქნებოდა თუ არა სამყარო ისეთი, როგორიც არის? ვიქნებოდით თუ არა ჩვენ უფრო უკეთესები ან უარესები, ვიდრე ვართ? მართლაც კარგი იქნებოდა, ეს ზღაპარი გვექცია ცხადად, ახალი ენები გვესწავლა და ახლიდან დაგვეწყო კაცობრიობის თავგადასავალი“, — დაიწერა ინგლისური ჟურნალის, „დეილი მირორის“ ერთ-ერთ ნომერში.
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მარტინი ფენტეზის, საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრების მწერალია. მართალია, მისი ცნობილი რომანის ეკრანიზაციას „სამეფო კარის თამაშების“ სახელით ვიცნობთ, მაგრამ თავად ავტორმა რომანს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ დაარქვა.
ბუნებრივია, მარტინს ბავშვობიდანვე იტაცებდა მონსტრებზე საუბარი, მათ შესახებ ისტორიების წერა, შემდეგ კი მობელ ბავშვებში ყიდდა. ასევე, წერდა ზღაპრებს მითურ სამეფოზე, სადაც მხოლოდ კუები ცხოვრობდნენ და თავიანთ სათამაშო სახლებში იხოცებოდნენ… ამგვარ ფანტაზიებში აშკარად იკვეთებოდა შემდგომი შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც კვლავ გამოგონილ სამყაროებს, ფანტასტიკურ პერსონაჟებსა და „ხოცვა-ჟლეტასაც“ დაუკავშირდებოდა.
უშუალოდ ყველაზე ცნობილ რომანზე რომ ვისაუბროთ, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ მოვლენები რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. აქ სიუჟეტის სამი ხაზი იკვეთება, რაც ნაწარმოებს საკმაოდ მასშტაბურსა და მრავალფეროვანს ხდის: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის; ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა; დეინერის ტარგარიანის მიზანი, დრაკონებთან ერთად რკინის ტახტი დაიბრუნოს.
ნატო დავითაშვილი
ქართველი მკითხველები, რომლებსაც ფენტეზის ჟანრის წიგნები უყვართ, კარგად იცნობენ ნატო დავითაშვილის შემოქმედებას. მისი ცნობილი რომანების შესახებ კი ელისო კაპანაძე, სალომე ბენიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და თამარ გეგეშიძე გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს:
ელისო კაპანაძე: „„გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნატო დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც. როგორც ქრონიკების მეშვიდე წიგნი, ეს ბოლოა და ამით სრულდება იროელთა დიდი თავგადასავალი. თუმცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა, ჯადოსნური გასაღები, რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება. „ამბავი ლილე იროელისა“, „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, „აიას გზა“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ — ექვსი წიგნი და ექვსი სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ.
ფენტეზის მკითხველი საქართველოში იცნობს ნატო დავითაშვილს, იცნობს და ელოდება მის ახალ ტექსტებს; იცნობენ მის სიზუსტეს, ჟანრის ერთგულებას, შთამბეჭდავი ფენტეზის შექმნის მრავალმხრივ და დახვეწილ ხერხებს, ამიტომ მის წიგნებს ფენტეზის ქართულ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ნატო დავითაშვილის მკითხველმა იცის, რომ ქართული მითოსი ის საყრდენია, რაზეც „იროელთა ქრონიკების“ ყველაზე მოულოდნელი, ყველაზე ჯადოსნური თავგადასავლები დგას. ამბები და კავშირები, სტრუქტურა და არქიტექტურა – ყველაფერი, რაც უძველესი მითოსიდან ამოდის და თან ფენტეზის სრულიად თანამედროვე, უშეცდომო და ახალ სამყაროს ქმნის.
რას ამხელენ და რას მალავენ მითები? ვის შეუძლია სტრიქონებს შორის საკრალურის და დაცულის პოვნა და ამოკრეფა? ვინ აბამს კავშირებს დამალულსა და გამქრალს შორის? როგორ შეიძლება გამოიხმო მკვლევრების ტექსტებსა თუ ბიბლიოთეკების საცავებში „გამომწყვდეული, დამტვერილი“ პერსონაჟები და ისინი თანამედროვე ფენტეზის ყველაზე ელვარე გმირებად აქციო? ვის შეუძლია ისეთი სიზუსტით შექმნას სრულიად ახალი სამყარო, რომ ეჭვიც არ შეგეპაროს მათ არსებობაში და ყოველ ნისლიან დღეს გაიფიქრო, ეს ნისლია თუ ხაშმების ახალი ამოსვლა?.. ეს მინიშნებები ყველასთვისაა: მათთვის, ვინც „იროელთა ქრონიკების“ ყველა წიგნი იცის და მოუთმენლად ელოდებოდა წრის შეკვრას და ეს მინიშნებები მასაც ეკუთვნის, ვისაც ქრონიკების ყველა წიგნი არ წაუკითხავს; დაბოლოს, ეს მინიშნებები განსაკუთრებით მისთვისაა, ვინც ახლა დაიწყებს… „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ საუკეთესო დასაწყისია“.
სალომე ბენიძე: „წლების წინ, როცა ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა“ პირველად, სრულიად შემთხვევით წავიკითხე, მივხვდი, რომ ახალი, არაჩვეულებრივი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც აუცილებლად ბევრჯერ დამიძახებდა და დამაბრუნებდა თავის ჯადოსნურ წიაღში. ეს არის წიგნი, რომელიც ხელს ჩაგკიდებთ და გამოგზაურებთ ქართული მითოლოგიის ლაბირინთებში, რომელიც თითქოს ასე კარგად ნაცნობი და ამავდროულად, მაინც იდუმალებით მოცულია თითოეული ჩვენგანისთვის. უშრეტი ფანტაზიის წყალობით, მითოლოგიურ პერსონაჟებს ნატო დავითაშვილი ახალ სიცოცხლეს სძენს, ჩვენ კი მათი თავგადასავლების მონაწილეებად გვაქცევს და გვიჩენს სურვილს, მათ შესახებ მეტი ვიცოდეთ, გავიგოთ და შევიგრძნოთ ყველა ის ამბავი, რომელიც ლეგენდებად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რომელიც „იროელთა ქრონიკების“ სხვა წიგნებში გველოდება და რომელსაც აუცილებლად მიეცემა გაგრძელება ჩვენს წარმოსახვაში, რადგან ლილე, კოპალა, იახსარი, კაისა, თუთა და სხვა პერსონაჟები აუცილებლად გადაიქცევიან ჩვენს თანამგზავრებად და ჩვენი სათავგადასავლო სიზმრების გმირებად.
„ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი“.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე: „ადამიანები დაბეჩავდნენ, გმირების შესახებ ლეგენდებიღა შემორჩა, ვინც ცოცხალი გადარჩა – კერასაა მიჯაჭვული, რადგან სახიფათოა ნისლებში გასვლა. ნისლებში ბილიკები გეზს იცვლიან და ისე იკლაკნებიან, სამუდამოდ დაკარგავენ გაბედულ მგზავრსაც კი. ნისლებში ავსულები, მაქციები და ათასგვარი ფათერაკის მომტანი არსებები დაბორიალობენ, ამიტომ იქ თითოოროლა თავზეხელაღებული, ანდა სიცოცხლემობეზრებული კაციღა თუ შეაბიჯებს. თუმცა ყველაზე სასოწარკვეთილ დროებასაც კი თავისი იმედის სხივი აქვს – ნისლებს მიღმა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ერთი სოფელი, კეთილი და გაბედული ადამიანებით დასახლებული გურო.
ნატო დავითაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორზე საუბრისას შეგვიძლია არაერთი ჯილდო და გამარჯვება ვახსენოთ, მისი ფასი ქართული ლიტერატურისთვის პრემიებზე მაღლა დგას, რადგან ის ფენტეზის ჟანრის გურუა, სხვა ჟანრების ნისლებს მიღმა არსებული უნისლო შემოქმედებით. იროელთა ქრონიკებში მწერალი ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელშიც მშობლიური ლეგენდებიდან გადმოსული კარგად ნაცნობი პერსონაჟები ავტორის გამოგონილ გმირებთან ერთად ცოცხლობენ.
„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ბრწყინვალე საკითხავია როგორც ჟანრის მოყვარულთათვის, ისე ფენტეზისთან უბრად მყოფი მკითხველისთვის, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ ქართული ფოლკლორის ესთეტიკა ეპოსურ ხასიათთანაა დაზავებული, ფათერაკებითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კი ნისლებში არსებული ბილიკებივით მიიკლაკნება და წარმოუდგენელია იმის გათვლა, თუ სად ამოაყოფინებს მკითხველს თავს. ამ და სხვა თვისებათა გამო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა ხანგრძლივ საფიქრალს ტოვებს. თუმცა, სანამ თქვენც სხვა მკითხველებივით ჩაფიქრდებოდეთ, ჯერ ნისლებში მცხოვრები მოხუცი ანანიასა და მამაცი მახარეს ამბავი უნდა შეიტყოთ, ნისლებს მიღმა ერეკლე, გვანცა და გამახელა გაიცნოთ, მათთან ერთად კი ვეძის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და ნისლთა გასაფანტავად სასწაულებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგეთ, რომელსაც ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ჰქვია“.
თამარ გეგეშიძე: „ნატო დავითაშვილი წლების წინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თავად ოდესმე რამეს თუ დავწერდი. გამოსაცემად ვნახე, როგორ ამზადებდა წიგნს – ფუსფუსებდა, ზრუნავდა, სიტყვებს უფრთხილდებოდა. იმის შემდეგ ლილე იროელის, მისი ფრთოსანი ლომების, მითოლოგიური თუ ჯადოსნური პერსონაჟებისა და თავგადასავლების გულშემატკივარი ვარ, რადგან ვხვდები, რამხელა ძალა, ნებისყოფა და ფანტაზია სჭირდება ერთი პერსონაჟის ისე განვითარებას, რომ მასზე რამდენიმე წიგნი დაწერო, შეუნარჩუნო მკითხველის ინტერესი და დატოვო ის ძალიან მამაც, კეთილშობილ და სამართლიან გმირად, რომელიც ხშირად ახალგაზრდა მკითხველისთვის მაგალითის მიმცემი ხდება.
ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულ სალიტერატურო სივრცეში არსებობს წიგნი (წიგნები), სავსე მითოლოგიური, ზღაპრული, მაგიური გამონაგონით. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რეალობით დაღლილმა მკითხველმა მას თავი შეაფაროს, გამოგონილი სამყაროს მშვენიერებით დატკბეს და შეუერთდეს მთავარი პერსონაჟის მარადიულ რბოლას მზისკენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ და „აიას გზა“ ოქტომბრის ბოლოს გამოდის.
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი
ლავკრაფტი ერთ-ერთი იმ მწერალთაგანია, რომლებმაც ფენტეზის ჟანრი შიშის მომგვრელი არსებებით გამოკვებეს — ამიტომაცაა, რომ ჰაუარდის შემოქმედებას „კოსმოსურ ჰორორს“ უწოდებენ. მის ყველაზე ცნობილ მოთხრობებს შორისაა „ქთულჰუს ძახილი“, „სიგიჟის მთებთან“, „ჩრდილი ინსმუთზე“. თანაც, ყველა ეს მოთხრობა „ქთულჰუს“ მითოსის ნაწილია — ყველაფერი ამ თემის ირგვლივ ტრიალებს. როგორც ვარაუდობენ, ეს მცირე ზომის მოთხრობა ალფრედ ტენისონის 1830 წლის სონეტითაა შთაგონებული, სახელწოდებით „კრაკენი“. ორივე მათგანის მთვარ გმირს გიგანტური არსება წარმოადგენს, რომელიც ოკეანის ფსკერზეა მიძინებული… ამასთან, ლავკრაფტმა უძველეს ღვთაებებთან დაკავშირებული ისტორიების ფონზე მითოლოგიური პასაჟი შექმნა.
წიგნში თავმოყრილნი არიან ღმერთები, ურჩხულები, კიბორჩხალას მსგავსი მახინჯი არსებები, ეშმაკთა ნაშიერები და ნახევრად შეშლილი ადამიანები. ამ ყველაფრის ფონზე კი საიდუმლო კულტის მიმდევრები სასტიკ რიტუალებს აღავლენენ, ღვთაება ქთულჰუ კი აბსოლუტურ ბოროტებას განასახიერებს… რა თქმა უნდა, მწერალი მთელ სიუჟეტს დამთრგუნველი, დაძაბული ატმოსფეროთი ავსებს, რაც მკითხველს იმის შეგრძნებას უჩენს, თითქოს თავადაც ამ ამბის მონაწილეა – წყვდიადის საზარელი ხმებიც კი ესმის და ამ უცნაურ, ბოროტებით სავსე არსებებს შორის დაიარება.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია