6
Jun
2017

#მწვანეფარმადეპო პოლიეთილენის პარკების გამოყენების წინააღმდეგ

6 Jun 2017

ადამიანის მიერ გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ინსტრუმენტად, პოლიეთილენის პარკების გამოყენება მიიჩნევა, რადგან ის რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ასევე ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიეთილენის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო, 400–1000 წელზე მეტხანს რჩება, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. გარემოს დაცვის სამინისტრომ, პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით, ევროდირექტივების საფუძველზე, შეიმუშავა დოკუმენტი და 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან, 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების, ხოლო 2018 წლის 1-ლი იანვრიდან – 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალება. სააფთიაქო ქსელმა „ფარმადეპომ“, რომელიც 2010 წლიდან ემსახურება მომხმარებელს ქაღალდის ეკოპარკებით, დაიწყო ახალი კამპანია „მწვანეფარმადეპო“, რომელიც პოლიეთილენის პარკების გამოყენების წინააღმდეგ არის მიმართული. მარკეტერი „ფარმადეპოს“ მარკეტინგის მენეჯერ ჯაბა დალაქიშვილს ესაუბრა:

M: რატომ გახდა საჭირო ამ კამპანიის წამოწყება და რას ემსახურება „მწვანეფარმადეპო“ ?
რეალურად, პოლიეთილენის პარკების დიდი რაოდენობით გამოყენების პრობლემა არსებობს და შესაბამისად, ჩვენი გარემოსდაცვითი კამპანია ემსახურება მომხმარებლებისთვის მოტივაციის მიცემას, რომ არ გამოიყენონ პოლიეთილენის პარკები. ამიტომ, ფუნქციურად დავტვირთეთ ისეთი ჩანთები, რომლებიც გარემოს არ აზიანებს და არ აბინძურებს. 

M: „მწვანეფარმადეპოს“ კამპანიაში, რა როლი აქვს მომხმარებელს, რა ფორმით უნდა ჩაერთოს?
ფარმადეპოს ერთგული მომხმარებელი, ნებისმიერი 50 ლარის შენაძენზე, საჩუქრად მიიღებს ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ჩანთას. ჩანთაზე განთავსებული შტრიხკოდის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება დამატებითი ფასდაკლებების მიღება, ფარმადეპოს ნებისმიერ ფილიალში.

M: როგორია მომხმარებელთა უკუკავშირი და პირველ ეტაპზე, რა შედეგს უნდა მიაღწიოთ კამპანიით?
„ფიდბეკი“ არის ძალიან პოზიტიური, მომხმარებლისგან და ასეთი ნაბიჯებით, მგონია, რომ ხელს მივცემთ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარი როლის გააზრებას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, როგორც კომპანიის, ასევე, კონკრეტული ადამიანის თვალსაზრისიდან. 

განხილვა