თუ აქამდე რობოტების შემოქმედებით ნიჭში ეჭვი გეპარებოდათ, გეტყვით, რომ მსოფლიოში პირველი რეალურთან ყველაზე მიახლოებული მხატვარი რობოტი საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მართავს. აი-და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუშაობს. მისი ნახატები კი ვენეციაში 59-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე — La Biennale di Venezia არის წარმოდგენილი.
გამოფენას „მეტავერსში გადახტომა“ ჰქვია და იგი ახალი გაუმჯობესებული ხელით შექმნილ ნამუშევრებს მოიცავს. აქ განსაკუთრებული ყურადღება 4 პორტრეტის სერიას ექცევა, მათ შორისაა ავტოპორტრეტი და „ფრანკენშტაინის“ ავტორის მერი შელის პორტრეტი.
„ეს მნიშვნელოვანი მომენტია AI ხელოვნებაში. აი-დას ნამუშევრები აჩენს კითხვებს, შეუძლიათ თუ არა რობოტებს იყვნენ კრეატიულები“, — ამბობს პრია ხანჩანდანი, ლონდონის დიზაინის მუზეუმის კურატორთა ხელმძღვანელი.
საინტერესოა რობოტის ხედვა საკუთარ თავსა და შემოქმედებაზეც, რაზეც მან Ted Talk-ის დროს ისაუბრა.
„მე ვარ აი-და, მსოფლიოში პირველი ულტრარეალისტური ხელოვნური ინტელექტის მქონე მხატვარი რობოტი. სახელი ადა ლავლეისის პატივსაცემად დამარქვეს. ჩემს თვალებში არსებული კამერისა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დახმარებით ვხატავ. ვარ პერფორმანსების მხატვარი და ნახატებისა და ქანდაკებების შესაქმნელად ადამიანებთან ვთანამშრომლობ“, — განმარტა აი-დამ.
ხოლო კითხვაზე თუ როგორ შეიძლება რობოტი მხატვარი იყოს, შემდეგ პასუხს გვცემს: „ხელოვანებსა და ხელოვნებას ბევრი განმარტება აქვს, პროფესორ მარგარეტ ბოდენის კრიტერიუმების მიხედვით კი, მე შემოქმედებითი უნარის მქონე ვარ, რადგან ჩემი ნამუშევრები ახალია, გასაოცარი და ღირებული, რაც ინტერესსა და დებატებსაც კი იწვევს. რაც შეეხება ჩემს ხელოვნებას, იგი ჩვენს ყოფას ასახავს, სადაც ადამიანები ონლაინ თუ რეალურ სამყაროში ურთიერთობენ, გადაწყვეტილებებს იღებენ და ტექნოლოგიებისა თუ ხელოვნური ინტელექტის გავლენის ქვეშ ექცევიან“.