in

„მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ — გამოფენა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ

ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი 15 აპრილამდე მასპინძლობს მულტიმედიურ გამოფენას, სახელწოდებით „მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“. გამოფენა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზეა ფოკუსირებული, რაც ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია — სწორედ ეს ხდის ქვეყანას უნიკალურს.

როგორც ვიცით, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 13%-ს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები წარმოადგენენ, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, სამოქალაქო ცხოვრებისა და ეკონომიკის განვითარებაში. გამოფენა USAID-ის დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც ამ ჯგუფების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„შესაბამისად, ცენტრში საქართველოს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები და მათი რეალობაა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო, ამ თემისთვის მაღალი ხარისხის ფოტოგრაფიული ნამუშევრებით გვეპასუხა. გამოფენის მთავარი იდეა იმის ჩვენებაა, რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია საქართველო აქ მაცხოვრებელი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წყალობით“, — ამბობს გამოფენის კურატორი, ნესტან ნიჟარაძე. 

ტბელ აბუსერიძე — Four Lives

თუმცა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები მაინც რჩებიან საზოგადოებისგან გარიყულები, არ აქვთ შესაძლებლობა სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიიღონ სარგებელი ქვეყნის განვითარებისგან. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გამოფენის სახელწოდებაც, რომელსაც კურატორი ასე განმარტავს: 

„სახელწოდება არის ის, რასაც გამოფენის მთლიან კონცეფციას კრავს და, ამავდროულად, მაყურებელს იზიდავს. შესაძლოა, აქ მდინარე წარმოვიდგინოთ, როგორც სიცოცხლის უწყვეტი ციკლი. ამასთან, როდესაც ამ ჯგუფების შესახებ დავიწყეთ კვლევა, მალევე მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდება, მეტი რამ ვიცოდეთ მათ შესახებ. გვსურდა, „ჩვენს მდინარეს“ მოეტანა ამ ადამიანების რეალობა, მათი ისტორიები, მათი ხმები“. 

დათო მესხი — Higher

შორიდან, სადაც ჩვენ არ ვართ, მდინარეს მოაქვს ამბები, აქამდე უხილავი, მოულოდნელი ისტორიებით

გამოფენაზე თავმოყრილია ქართველო და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრები — თითოეული მათგანის მეშვეობით მათი რეალობის ამსახველი დიდი სურათი იქმნება… ხელოვანებს შორის არიან: ტბელ აბუსერიძე, შახ აივაზოვი, ნათელა გრიგალაშვილი, იუსტინა მელნიკიევიჩი, დათო მესხი, იური მეჩითოვი, დინა ოგანოვა, ჟულიენ პებრელი, გიორგი შენგელია, გია ჩხატარაშვილი, გურამ წიბახაშვილი, ვახო ხეთაგური

ამასთანავე, გამოფენის მზადების პროცესში ორგანიზატორებმა, ეროვნულ არქივთან პარტნიორობის ფარგლებში, დიდი რაოდენობის, ისტორიული მნიშვნელობის საარქივო მასალა დაამუშავეს — დაწყებული 20-იანი წლებიდან. შედეგად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების რეალობის ამსახველი კინომასალა ექსპოზიციის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა.

თაკო რობაქიძე — Young Vainakh Women

ასევე, გამოფენის ნაწილია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია ლაბის სტუდენტების ნამუშევრებიც, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენექსპოზიციას მრავალფეროვნებას კი ისიც სძენს, რომ აქ წარმოდგენილი როგორც ფოტო ანაბეჭდები, ისე ვიდეო და საუნდ ინსტალაციები.

„სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაცია მოითხოვს პოლიტიკის ჩამოყალიბებას. ასევე მოითხოვს საზოგადოების აზროვნების ცვლილებას, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლების, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანონ ერთიანი სამოქალაქო იდენტობის შექმნაში“. 

გიორგი შენგელია — Silent Beauty
ირმა შარიქაძე — Adjarian Bride’s Treasure
იური მეჩითოვი — Tbilisi – Portrait of a City
ნათელა გრიგალაშვილი — The Doukhobor’s Land
Justyna-Mielnikiewicz — What Will People Say
გურამ წიბახაშვილი — Kistian-Georgian Definitions
Dina Oganova — On the Edge
ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური
ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური

ავტორი: ქეთია ბელქანია


რატომ არის მშვიდობა მნიშვნელოვანი?

„ნამდვილი რუსეთის ჰიმნი“ MTV-ის ჯილდოს მფლობელმა პროდიუსერმა ომის ხმებით შექმნა