in

აქციე გამოწვევა შესაძლებლობად – MY.GE-ის რჩევები

თავის დროზე MY.GE-ს ისტორია რთულ და წარმოუდგენელ პირობებში დაიწყო. მაშინ, როდესაც ელექტროენერგიასთან წვდომის პრობლემა გვქონდა, შეიქმნა პირველი ქართული E-Commerce პლატფორმა საქართველოში. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შეუძლებელი თითქმის არაფერია. როგორ ვაქციოთ რთული პერიოდები გამოწვევად, გამოწვევები კი შესაძლებლობად და როგორ დავიწყოთ ფიქრი სწორად ჩვენს სტარტაპზე MY.GE-ის ბრენდ მენეჯერი მარიამ გოგსაძე მოგვიყვება.

bog
bog-mob

“ყველაფერში კარგის დანახვა გაცვეთილი ფრაზა გვგონია, მაგრამ ისე არაფერს უხდება, როგორც თემას, რომელზეც მინდა გესაუბროთ. “ჩემი სტარტაპი მინდა მქონდეს” დარწმუნებული ვარ, ყველას ბევრჯერ გვითქვამს, შემდეგ კი, უმოქმედობა დროის უქონლობით გაგვიმართლებია, ანდაც ჩვენი იდეა, რომელიც შეიძლება, უკვე დიდი ხანია, გვაქვს, სხვას განუხორციელებია და გულდაწყვეტით გვითქვამს, რომ იდეა მოგვპარეს. დღეს, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ჩვეული რეჟიმიდან სრული გადახვევა გვაქვს, მაგრამ იქნებ ამ თვითიზოლაციას დადებითი მხარეც უპოვო და ფიქრი შენს სტარტაპზე დაიწყო, იქნებ სწორედ ის დროა, როცა რაღაც ღირებული უნდა შექმნა.

იდეა

ყველაზე რთულია იმ პროდუქტის ან მომსახურების აღმოჩენა, რომლის წარმოებაც გინდა. სტარტაპმა უნდა გადაჭრას საზოგადოებაში არსებული რომელიმე პრობლემა. არ იფიქრო მხოლოდ ხელშესახებ პროდუქტებზე. დღეს დიჯითალიზაციის ბუმია, ყველაფერი ციფრულ სამყაროში გადმოდის, ამიტომ თამამად შეგიძლია, ამ კუთხით დაიწყო ფიქრი. გირჩევ, 3-4 დღე უბრალოდ ჩამოწერო პრობლემები, რომლებიც შენ, შენ ირგვლივ ადამიანებს ან საზოგადოებას აწუხებს, ნუ შემოიფარგლები მხოლოდ საკუთარი თავით, მაგ: ქალაქში გადაადგილების პრობლემა, რესტორნებში ადგილის დაჯავშნის პრობლემა ან უბრალოდ საშენო ვებგვერდის არარსებობა. პირველი ავტოპორატლის MYAUTO-ს შექმნის იდეაც პირადი და სხვების პრობლემის მოგვარება იყო. როცა დაახლოებით 70-100 საკითხი მაინც გექნება, დაიწყე მისი გაფილრტვა საჭიროებების მიხედვით, მანამ სანამ 5 პრობლემაზე არ ჩამოხვალ. ახლა უკვე შეგიძლია, დაიწყო მათ მოგვარების გზებზე ფიქრი, რამდენად შეძლებ ან ზოგადად რამდენად რეალურია.

იდეიდან ბიზნეს მოდელამდე

თუ უკვე იცი, რა გინდა აკეთო, როცა მსოფლიო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, შემდეგი საკითხი ბიზნეს მოდელის შექმნაა, რომელსაც შეუძლია, შენი ბიზნესი მსოფლიო წარმატებამდე ან პირიქით, ტოტალურ წარუმატებლობამდე მიიყვანოს. ამ საკითხში საუკეთესო, ალბათ კანვას ბიზნეს მოდელია (canvanizer.com) რომელიც დაგეხმარება, ბიზნესის აუცილებელი კომპონენტის გააზრებაში:

1. მომხმარებელთა სეგმენტი
2. ღირებულება, რომელსაც სთავაზობ;
3. დისტრიბუციის არხები;
4. მომხმარებელთან ურთიერთობა;
5. შემოსავლების ნაკადი;
6. საჭირო რესურსი;
7. ძირითადი აქტივობები;
8. ძირითადი პარტნიორები;
9. ხარჯები

ამბობენ, საქმის 50% გაკეთებულია თუ კანვასის ტილო სრულყოფილად გაქვს შევსებულიო. სწორედ ამიტომ, თითოეული ელემენტი აუცილებელია, კარგად გაიზრო და დაუსვა კითხვები საკუთარ თავს. ეს დამოუკიდებელი ელემენტები დაგეხმარება ბიზნესის სრული მასშტაბის გაანალიზებასა და თითოეული ელემენტის კავშირების აღმოჩენაში. გახსოვდეს, რომ, ტილოს ცენტრში განთავსებული ღირებულებები არის შენი სტარტაპის შეთავაზება, მარცხენა სამი ელემენტი არის შენი ინფრასტრუქტურა, ხოლო მარჯვენა სამი ელემენტი (მომხმარებლები, დისტრიბუცია და ურთიერთობა) – ბაზრის შესწავლა.

ყველაზე მთავარი – მომხმარებლები

არ შეიძლება, შენი პროდუქტი თუ მომსახურება იყოს ყველასთვის, ამიტომ სასურველია, შენი მომხმარებლების პროფილები შექმნა და წარმოიდგინო, როგორები არიან, როგორი ქცევა აქვთ, სად აქვთ მათ შენს სტარტაპთან გადაკვეთის წერტილები და ა.შ. User profile-სთვის აუცილებელია განსაზღვრო: ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი, ადგილმდებარეობა, მიზნები – რისთვის შეიძლება, გამოიყენოს შენი პროდუქტი და სასურველია პატარა ისტორია მათზე.
და ბოლოს, “დასვი შეკითხვა: “რატომაც არა” თითქმის ყველაფერს, რასაც არ აკეთებ, გონივრული ახსნა არ მოეძებნება – უბრალოდ, ინერციის, შიშის ან იმის შედეგია, რომ ადრე ეს შეკითხვა არასდროს დაგისვამს საკუთარი თავისთვის”
დაფიქრდი იქნებ, მართლა, სწორედ ის დროა, როცა შენ საკუთარი სტარტაპი უნდა შექმნა, რომელმაც შესაძლოა, სამომავლოდ ინდუსტრიაც კი ჩამოაყალიბოს.

[პარტნიორის კონტენტი]

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

მეფუტკრეობის პროექტი ქედაში, რომელიც ამ დარგს დეტალურად გაგაცნობთ