MY.GE COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბანერე სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენებს.
ვფიქრობთ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სრულყოფილი ინფორმაციის ფლობაა, ამიტომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, ჩვენს ხელთ არსებული ერთ-ერთი მთავარი რესურსი, საბანერე სივრცეები, სწორი ინფორმაციის გავრცელებას დავუთმოთ. MY.GE-ის პლატფორმებს, ჯამურად, თვეში 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, რაც იმედს გვაძლევს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ძალიან ბევრ ადამიანს მივაწვდენთ კორონავირუსთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და ბიზნესის უწყვეტობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დისტანციური მუშაობის მოდელზე გადადიან.
სატესტო რეჟიმში, გასულ კვირას, დისტანციურ მუშაობაზე ჩვენ უკვე გადასულები ვიყავით და კომპანიამ ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა. ამ ეტაპზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციური მუშაობის თავისუფალი არჩევანი გვაქვს, თუმცა მოვლენების გაუარესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სრულად დისტანციურ მოდელზე გადავალთ, ისე რომ კომპანიის ფუნქციონირება არ შეფერხდეს. ასევე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაგეგმილი შეხვედრები და გასაუბრებებიც დისტანციურად იმართება.
MY.GE, 2.2 მილიონი ვიზიტორით ყოველთვიურად, ქართულ ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პლატფორმაა, რომელიც 8 ვებგვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome, Myparts, Myshop, Myads, Myjobs და Mysports.
[R]











