in

“ვიცე-რექტორობას თავი დავანებე და 38 წლის ასაკში გავხდი სტარტაპერი” – ძიძებისა და მშობლების დამაკავშირებელი პლატფორმა My Nanny

Startauperi
Startauperi

“სტარტაპის წამოსაწყებად ნებისმიერი დრო სწორია.”

/რონ კონვეი, სტარტაპ ინვესტორი, SV Angel/

“როდესაც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებთან მქონდა ხოლმე შეხება, მეც ვინთებოდი, მინდოდა მეც მეკეთებინა, მაგრამ 38 წლის სტარტაპერი? უმეტესობა ხომ ბევრად პატარა ასაკში იწყებს სტარტაპს…” – ნინო დვალიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი იყო. რვა წლის განმავლობაში, ის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. თუმცა, არც სტაბილური შემოსავლის, არც კარიერული წარმატების დათმობას და არც სტერეოტიპებთან შეპირისპირებას დაუბრკოლებია საკუთარი საქმიანობა მისთვის საინტერესო სფეროსთან – ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან დაეკავშირებინა. სტარტაპერობისთვის მზადება სტუდენტობით დაიწყო – ინგლისში გაემგზავრა სასწავლებლად, რათა ინოვაციის სფერო უფრო საფუძვლიანად შეესწავლა. სამშობლოში დაბრუნებულმა კი, სტარტაპ იდეით იმ პრობლემის გადაჭრა ისურვა, რასაც თავადაც და სხვა მშობლებიც ხშირად აწყდებიან:

დაახლოებით, 5 წლის წინ, ჩამოვაყალიბე ფეისბუკ ჯგუფი Georgian SuperMoms, სადაც 1500-მდე ადამიანია გაწევრიანებული და ერთმანეთს დედობაში ვეხმარებით, ვასწავლით, ვუზიარებთ ყველაფერს. ამ ჯგუფში, ძირითადად, ჩემნაირად, საქმიანი ადამიანები არიან ხოლმე ჩართული და ხშირად უთქვამთ, რომ მშობლობის გამო, კარიერული საქმიანობის შეჩერების აუცილებლობის წინაშე იდგნენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ეთიშება კარიერას იმ მიზეზით, რომ ბავშვის აღსაზრდელად დამხმარე არ ჰყავს. წლების მანძილზე, დავინახე, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, ქართველი დედებისთვის, ძიძის დეფიციტი იყო.”

“სადაც შეიქმნა სხვა ციფრული სერვისები, რატომ არ უნდა არსებობდეს ძიძის ძებნის ტრადიციული მეთოდის ეფექტური ალტერნატივა. მესმის, რომ ძიძა და ბავშვები გაცილებით სათუთი საკითხია, მაგრამ ხომ შეიძლება გაკეთდეს ციფრული სერვისი, რომელიც ამ ამბავს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს?”

გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომელიც მშობლებსა და ძიძებს დააკავშირებდა. შეკრიბა გუნდი და თავდაუზოგავმა შრომამ პირველი შედეგი რამდენიმე თვის წინ გამოიღო – სტარტაპმა My Nanny საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. პლატფორმა დასრულებული სახით, ივლისის ბოლოს გამოჩნდება, თუმცა, მშობლებსაც და ძიძობის მსურველებსაც უკვე შეუძლიათ დარეგისტრირება. ნინო დვალიძის თქმით, ამ დროისთვის უკვე 600-ზე მეტი განაცხადია შესული.  

სტარტაპის იდეა 

“სერვისი, რასაც ჩვენი პლატფორმა ითვალისწინებს არის არა ძიძა სრულ განაკვეთზე, არამედ მოკლევადიან საჭიროებაზე გათვლილი დროებითი ძიძა. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ დაიქირავონ მოკლე ვადით ზუსტად ისეთი ძიძა, როგორიც მათ სურთ, იმ ბიუჯეტით, რისი საშუალებაც აქვს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ, როცა სჭრიდებათ. შეგიძლიათ მოუხმოთ ძიძას, მაგალითად, გადაუდებელი საჭიროებისას, როცა სწრაფად ბავშვის დატოვებას ვერავისთან ახერხებთ. ან გამოიყენოთ ვირტუალური ძიძა, რომელიც ბავშვს მეცადინეობაში დაეხმარება. სერვისი ითვალისწინებს ბევრნაირ ვარიანტს, მათ შორის, მაგალითად, საღამოს ან შაბათ-კვირის ძიძას; ძიძას, რომელიც აგარაკზეც წამოვა თქვენთან ერთად, ძიძა რომელიც გასართობ, სპორტულ ან შემეცნებით აქტივობაში ჩაერთვება ან ბავშვებს რამდენიმე საათით მიაქცევს ყურადღებას და თან სახლის საქმეებს გააკეთებს…”

“ეს ყველაფერი სხვა ადამიანების ნათლად დანახული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გაკეთდა. სხვადასხვა დროს, ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნილება სხვადასხვაგვარია. მშობლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჰყავდეთ ძიძა, როცა სჭირდებათ და როგორიც სჭირდებათ.”

M: როდესაც საქმე ბავშვს ეხება, ბუნებრივია, პირველი კითხვაა – რამდენად არის გათვალისწინებული უსაფრთხოება?

ეს ჩემთვის ყველაზე პრობლემური საკითხია. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვკითხევის დავუტოვებდი ჩემს შვილს? უსაფრთხოების რა მექანიზმი უნდა გაევლო ძიძას, რომ მისთვის საკუთარი შვილი მიმენდო? საპასუხოდ, შევიმუშავეთ კომპლექსური მიდგომავამოწმებთ პირადობას, ცნობას ჯანმრთელობისა და ნასამართლეობის შესახებ. ვამოწმებთ მათ რეკომენდატორებს. აუცილებლად, ყველა ძიძას ვუტარებთ გასაუბრებას, რომელშიც მხოლოდ ფსიქოლოგები არიან ჩართულები. ჩვენ შევქმენით შეფასების უნიკალური სისტემა – სოციალური ქსელების მეგობრების ინტეგრირებას ვაკეთებთ და როდესაც მშობელი უთითებს მისამართს და სკოლას, სადაც ბავშვი სწავლობს, პლატფორმა ავტომატურად სთავაზობს იმ ძიძებს, რომლებიც თავისი სანაცნობო წრის მიერაა შეფასებული. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეუძლია გადაამოწმოს სანდოობა თავადაც.

M: რა სჭირდებათ ახლანდელ ბავშვებს?

ამ ბავშვებს სჭირდებათ მაქსიმალურად, მათზე მორგებული სერვისი, რომ მოწყდნენ გაჯეტებს და ადამიანებს ეურთიერთონ. ამდენად, ამას შეძლებს ძიძა, რომელიც არის საინტერესო, შეუძლია ბავშვთან ერთად გასართობ და შემეცნებით აქტივობებში ჩართვა.

M: …და მშობლებს?

ზოგჯერ, მშობელსაც გინდა, უბრალოდ, ცოტა ხნით განიტვირთო, მშვიდად დალიო დილით ფინჯანი ყავა ან საღამოს დაგეგმო გასვლა თავისუფლად. მე, როგორც მშობელი მუდმივად ვიყავი იმ გამოწვევის წინაშე, რომ რიგ შემთხვევებში, ჩემთვის ერთი ძიძაც კი არ იყო საკმარისი. როდესაც საღამოს ან შაბათ-კვირას მიწევდა სახლიდან გასვლა, არავინ მყავდა ხოლმე დამხმარე. როგორც მე მჭირდებოდა, ზუსტად ისეთი პირობებით ძიძის პოვნა შეუძლებელი ჩანდა.

ძიძა შეიძლება დაგჭირდეს არასტანდარტულ შემთხვევაშიც. შეიძლება, ბიჭი შვილი გყავს და არ შეგიძლია 2 საათით ფეხბურთი ეთამაშო, სამაგიეროდ, სამეზობლოში არის სტუდენტი ბიჭი, რომელიც ამას სიამოვნებით გააკეთებდა, თან ფინანსური დაინტერესება ექნებოდა. ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც არამარტო მშობლების პრობლემას წყვეტს, არამედ ხელს უწყობს უამრავ ახალგაზრდას, რომელსაც ასეთ სერვისში დასაქმების საშუალება აქამდე არ ჰქონია.”

M: ვის შეუძლია იყოს My Nanny-ის ძიძა?

გარდა შუა ხნის ასაკის ძიძებისა, აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრდა სეგმენტზე, თუნდაც, სტუდენტებზე ან კურსდამთავრებულებზე, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ ან არ სურთ სრული გრაფიკით დასაქმება (რადგან მათი მთავარი საზრუნავი სწავლაა), თუმცა, აინტერესებს სამსახური, რომელიც მის გრაფიკს მოერგება და თავისუფალ დროს იმუშაონ.

გავითვალისწინეთ ისიც, რომ შესაძლოა, ასეთ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება. ამიტომ, ყველასთვის გვაქვს სავალდებულო ტრენინგები. ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, ვაკეთებთ 11 მოკლე ონლაინ ლექციას, თავისი შეფასების კითხვარით. ძიძები ეცნობიან, რა თავისებურებები ახასიათებს სხვადასხვა ასაკის ბავშვს, როგორია ოჯახში მოქცევის ეთიკა, წესები, რუტინა, განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებთან მუშაობა, – ამ ყველაფერს საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობით ვაცნობთ. ამ შემთხვევაში, ძიძას საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს.

თანაც, ფასს თავად ძიძა აწესებს. თავისი ცოდნის, უნარებისა და საკუთარი შრომის შეფასების მიხედვით. ის უთითებს საათობრივ თანხას, ჩვენ – გამოგვყავს მომსახურების ღირებულება, სხვადასხვა სერვისის შემთხვევაში, რასაც ემატება პლატფორმის საკომისიო.

M: რაც შეეხება მშობლებს. რა ტიპის სეგმენტზეა გათვლილი My Nanny?

ეს სერვისი არის საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც აქვს საშუალება, რომ მცირე თანხა საკუთარ კომფორტსა და შვილის განვითარებასა და ინტერესებზე მორგებულ კომფორტში ჩადოს. აქამდე, ასეთი სერვისი ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობდა.

M: დროებითი ძიძის კულტურა როგორ უნდა დამკვიდრდეს საქართველოში?

ზოგადად, ახალი კულტურის დამკვიდრება რთულია ხოლმე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველო ძალიან სწრაფად ითვისებს ციფრულ პროდუქტებს. ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, ისიც ვერ წარმოგვედგინა, ტაქსის აპლიკაციით გამოძახება ასე სწრაფად თუ დამკვიდრდებოდა. ციფრული სერვისი შენს ცხოვრებას ბევრად აიოლებს, ხოლო პრობლემებს – მარტივად აგვარებს.

M: ახსენეთ, რომ My Nanny Services საერთაშორისო პროექტადაა ჩაფიქრებული. რას გულისხმობთ?

საქართველო ამ პლატფორმისთვის სატესტო ქვეყანაა, რადგან ძალიან კომფორტულია, დიდი სანაცნობო წრე გვყავს და ვფიქრობ, სწრაფად შევძლებთ მომხმარებლების პროექტში ჩართვას. შემდეგი ნაბიჯი – უკრაინის ბაზარი იქნება, სადაც ასევე, აუთვისებელია ბაზარი და არის ამ სერვისის საჭიროება. მომდევნო ეტაპი კი, ბრიტანეთის ბაზარი იქნება, სადაც მსგავსი სერვისები არის, თუმცა, My Nanny-ის სახით, ბევრად მოქნილ, კომფორტულ ალტერნატივას ვთავაზობთ და რამდენიმე ინოვაციურ ელემენტს ვურთავთ, რაც გარკვეული ნიშის დაკავების საშუალებას მოგვცემს. ამდენად, უახლოესი ხუთი წლის გეგმებიც ეს არის. შესაბამისად, როდესაც პლატფორმაზე ვფიქრობდი, გავითვალისწინე, რომ პლატფორმამ უნდა მიიღოს მომხმარებლების ძალიან დიდი რაოდენობა.

M: უფრო ვრცლად გვიამბეთ, რა გზა გამოიარეთ სტარტაპერობამდე?

კარიერა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა IREX-ით დავიწყე. მანდ მუშაობა ასისტენტობიდან დავიწყე და ბოლოს, პროგრამების ხელმძღვანელი ვიყავი. შემდეგ, გამოჩნდა ილიას უნივერსიტეტი, რომელიც ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო და მაშინ დგამდა პირველ ნაბიჯებს. მახსოვს, უნივერსიტეტის პირველი პრეზენტაცია რომ ვნახე, ძალიან მომინდა იქ მუშაობა და მაშინდელ რექტორს, გიგი თევზაძეს მივწერე, ხომ არ გინდათ, თქვენთან ვიმუშაო მეთქი? თავიდან დავიწყე საგარეო ურთიერთობის კონსულტირება. როცა დავწერე პროექტი, მითხრა, ძალიან კარგია, რაც დაწერე და ხომ არ გინდა, თავადვე გააკეთოო? ასე გადავედი ილიას უნივერსიტეტში, სადაც 8 ფანტასტიკური წელი გავატარე. ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, სამეცნიერო პიკნიკი, ინოვაციებთან დაკავშირებული პროექტები, ფაბლაბი, გეიმლაბი… – ჩემი როლი იყო საუნივერსიტეტო გარემოში სიახლეები შემეტანა. ეს იყო ადგილი, სადაც მისმენდნენ, მაძლევდნენ ექსპერიმენტებისა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. რომ არა ასეთი გარემო, გამიჭირდებოდა სტარტაპერობისკენ ნაბიჯის გადადგმა.

“სწორედ გამოცდილება მაძლევს საშუალებას, ჩავერთო სტარტაპის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში, უნდა ერკვეოდე ტექნოლოგიებშიც, მარკეტინგშიც, ფინანსებშიც, მენეჯმენტშიც და რაც მთავარია, ადამიანებშიც. ეს საჭიროა, რომ სტაბილურობის მიღწევამდე, რთული პერიოდი გადაიარო.”

M: თქვენი დაკვირვებით, რა სჭირდება სტარტაპერს, სანამ საქმეს შეეჭიდება?

სანამ ამ საქმეს წამოვიწყებდი ზედმიწევნით შევისწავლე, ამ მიმართულებით, რა გადაწყვეტები არსებობს მსოფლიოში, რა ფუნქციები აქვთ, როგორ შეიძლება მათი ინტეგრირება. გავითვალისწინე ისიც, რომ ფუნქციონალი ჩვენთან ეტაპობრივად დაემატება. როცა დამფუძნებელმა ზუსტად იცის, რა უნდა და ერკვევა საკმარისად, რომ რეფერენსი მიუთითოს და გუნდის წევრს ასე აუხსნას, ეს ტექნიკურ სამუშაოს აადვილებს, თუმცა ინოვაციური ფუნქციებიც გვაქვს, რასაც აპლიკაციის გამოშვებისას გავასაჯაროებ.

სტარტაპის დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ყველაფერზე, რაც პროექტში ხდება. ვფიქრობ, მთელმა ჩემმა გამოცდილებამ შემამზადა სტარტაპერობისთვის. იოლი ნამდვილად არაა. სტარტაპში უნდა იყოს ვიღაც, ვისაც ურყევად სჯერა იდეის და ამ შემთხვევაში, მე ავიღე ეს როლი ჩემს თავზე. სტარტაპის გუნდი, იდეის გარდა, მის ავტორსაც უნდა ენდობოდეს. სწორედ ამიტომ, ამ საქმეს დიდი სიმტკიცე და სიჯიუტე სჭირდება.

რომ არ მქონდეს ძალიან დიდი გუნდების მართვისა და დიდ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ასეთ წნეხს უფრო რთულად გავუძლებდი. მიუხედავად იმისა, ძალიან მჯერა ამ პროექტის წარმატების, გონებაში მაინც ვუშვებ იმ აზრს, რომ ასი სტარტაპიდან ძალიან მცირე რაოდენობაა სიცოცხლისუნარიანი და ამის ცოდნითაც, წინ იყურებოდე და ბოლომდე იბრძოდე.

M: ერთ თვეში პლატფორმა სრულად გაეშვება. როგორ ფიქრობთ, მზად ხართ?

არის მღელვარება – როგორ მიგიღებს ბაზარი? არის კი ეს ის, რაც შენს მომხმარებელს უნდა? საკმარისად შეისწავლე ადამიანების საჭიროებები, რომ საპასუხოდ ასეთი სერვისი შესთავაზო? ვიცი, რომ განვითარების პროცესში რაღაც ცვლილებები დაგვჭირდება, რომ უფრო ზუსტად მოვარგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს და ვიცი, რომ ჩვენი გუნდი ამისთვის, ჩვენი განწყობითა და რესურსებით, მზად ვართ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მიეცით თავს უფლება, იყოთ არაპროდუქტიულები – თუნდაც, მცირე ხნით

მალე, Facebook და Instagram პირბადის გაკეთებას შეგახსენებთ