ბოლოს როდის დაწერეთ საკუთარი ხელით? ტექნოლოგიამ სრულად შეცვალა ჩვენი კომუნიკაციის გზები — წერილების ნაცვლად, ელ.ფოსტებს ვაგზავნით; სატელეფონო ზარებს ტექსტური შეტყობინებები გვირჩევნია; ვახშმის მომზადება რომ გვეზარება, მარტივად ვსარგებლობთ მიტანის სერვისით და ა. შ. ასე ვთქვათ, ყველაფერი გამარტივებისკენ წავიდა. ტექნოლოგიის განვითარება, კომუნიკაციის ფორმებიც გააადვილა, მაგრამ ყველა ეფექტურად ვერ იყენებს კავშირების დასამყარებლად.
როგორც მეწარმე რობერტ რეფკინი აღნიშნავს, ასეთ სწრაფ, ქაოსურ სამყაროში ურთიერთობის რამდენიმე წვრილმან ხრიკს მიაგნო. მაგალითად, ის წერილის ტრადიციული მეთოდით დაწერას გვირჩევს — როცა კალამს და ფურცელს გამოიყენებთ, ადრესატს ავტომატურად გაუჩნდება შეგრძნება, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია მასთან საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ გამოდგება, მაგრამ კარგი არჩევანი იქნება მადლობის წერილისთვის. ასევე, მეტი გულწრფელობისთვის რაიმე კონკრეტულზე ისაუბრეთ — მაგალითად, „მადლობა რჩევისთვის, რომელიც მომეცი და ასე ძალიან დამეხმარა“.
არანაკლებ ეფექტიანია ტელეფონზე დარეკვა. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ათასობით თანამშრომელი მყოლია და ყოველ ჯერზე პირადად ვურეკავდი, რათა კომპანიის ღირებულ ნაწილად ეგრძნოთ თავი. მაშინაც ვურეკავ, როცა სამსახურიდან მიდიან… უნდა იცოდნენ, რომ მათი წასვლა შესამჩნევი დანაკლისია“, — განმარტავს რობერტ რეფკინი.
გარდა ამისა, თანამშრომლებისთვის საინტერესო კითხვების დასმაც კარგი მეთოდია. აუცილებელი არაა, საუბარი მხოლოდ სამსახურს ეხებოდეს — პირიქით, ჰკითხეთ ცხოვრებისეული მოტივაციის შესახებ; ან რა მოხდა მიმდინარე კვირაში ყველაზე საინტერესო. როცა ნამდვილ ინტერესს გამოიჩენთ, ყველა მეტად გულწრფელი გახდება. რიგითი უფროსი ან კოლეგა კი არ იქნებით, არამედ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ყურადღებას აქცევს.
რაც შეეხება ონლაინ შეხვედრებს, რაც ასე ხშირია უკვე ყოველდღიურობაში, ამ დროს ვიდეოს ჩართვა სჯობს. თუ მხოლოდ ხმა ისმის, კავშირის განცდა დაბალია, თითქოს ცარიელ სივრცეში ლაპარაკობ… „მარტო რთულია წარმატების მიღწევა. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ნამდვილი, ავთენტური ურთიერთობების განვითარებას, მით უფრო შეძლებთ ოცნებების რეალიზებას. რისკზე წასვლაც აღარ მოგეჩვენებათ ისე რთულად და გეცოდინებათ, რომ ყოველთვის გეყოლებათ მხარდამჭერები“, — აღნიშნავს რეფკინი.