22
Jul
2019

“გვინდა ქალაქი საცობისგან განვტვირთოთ!” – თვითგორიალების გაზიარების სერვისი MyCab.ge

22 Jul 2019

Startauperi
Startauperi


საქართველოს ქალაქებში, გაზრდილმა საავტომობილო ნაკადმა, საცობებმა, პარკირების ადგილის მუდმივმა დეფიციტმა და გამონაბოლქვით გამოწვეულმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ ანტრეპრენუარების გონება გადაადგილების ალტერნატივის ძიებისკენ მიმართა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად იმატა ველოსიპედითა და სკუტერით მგზავრობის, ფეხით სიარულის მსურველთა რაოდენობამ. თუმცა, პრობლემა მაინც მწვავედ დგას, მაგალითად, დედაქალაქში. ასევე, გადაადგილება მნიშვნელოვნად ძნელდება სეზონზე ბათუმშიც: ვიწრო ქუჩები, დაურეგულირებელი გზაჯვარედინები, უწესივროდ გაჩერებული ავტომობილები, “უზებრო” ადგილას გადამსვლელი ქვეითები… უწესივრობის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მავნე ჩვევაც, რომელსაც ასე ვუწოდოთ: “მაღაზიაშიც მანქანით სიარული”. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრმა ლევან აბაშიძე და გიორგი ლომთათიძე ელექტრო თვითგორიალას Mycab.ge გაზიარების სერვისამდე მიიყვანა. სურდათ შექმნათ გადაადგილების მარტივი და სწრაფი საშუალება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაც იქნებოდა, საცობებსაც შეამცირებდა და მიმზიდველი იქნებოდა როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც:

“მოგზაურობის დროს, ზოგჯერ გსურთ სწრაფად გაერკვიოთ უცხო ქალაქის მდებარეობაში, სად რა ხდება, სად რა მდებარეობს, ზოგადად ტურისტი ცნობისმოყვარეა და სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია ქალაქის შესახებ: კაფე, სასტუმრო, გალერეა, სანაპირო, ამ დროს ხედავთ თვითგორიალას. იღებთ, მარტივად რეგისტრირდებით აპლიკაციაში და სარგებლობთ. აქედან წამოვიდა ეს იდეა. ევროპის დიდ ქალაქებში მოგზაურობა ყოველთვის არის ინსპირაციის წყარო… Mycab.ge-ის პროექტი არის მთლიანად ქართული პროექტი, პროგრამა არის შექმნილი ქართველი დეველოპერების საშუალებით, რაც გვაძლევს მომავალში განვითარების და მოქნილობის საშუალებას.”

M: უცხოური გამოცდილება როგორ მოარგეთ ქართულ რეალობას?

ზოგადად, გაზიარების სერვისი საკმაოდ მიმზიდველია და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად, მოკლე მანძილებზე გადაადგილებისთვის და ეკოლოგიური სიჯანსაღისთვის საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ეს ტრანსპორტი არის ძალიან აქტუალური და ვფიქრობთ, სულ მალე გახდება პოპულარულიც.  

მთლიანად გავიზიარეთ უცხოური გამოცდილება აპლიკაციის ფუნქციონირების ნაწილში, ქართული რეალობიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, განსხვავება მხოლოდ სერვისის დასრულების ნაწილშია. Mycab.ge- სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციებზე მგზავრობის დასრულება. მომხმარებელს შეუძლია დაასრულოს მგზავრობა მხოლოდ mycab.ge- ლოკაციაზე.

M: რა პრინციპზეა დაფუძნებული Mycab? 

თვითგორიალა არის ადვილი სამართავიგრძნობთ თავისუფლებას გადაადგილების დროს. საერთოდ, მთელ ევროპაში თვითგორიალა არის ძალიან პოპულარული და ვფიქრობთ, ეს ტრანსპორტი განსაკუთრებით უხდება ზღვისპირა ბათუმს, რომელიც სწორხაზოვანი ლამაზი ქუჩებითა და ველობილიკებით გამოირჩევა. მართვა მთლიანად ხორციელდება ვებ აპლიკაციის საშუალებით: მომხმარებელს აპლიკაციით შეუძლია გააქტიუროს თვითგორიალა, ისარგებლოს და შემდგომ, დაასრულოს მოგზაურობა. Mycab.ge-ის თვითგორიალები ბათუმის რამდენიმე კერძო ტურისტულ ობიექტთანაა განთავსებული. მსურველებმა უნდა ისარგებლონ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით mycab.ge, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელზე. აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს იხილოს რუკა, სადაც არის დატანებული ელექტრო თვითგორიალების სადგომები ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე. თვითგორიალას ქირაობის ფასი წუთში 35 თეთრია. იგი განკუთვნილია 14 წლიდან ზევით ყველა ასაკის მომხმარებლისთვის.

Mycab.ge უპირველესად არის გადაადგილების საშუალება ქალაქში. ავტომობილის ალტერნატივა, მოკლე დისტანციებზე გადაადგილება არის მოსახერხებელი, საცობების და პარკირების პრობლემების გარეშე.

M: რაც შეეხება კომუნიკაციას: რა მიდგომას მიმართავთ MyCab-ის პოპულარიზაციისთვის და მომხმარებლების მოსაზიდად?

ქალაქში განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, სადაც განთავსებულია თვითგორიალები და საინფორმაციო აბრები, აქტიურად ვიყენებთ სოციალური მედიის საშუალებებს

M: ტურისტები ბათუმს აქტიურად სტუმრობენ. სად ეცნობიან ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ბათუმი პატარა ქალაქია. MyCab-ის თვითგორიალები შეუჩნეველი არ რჩება ტურისტებს და მოსახლეობას. როგორც ავღნიშნეთ, ტურისტულად აქტიურ ლოკაციებზე, სადგომებთან ერთად, განთავსებული გვაქვს საინფორმაციო დაფები. 

M: როგორ გეგმავთ სტარტაპის განვითარებას?

Mycab.ge-ით სარგებლობა საქართველოში პირველად სწორედ ზღვისპირა ქალაქში გახდა შესაძლებელი. რადგან ბათუმი არის ტურისტული ქალაქი, სადაც ველო ბილიკების ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგად არის განვითარებული, ამიტომ დავიწყეთ ბათუმიდან, შემდგომ ეტაპზე იგეგმება 200-მდე თვითგორიალა დავამატოთ და ბათუმთან ერთად თბილისი და სხვა ქალაქებიც მოვიცვათ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა