ბოლო წლებია ყველა მხრიდან ციფრული მარკეტინგი გვესმის – სფერო, რომელმაც მსოფლიო ბაზარი დაიპყრო, გააჩინა ახალი სპეციალობები, საჭიროებები და თავდაყირა დააყენა პროდუქტის შეთავაზებისა თუ გაყიდვის მეთოდები. ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების მაჩვენებელმა თუ სოციალური ქსელების მზარდმა პოპულარობამ ბიზნეს კომპანიები აიძულა, ძალები იქ მიემართათ, სადაც მათი მომხმარებელი დიდ დროს ატარებს, ამიტომ აუცილებელი გახდა ყველა ამ სივრცის საფუძლიანად ათვისება და ისეთი კადრების პოვნა, ვინც ამაში ერკვევა.
დღეს ამ ერთი კადრისთვისაც საკმაოდ რთულია ციფრული მარკეტინგის ყველა ფუნქციის ერთად თავმოყრა, ყველაფრის წინასწარ გათვლა და შემდგომი ანგარიშების წარმოება, ამიტომ მსოფლიო მასშტაბით ჩნდება დამხმარე ვებხელსაწყოები, რომლებიც მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში ონლაინ გვეხმარებიან.
ცოტა ხნის წინ მსგავსი ხელსაწყო ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა. MyDataNinja – ქართველების მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელსაც საქმიანობის წამოწყებისას კოვიდპანდემია დაეწია, რამაც ბევრი ბარიერი შეუქმნა, თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდის წევრებმა განაგრძეს მუშაობა, ააწყვეს მოდელი, რომელიც უკვე მუშაობს და მისი სამომავლო განვითარების სრული ხედვაც აქვთ. თუ როგორია ეს ხედვა, რა ხელსაწყოზეა საუბარი და რას შეცვლის ის ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, თავად სტარტაპის დამფუძნებელი, გურამ თათეშვილი მოგვიყვება.
M: გურამ, რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ ასეთი ხელსაწყო შეგექმნათ და როგორ გადადგით პირველი ნაბიჯი?
ჩვენი სტარტაპის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენი საერთაშორისო ციფრული სააგენტოსთვის შევქმენით შიდა აპლიკაცია, რათა უფრო ეფექტური გაგვეხადა ჩვენი მუშაობა. ეს სააგენტო, რომელიც ამჟამად უკვე გუგლის ოფიციალური პრემიერ პარტნიორია, ემსახურება ასობით კომპანიას მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ეს ზრდიდა ჩვენი თანამშრომლების დატვირთვას, გვქონდა ძალიან ბევრი ექსელის ფაილი და გვინდოდა, რომ პროცესი უფრო მარტივი და ავტომატიზებული ყოფილიყო.
მას შემდეგ რაც სააგენტოში გაამართლა შიდა აპლიკაციამ, ბევრად გაზარდა ჩვენი კლიენტების წარმატებული კამპანიები და ჩვენც გაგვიავტომატურა თითქმის ყველა პროცესი, გადავწყვიტეთ მხოლოდ შიდა გუნდისთვის არ გვქონოდა ეს სერვისი და შეგვექმნა, როგორც საჯარო პლატფორმა, რომლითაც ნებისმიერი ბიზნესი ან სააგენტო ისარგებლებდა. დავიწყეთ პროტოტიპზე მუშაობა და მოვიპოვეთ GITA-ს გრანტიც, რომელმაც საკმაო ბიძგი მოგვცა, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გაგვეგრძელებინა მუშაობა. პირველი წელი სრული სისტემის დაგეგმარებისათვის დაგვჭირდა, რა დროსაც გავარჩიეთ ჩვენი პარტნიორი დიდი პლატფორმები – გუგლი და ფეისბუკი.
M: კარგად რომ ჩავშალოთ – როგორ მუშაობს mydataninja და რისთვის გამოიყენება, რა პროცესებს ამარტივებს და როგორ?
MyDataNinja-ში ერთი მიზანი გვამოძრავებს – შევქმნათ პლატფორმა, რომლითაც ადამიანი შეძლებს ნებისმიერი სირთულის სარეკლამო კამპანიის შექმნას დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რაიმე ტექნიკური ან მარკეტინგული ცოდნა. ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, იფიქროს, შექმნას კარგი პროდუქტი და კრეატივი, ხოლო ციფრული რეკლამის სხვა ტექნიკური დეტალები, პლატფორმამ მოაგვაროს. ამიტომაც ვუქმნით მომხმარებელს ავტომატურად სპეციალურ კონვერსიებს, ხოლო რეკლამის ძირითად სახეობად, რომელსაც მომხმარებელს ვურჩევთ, სწორედ კონვერსიებზე/ალგორითმზე დამყარებული რეკლამების გაშვებაა.
ამჟამად ვუშვებთ საჯარო ბეტა ვერსიას, შესაბამისად, ბევრი ფუნქცია ჯერ კიდევ წინაა. რაც ახლა გამოარჩევს MyDataNinja-ს სხვა ტიპის სისტემებისგან, არის რამდენიმე ძირითადი ფუნქცია:
- განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, სადაც სარეკლამო ბიუჯეტი არც ისე დიდია და მისი მაქსიმალურად ეფექტურად ათვისებაა საჭირო, ხშირია შემთხვევა, როცა ვერ ხვდებიან, კონკრეტულად რომელი პლატფორმა, ან რომელი რეკლამა არის მომგებიანი და რომელი წამგებიანი. შესაბამისად, ეს ბიუჯეტი იხარჯება „ბრმად“ და ჯამური შედეგებიდან გამომდინარე წყდება, რა არის კარგი და რა ცუდი. ჩვენ სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. MyDataNinja-ს მეშვეობით, რეალურ დროში შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ, თუ რომელი რეკლამა, ედ გრუპი ან კამპანია, პროდუქტი არის, რასაც გაყიდვები მოაქვს. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ნახოთ, რამდენია მოგება და რამდენი ხარჯი. შესაბამისად, შეგიძლიათ რეალურ დროში გათიშოთ არამომგებიანი რეკლამები და ეს ბიუჯეტი მომგებიან რეკლამებზე გადაანაწილოთ. ეს სუპერ პროდუქტიულს ხდის თქვენს სარეკლამო კამპანიას და კომპანიის ეფექტურობას.
- შეგიძლიათ ერდროულად მართოთ ასობით სარეკლამო ექაუნთი როგორც გუგლიდან, ასევე ფეისბუკიდან. შეგიძლიათ დაივიწყოთ გუგლში და ფეისბუკში ცალ-ცალკე რეპორტების შემოწმება და ამაში დროის ხარჯვა. მას შემდეგ, რაც ერთ ღილაკზე დაჭერით MyDataNinja დაუკავშირდება გუგლსა და ფეისბუკს, ჩვენ ავტომატურად ვასინქრონებთ ამ პლატფორმებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ მათი რეპორტები ჩვენთან მარტივად შეამოწმოთ, თანაც მიმდინარე დროში.
- ჩვენი უნიკალური რეკლამების შექმნის მოდული აერთიანებს სხვადასხვა პლატფორმას. შეგიძლიათ ერთი ფორმის შევსებით შექმნათ რეკლამა გუგლსა და ფეისბუკში. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ ტიკტოკისა და ბინგის დამატებას. შესაბამისად, თქვენ ერთდროულად შეგეძლებათ შექმნათ გუგლის და ბინგის საძიებო სისტემაში რეკლამა, ამ პლატფორმებზე ცალ-ცალკე შესვლის გარეშე. ასევე, ფეისბუკსა და ტიკტოკზე. რაც მნიშვნელოვანია, მარტივად შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვადასხვა ექაუნთზე და შექმნათ რეკლამები ბევრად ჩქარა, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდით.
- MyDataNinja, სპეციალური პიქსელის მეშვეობით, თითოეული ვიზიტორის ინფორმაციას ინახავს და შესაბამისად, როცა გაყიდვა ხდება, ზუსტად შეგიძლიათ ნახოთ, რომელი რეკლამიდან მოხდა, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს თქვენს ბიზნეს აქტივობებში. ამის საშუალებით უფრო ზუსტად გეცოდინებათ, რა პროდუქტი და სერვისი მუშაობს მომგებიანად და რა – არა.
- MyDataNinja-ში შევქმენით საბაზისო CRM მოდული, რათა იმ კომპანიებმა, რომლებიც ინფორმაციას მომხმარებლებზე ჯერ კიდევ ექსელის ფაილში ან ფურცელზე ინახავენ, შეძლონ ამ ინფორმაციის კარგად დახარისხება, შენახვა და დამუშავება. სწორედ CRM მოდულის მეშვეობით ხდება გაყიდვების შესახებ ინფორმაციის შეტანა MyDataNinja-ს სისტემაში.
- ანალიტიკისა და რეპორტინგის შემდეგ, ფუნქცია, რომ გუგლისა და ფეისბუკის სხვადახვა ექაუნთზე მენეჯმენტი გაუწიო ასობით რეკლამას, მხოლოდ 1 ღილაკზე დაჭერით, ნამდვილი ფუფუნებაა.
- ხშირია, როცა გაყიდვა ხდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა დააფიქსირა მოთხოვნა და დატოვა ვებგვერდი. ამ დროს, სტანდარტული Cookie Based Tracking კარგად ვერ მუშაობს, რადგან ქუქის გამოყენებისას, საჭიროა მომხმარებელი საიტზე იყოს იმ კონკრეტულ მომენტში და ასე გაიგზავნოს სარეკლამო პლატფორმებზე გაყიდვის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ კი გვაქვს Server Side Tracking, რაც საშუალებას იძლევა 3-4 დღის მერე დაფიქსირებული გაყიდვის შესახებაც მივაწოდოთ ინფორმაცია გუგლს და ფეისბუკს. შესაბამისად, ამ მონაცემით შეგეძლებათ ზუსტად უთხრათ პლატფორმებს, ვინ გჭირდებათ და სწორედ ამ აუდიტორიაზე იმუშაოთ სამომავლოდ, რაც გრძელ ვადაში დაგიზოგავთ სარეკლამო ხარჯებს და გაგიზრდით გაყიდვებს.
M: ვინ იყენებს ამჟამად პლატფორმას და თუ მუშაობთ კიდევ ცვლილებებზე/განახლებებზე?
დახურული ბეტას პირობებში რამდენიმე კომპანია იყენებდა პლატფორმას, მცირე ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ. ერთ-ერთი ამ კომპანიებიდან არის რუმინული ფინანსური კომპანია – Horacredit.ro, ხოლო მეორე ქართული E-commerce კომპანია, Citrus.ge.
ორივე კომპანიასთან მუშაობა გამორჩეულად საინტერესოა, რადგან მათ ორივემ Success Case-ებად აქციეს ჩვენი პლატფორმის გამოყენება. მაგალითისთვის HoraCredit-მა შეძლო და MyDataNinja-ს გამოყენების პირობებში რამდენიმე ათეული ათასი ევროთი გაზარდა სარეკლამო ხარჯი, ისე, რომ ხარჯის ეფექტურობა 100%-ზე მეტით გაიზარდა. მათი კომენტარით, რეალურ დროში ზუსტი ციფრების ყურება და კამპანიების მარტივად, ჩქარა, რამდენიმე კლიკით გათიშვა/ჩართვის შესაძლებლობამ სრულიად გაამარტივა და დააჩქარა წარმატების შესაძლებლობა. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია, რომელსაც ციფრული სარეკლამო ბიუჯეტი ჩვენი პლატფორმის გამოყენებამდე რამდენიმე ათასი ევრო ჰქონდა, ახლა ასიათასობით ევროს ხარჯავს MyDataNinja-ს პლატფორმის მეშვეობით სრულიად ეფექტურად.
რაც შეეხება Citrus.ge-ს წარმატებულ თანამშრომლობას, ამ კომპანიასაც ჰქონდა სარეკლამო კამპანიები, სადაც სრულიად უაზროდ იხარჯებოდა თანხები. საუბარია სარეკლამო კამპანიების 30-40%-ზე. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტის 30% იხარჯებოდა ისეთი ტიპის და პროდუქტების რეკლამაზე, სადაც მომხმარებელი ახორციელებდა მოთხოვნის დაფიქსირებას და შემდეგ ან უქმდებოდა, ან ვერ ხდებოდა დაკავშირება და გაყიდვის მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. ასევე მარჟა კონკრეტულ რეკლამებზე იყო ძალიან დაბალი, მიუხედავად გაყიდვებისა. ამის კონტროლი კი კომპანიისთვის საკმაოდ რთული იყო. MyDataNinja-ს გამოყენების შემდეგ კი, კომპანიამ ზუსტად დაინახა, სად იყო პრობლემები, ასევე გაირკვა, რომ რამდენიმე სარეკლამო ექაუნთი უბრალოდ ცუდად მუშაობდა კონკრეტულ პროდუქტებზე.
MyDataNinja-ს დახმარებით, საშუალება გაჩნდა რამდენიმე სხვადასხვა ექაუნთის მარტივი მენეჯმენტის, შესაბამისად შეიქმნა სხვადასხვა ექაუნთები და მარტივად მართვის პირობებში, რეკლამების ეფექტურობა რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა. ჯამში, MyDataNinja-ს გამოყენებამდე კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტი იყო 0-დან 20%-მდე ROI მაჩვენებელში, ახლა ეს 80-100% მდე აღწევს.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საჯარო ბეტას გაშვების შემდეგ მომხმარებლების აქტიური ინტერესისა და მათი უკუკავშირის იმედი გვაქვს, რათა ზუსტად შევძლოთ, პლატფორმა ჩვენს მომხმარებელს მოვარგოთ.
საჯარო ბეტა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გასტანს და შემდეგ გადავალთ ოფიციალურ ფინალურ ვერსიაზე. ამ დროისთვის გვსურს გვქონდეს მარტივი ინტეგრაციები დიდ პლატფორმებთან, როგორებიცაა: Shopify, WordPress, Hubspot, Zoho.
ასევე, გვსურს ამერიკულ ბაზარზე შევიდეთ და იმედია, ამასაც წლის ბოლომდე შევძლებთ.
რაც გვაიმედებს, არის ის, რომ ვართ მონდომებული, მოქნილი გუნდი, რომელიც ეცდება მომხმარებლის ინტერესი და სურვილები გაითვალისწინოს და პლატფორმაც შესაბამისად განვავითაროთ.
საჯარო ბეტას პირობებში, ქართულ კომპანიებთანაც ვაპირებთ ვითანამშრომლოთ, რაც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, პირველი თვის განმავლობაში, პლატფორმა უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო შემდეგ, სანამ ფინალურ ვერსიას გავუშვებთ, მინიმალური თვიური გადასახადით იმუშავებს.
პლატფორმის შემქმნელები ვიდეოტუტორიალსაც გვიზიარებენ, რომელიც, მართალია, ამ ეტაპზე ინგლისურ ენაზეა, მაგრამ მასში ყველა საჭირო ნაბიჯია მიმოხილული, რომლებიც MyDataNinja-ზე ნავიგაციაში დაგეხმარებათ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი