in

ქართული პლატფორმა ფრილანსერებისთვის – სტარტაპი “მაიფრილანსი”

Startauperi
Startauperi

მათთვის, ვინც დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომისთვის არ არის გაჩენილი, არსებობს დისტანციურად მუშაობის ალტერნატივა, რომელსაც ფრილანსით მოვიხსენიებთ. ფრილანსერს არ აქვს ვალდებულება, იჯდეს კონკრეტულ ოფისში, კონკრეტული გრაფიკით. ის მუშაობს მაშინ, როდესაც თავად გადაწყვეტს და იქიდან, საიდანაც გადაწვეტს. თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო მეტი ბიზნესი მიდის დასკვნამდე, რომ მთელი რიგი საქმეების საკეთებლად, კონკრეტულ მისამართზე ყოფნა სულაც არ არის აუცილებელი, თუკი ფრილანსერი ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია. ასეთი ტიპის საქმეებია: გრაფიკული დიზაინი, ტექსტური თუ სხვა ტიპის კონტენტი, პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კონსულტირება და სხვა. თუმცა, თავისუფლების საკმაო დოზის გარდა, ფრილანსერი სხვა გამოწვების წინაშე დგას – მან  უნდა მოიძიოს დამკვეთი, აწარმოოს მოლაპარაკებები, განსაზღვროს პროექტის ღირებულება, შესრულების ვადები და მთელი რიგი ტექნიკური სამუშაოები. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, რამდენიმე მეგობარმა შექმნა სტარტაპი “მაიფრილანსი”, რომელიც აერთიანებს ფრილანსერებს და მათთან ერთად ასრულებს პროექტებს.

მაიფრილანსი პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს შემოქმედებით ადამიანებს იმ კომპანიებთან, ვინც მათ ეძებს. ამ ეტაპზე, ფრილანსერებს ვეხმარებით ქართულ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ტიპის კომპანიასან კომუნიკაციის გამარტივებასა და მათ მოძიებაში. კომპანიებს კი ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას: ბრენდინგი, სოციალური მედიის მართვა, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, ვებგვერდის შექმნა და მართვა, SEO ოპტიმიზაცია და ჩვენ მიერ შექმნილი CRM RED LAB – მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი, – გვიამბო სტარტაპის დამფუძნებელმა, გიორგი ლონდარიძემ.

M: რა პრობლემა დაინახეთ ბაზარზე, რის გამოც My Freelance-ის დაარსება გადაწყვიტეთ? 

ფრილანსერებისთვის, განსაკუთრებით თუ დამწყები ხარ, რთულია სასურველი და შენთვის საინტერესო პროექტების და დაინტერესებული კომპანიების მოძიება, კომუნიკაცია. თავის მხრივ, კომპანიისთვის კომფორტულია, როცა კონკრეტულ პროექტზე სამუშაოდ სხვადასხვა სანდო ალტერნატივა არსებობს. 

ჩვენი სტარტაპის მიზანია ამ სფეროში ხარისხი, კომფორტი და სანდოობის დონე გავზარდოთ და უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ დამწყებ ფრილანსერებს.

მე, პირადად, 6 წელია, რაც გრაფიკოს დიზაინერი ვარ. ვმუშაობდი სხვადასხვა ტიპის კომპანიაში, თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს მაინც სახლში მუშაობისას ვგრძნობდი. ზოგადად მე, როგორც ფრილანსერს, მირჩევნია, პროექტი შევასრულო თავისუფალ და კომფორტულ გარემოში, პარალელურად კი მქონდეს შესაძლებლობა მოვუარო ჩემს ძაღლებს და უფრო მეტი დრო გავატარო მათთან. დარწმუნებული ვარ, ამ სფეროში ბევრია, ვისაც სურვილი აქვს სახლიდან აკეთოს საყვარელი საქმე. ჩვენი მიზანი კი ასეთი ადამიანებისთვის კომფორტულად მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.

M: დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაა ასეთი სერვისის არსებობის საჭიროება?

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე გვყავს ბევრი ფრილანსერი, კომპანიებთან რთულია კომუნიკაცია. გვსურს, ამ კუთხით, ორმხრივი კომფორტის შესაძლებლობა გავაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ადამიანებს ახალი შესაძლებლობებისკენ, მეორე მხრივ კი – კომპანიებს არჩევანის არეალი გავუფართოვოთ.

M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა “მაიფრილანსი”?

რეალურად, უცხოურ ბაზარზე მუშაობის შედეგად, ადგილობრივი და არამარტო აქაური, არამედ ყოველი ქვეყნის სამუშაო გარემო და სტანდარტი განსხვავებულია, პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც მე და ჩემი მომავალი მეგობარი, კოლეგა არ ვიცნობდით ერთმანეთს, ვცხოვრობდით სხვადასხვა ქვეყანაში, ვმუშაობდით და ვსწავლობდით, გავეცანით უცხოურ კულტურას და შემდგარ ასაკში დავბრუნდით საქართველოში. გავეცანით ბაზარს და რატომღაც ვერცერთმა ვნახეთ ის, რასაც აქამდე ვიყავით მიჩეულები, მოხდა ისე, რომ გავიცანით ერთმანეთი და მივხვდით, მოქმედების დრო იყო. ცალკეულად აქამდე სხვა სტარტაპებზეც გვემუშავა და ორივემ კარგად ვიცოდით, რა იყო საჭირო, ორთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევაგროვეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო და დავიწყეთ საქმის კეთება.

M: რა ტიპის პროექტებზე გიმუშავიათ ამ დროისთვის?

გუნდის თავდაპირველ  წევრებს, როგორც ქართულ ისე უცხოურ ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გვაქვს, გვიცხოვრია და გვიმუშავია გერმანიაში, თურქეთში და რა თქმა უნდა, საქართველოში. კონკრეტულად, უკვე დაფუძებული კომპანიით ჩვენი ბოლო თანამშრომლობა შედგა შემდეგ კომპანიებთან: საქართველოს კარიტასთან, mycar–თან, საქართველოს საჰაერო ტურების კომპანიასთან, სამშენებლო კომპანია „ემ-ბი-ჯი“-სთან, კარებებისა და ფანჯრების დამზადების წამყვან კომპანია „ელ-ჯი-ჯი“-სთან, ელექტრო კარების კომპანია დინექსთან, რაც შეეხება უცხოურ ბაზარს – კომპიუტერული ნაწილების წარმოების კომპანია Deutsche BRUG-თან.

M: რატომ უნდა დააინტერესოს ორგანიზაციას თქვენთან თანამშრომლობამ აუთსორსზე, რა არის თქვენი უპირატესობა?

ჩვენ კომპანიას ვთავაზობთ იმას, რაც თავად სურს, ვაცოცხლებთ ტექნიკურად იმას, რაც აქამდე მხოლოდ მათ ფიქრებში იყო. არ ვახვევთ თავს მათთვის გაუგებარ ტერმინებს, თავის მოსაწონებლად, ვესაუბრებით მათი სფეროდან გამომდინარე.

“მაიფრილანსის” შექმნის დღიდან, ამ სახელით, წარმატებით შევასრულეთ 7 დიდი პროექტი, ვმუშაობთ 6 ზე, დამატებით ცალკეული სერვისების კუთხით შევასრულეთ 31 სერვისი, ხოლო ამ მომენტისთვის გვაქვს 5 მიმდინარე. პროექტის ფარგლებში გუნდის ძირითადი წვრების გარდა გვყავს 8 ფრილანსერი.

M: ვის და როგორ შეუძლია თქვენთან თანამშრომლობა?

ჩვენთან თანამშრომლობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომლის ნამუშევრებსაც ჩვენი გუნდი საფუძვლიანად ამოწმებს. ამოწმებს მათ ავთენტურობას და აფასებს მის შესაძლებლობებს. ფრილანსერები ჩვენთან სოციალური ქსელების მეშვეობით და ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით გვაწვდენენ ხმას. ფრილანსერთან კომუნიკაციის საწყისი ეტაპი ჩვენ გუნდთან შეხვედრა და უფრო ახლოს ერთმანეთის გაცნობა წარმოადგენს, რათა გავზარდოთ ნდობა პირველ რიგში ფრილანსერს და ჩვენ შიდა გუნდს შორის,  ასევე უფრო საფუძვლიანად ვიგებთ მის უნარებს და შესაძლებლობებს, საქმესაც შესაძლებლობების მიხედვით ვაძლევთ.  

კომუნიკაციასაც, ფრილანსერთან ვიწყებთ მხოლოდ პროგრამული უნარებიდან გამომდინარე.

M: საიდან და როგორ გებულობენ ფრილანსერები თქვენზე?

სოციალური ქსელიდან, სამეგობროდან და თქვენაირი კომპანიებიდან რომლებიც ეხმარებიან ახალ სტარტაპებს აუდიტორიასთან გასვლაში. რეალურად ჩვენ არც დროს ვართმევთ არავის ზედმეტად და არც რაიმეში ვზღუდავთ. ვთავაზობთ მისთვის სასურველი გარემოდან თანხის გამომუშავებას იმით რაც ყველაზე კარგად იცის, ამასთან ერთად უმთავრეს, გამოცდილებას.

M: რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესის ეს მიმართულება საქართველოში და სახელდობრ, “მაიფრილანსი”?

ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ფრილანსერების დაინტერესება და მათი ნდობის მოპოვებაა. გვსურს, შევქმნათ ერთიანი ბაზა, სადაც გაერთიანდება ყველა დაინტერესებული ადამიანი, მანამდე კი, მთავარია მათ ხმა მივაწვდინოთ. ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტიპის კომპანიებთან, ვინც მზად არის ფრილანსერებს ჩააბაროს მცირე თუ დიდი პროექტები.  დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ზოგადად ფრილანსერმაც არ იცის, რა არის ფრილანსი, როგორ მუშაობს ფრილანსერი და რა ვალდებულებები აქვს მას. ბევრ შემთხვევაში, კომპანიებიც თავს არიდებენ ფრილანსერულ კომპანიებთან მუშაობას, ეს უცხოეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. როცა უცხოეთში ფრილანსერად ვმუშაობდი, საკმაოდ რთული იყო დიდი პროექტის აღება, რაც უნდობლობით იყო განპირობებული. საქართველოში კი საქმე უფრო რთულად არის. მქონია შემთხვევები, როცა კომპანიებთან შეხვედრაზე მივსულვარ  მიყვებოდნენ ბევრ შემთხვევას, თუ როგორ გააკეთებინა ფიზიკურ პირს ვებგვერდი, შემდეგ პროგრამისტი გაუჩინარებულა და პროექტი არც ჩაუბარებია. ერთერთი ჩვენი გამოწვევაც ზუსტად ეს არის, რომ ნდობა მოვიპოვოთ ხარისხით და ჩვენს მიერ შესრულებული პროექტის გაუმართაობის შემთხვევაში გამოვასწოროთ ხარვეზი და მუდამ კავშირზე ვიყოთ დამკვეთთან.

M: რა სირთულეები ახლავს თანამშრომლების დისტანციურად მართვას?

მთავარი პრობლემა ნდობის მოპოვებაა, დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რისი შესაძლებლობა აქვს და რა რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენს პლატფორმას. ამიტომ, პროექტის დაწყებამდე ვათანხმებთ პირობებს და ვცდილობთ მისი ინტერესები სრულად იყოს დაცული.

M: საიდან და როგორ გებულობენ ფრილანსერები თქვენზე? ასევე, რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ?

სოციალური ქსელიდან, სამეგობროდან და თქვენაირი კომპანიებიდან რომლებიც ეხმარებიან ახალ სტარტაპებს აუდიტორიასთან გასვლაში. რეალურად ჩვენ არც დროს ვართმევთ არავის ზედმეტად და არც რაიმეში ვზღუდავთ. ვთავაზობთ მისთვის სასურველი გარემოდან თანხის გამომუშავებას იმით რაც ყველაზე კარგად იცის, ამასთან ერთად უმთავრეს, გამოცდილებას.

M: ვინ შეადგენს “მაიფრილანსის” გუნდს? როგორ გაერთიანდით?

სანამ კომპანიის დაარსების იდეა დაიბადებოდა,  მე და ჩემი გუნდის ორი წევრი ვმუშაობდით ერთ ორგანიზაციაში. მოხდა ისე, რომ მათ სხვა სამუშაოზე მოუწიათ გადასვლა. შემდეგ დამებადა იდეა, დამეარსებინა კომპანია, სადაც პირველ რიგში ჩემს მეგობრებს გავაერთიანებდი და ერთად ვიმუშავებდით. მათ, ცხადია, მოეწონათ  მაიფრილანსის იდეა. ჩვენს შიდა გუნდში მოვიყარეთ თავი ისეთი პროფესიის მქონე ხალხმა, რა სერვისებიც გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვეხმარება იმაში, რომ შევამოწმოთ ფრილანსერის მიერ შესრულებული პროექტის ხარისხი და შემოწმების შემდეგ, გადავცეთ დამკვეთს.

M: “მაიფრილანსის” დაფუძნება რამ გადაგაწყვეტინათ? დღეს, რა არის თქვენი მოტივაცია?

ცხადია, მაიფრილანსის დაფუძნება მხოლოდ მეგობრების შეკრეფის იდეამ არ გადამაწყვეტინა. უცხოეთში მუშაობის პერიოდშიც მქონდა ანალოგიური იდეა, მაგრამ გარკვეული მიზეზების და ფინანსური პრობლემების გამო, ვერ განვახორციელე. შემდეგ, საქართველოში როცა დავიწყე მუშაობა, რამდენიმე კომპანია გამოვიცვალე და ფაქტობრივად, ყველა კომპანიაში ანალოგიური პრობლემები და რაც მთავარია, შეზღუდულ დროში პროექტების დასრულება წარმოადგენდა. როცა გარედან უყურებ პროგრამისტის მიერ შესრულებულ პროექტს ან გრაფიკოს დიზაინერის მიერ შესრულებულს, მარტივად გეჩვენება. მაგრამ, როცა ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პროექტის შესრულება და პარალელურად თავზე გადგას ,,ვიღაც“ და დროს გიწერს, საკმაოდ დამთრგუნველი და საშინელია. ამიტომაც გადავწყვიტე ისეთი კომპანიის დაარსება, სადაც ფრილანსერს აღებული პროექტი შეეუძლია შეასრულოს იქ, სადაც მას სურს და თავი იგრძნოს თავისუფლად.

M: როგორ ხედავთ ამ სტარტაპის განვითარებას?

My freelance-ის მთავარი იდეა და მიზანი ფრილანსერების  გაერთიანებაა და ერთ პლატფორმაში მუშაობა. შიდა გუნდი ვმუშაობთ, ასევე, საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე. ბევრი პროექტი დავასრულეთ და სატესტოდ გვაქვს გაშვებული. ზაფხულისათვის ვგეგმავთ ყოველ დასრულებულ და გატესტილ პროექტებს დღის სინათლე დავანახოთ. რაც შეეხება მაიფრილანსის მთავარ იდეას: მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, საქართველოში ფრილანსერებთან სრულყოფილი კომუნიკაცია ჭირს, ჩვენი გუნდი მუშაობს, რომ უფრო გავამარტივოთ მათთან კომუნიკაცია და ხელი შევუწყოთ, როგორც პროფესიულ, ასევე კარიერულ წინსვლაში.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Balenciaga-მ, ავსტრალიის დასახმარებლად, კოლექცია შექმნა

თბილისში სასტუმრო Hilton იხსნება