in

My Nanny: შეცდომები თავიდანვე „მოვიშინაურეთ“!

Startauperi
Startauperi

როგორ იქცევით, როდესაც იდეები მოსვენებას არ გაძლევენ? მით უფრო, როდესაც ეს აზრები თქვენგან გამბედავ ნაბიჯებსა და რისკზე წასვლას ითხოვენ? ნინო დვალიძე 38 წლის იყო, როდესაც წარმატებულ კარიერას თავი დაანება და სტარტაპერი გახდა. როგორც ილიას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ნინოს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებთან აქტიურად ჰქონდა შეხება და რვა წლის განმავლობაში, სასწავლებლის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. სტაბილურობაზე უარის თქმით მან გზა ახალ ბიზნეს-იდეას გაუხსნა და თავის ერთ-ერთ საყვარელ როლს – მშობლობას დაუკავშირა. თავის ფეისბუკ-ჯგუფის Georgia Supermoms დაკვირვების შედეგად, მივიდა აზრამდე, დახმარებოდა მშობლებს ადვილად ეპოვნათ ბავშვის აღზრდაში დამხმარე ძიძა ან ტუტორი. ასე გამოჩნდა ბაზარზე My Nanny, რომელმაც ერთი მხრივ, მშობლებს გაუმარტივა საქმე, მეორე მხრივ – ძიძებსა და ტუტორებს, დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო შეუქმნა. სულ რამდენიმე თვეში, 500 Georgia-ს რჩეულ 10 სტარტაპს შორის მოხვდა და ინვესტორების დაინტერესებაც აქტიურად დაიწყო. ერთ-ერთი, რასაც ნინო დვალიძე სტარტაპისთვის განვითარების განუყოფელ ნაწილად ხედავდა, სწორედ შეცდომები იყო. სწორედ ამიტომ, წინდაწინ შეამზადა თავი პერიოდულად მიწაზე დანარცხების პერსპექტივისთვის და ექსპერიმენტებისთვის ენთუზიაზმით განეწყო.

„სტარტაპი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია. სტარტაპი მუდმივი შეცდომების გზაა, სადაც დაუსრულებლად ატარებ ექსპერიმენტებს სერვისის/პროდუქტის დასახვეწად, მომხმარებლის სურვილების უკეთ გასაგებად და მათზე მოსარგებად. ამ ექსპერიმენტებისგან მიღებული ცოდნის საფუძველზე, ხშირად სტარტაპის მიმართულებასაც კი ცვლი. ეს ნორმაა. სწორედ შეცდომების დაშვებისა და სწრაფი ცვლილებებისთვის მზაობა არის სტარტაპის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა. თუ შეცდომები და ცვლილებებლი გაშინებს, სტარტაპი საშენო არ არის. „მაი ნენის“ გუნდს ეს გაცნობიერებული გვქონდა. ამიტომ, შეცდომები თავიდანვე „მოვიშინაურეთ“ და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციეთ,“ – ამბობს „მაინენის“ დამფუძნებელი ნინო დვალიძე.

„მაი ნენის“ არსებობის ამ მოკლე პერიოდშიც კი იყო რამდენიმე კრიტიკული შეცდომა, რომელზეც დაგვიანებული პასუხი დიდი ალბათობით „მოკლავდა“ ჩვენს წამოწყებას და ვთვლი, რომ შეცდომების დროული დანახვა და მათზე სწორი რეაგირება მნიშვნელოვანი იყოს განვითარების ადრეულ ეტაპზე სიცოცხლისუნარანობის შესანარჩუნებლად.“

ბაზარზე დროული გასვლა, ანუ რამდენად რელევანტურია სერვისი ბაზრისათვის მოცემულ მომენტში

„მაი ნენის“ პლატფორმის საწყისი კონცეფცია მშობლებისა და ძიძების ერთმანეთთან მარტივად დაკავშირებას ითვალისწინებდა და ძიძის ბინაზე მისვლის სერვისს სთავაზობდა მშობლებს. ზიგადად, ამ სერვისის საჭიროება ცხადად ჩანდა ქართულ ბაზარზე, თუმცა პლატფორმის გაშვების დრო არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდა, ასეთი სერვისის სწრაფი მასშტაბირებისათვის.

პლატფორმის შესაქმნელად, დაფინანსება ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2020 წლის თებერვალში მივიღეთ, სწორედ მაშინ, როცა კოვიდის პირველი შემთხვევები გამოჩნდა საქართველოში. შემთხვევების სწრაფმა ზრდამ ადამიანების ფიზიკური ურთიერთობის რეალობა შეცვალა. ბუნებრივია, ეს რისკები სტარტაპის არსებულ კონცეფციაში გათვალისწინებული არ გვქონდა, რამაც „მაი ნენის“ სიცოცხლისუნარიანობა, მისი სამომავლო განვითარება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

გამოსავალი:

გამოწვევაზე ჩვენი პასუხი იყო ონლაინ ძიძის სერვისის დამატება. ისეთი ადამიანის, რომელიც მშობელს დისტანციურად დაეხმარებოდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე ზრუნვაში. ბევრი მშობელი ამ პერიოდში სახლიდან მუშაობდა და ფიზიკურად ბავშვებთან ყოფნა თავად შეეძლოთ, თუმცა თან მუშაობა და თან ბავშვებისთვის თვალყურის დევნება მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. სასწავლო პროცესის ონლაინ გადატანას ბევრი ბავშვი ვერ მოერგო და სწავლის კუთხით მათი მხარდაჭერაც სახლიდან მომუშავე მშობლეებს დააწვა ტვირთად.

„ონალინ ძიძის“ სერვისი სწრაფად აიტაცეს დასაქმებულმა მშობლებმა, რათა შვილებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული აქტივობები დაეგეგმათ. ფორმატი ქართველი ემიგრანტი ოჯახებისთვისაც მომხიბვლელი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქართველი ბავშვი ჩაერთო მაი ნენის ონალინ სერვისში, რათა მშობლიური ენა უკეთ შეესწავლა ან თუნდაც, სკოლის საგნებში მიეღო დახმარება.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა „მაი ნენის“ ბაზარზე გასვლის დროულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სტრატეგიული ცვლილებების სწრაფმა განხორციელებამ ახალი შესაძლებლობები გამოაჩინა და სტარტაპის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი.

ვიწრო ფოკუსის არქონა

„მაი ნენი“ პირველი ციფრული პლატფორმა იყო საქართველოში, რომელიც ბავშვზე ზრუნვის საკითხებში მშობლების დასახმარებლად შეიქმნა. ვინაიდან, ამ კუთხით ნებისმიერი ასაკის ბავშვის მშობლებს დახმარება თანაბრად საჭირდებოდა ასაკობრივი ფოკუსი არ განგვისაზღვრავს. მალე დავინახეთ, რომ ასეთი ფოკუსის არქოდა პრობლემა იყო. „თოთო“, 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე ზრუნვა და ბაღი/სკოლის ასაკის ბავშვებზე ზრუნვა ორი განსხვავებული სერვისი იყო და სრულიად განსხვავებული ბიზნესმოდელი სჭირდებოდა. ამ ორი სერვისის ერთი სტარტაპის ქოლგის ქვეშ მოქცევა აფერხებდა მის განვითარებას.

გამოსავალი:

„გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, რადგან ორივე მხარეს საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავდით. მომხმარებელზე 8-თვიანი დაკვირვების შემდეგ, მივიღეთ საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება, უარი გვეთქვა 3 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე და ფოკუსირება მოგვეხდინა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებზე, რადგან  ჩავთვალეთ, რომ ამ სეგმენტში მასშტაბირებას და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფას უკეთ შევძლებდით.

ამ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა, ერთი თვის თავზე 45%-იანი ზრდა გვქონდა და 3-თვიან ჭრილში ისეთ ფინანსურ შედეგებზე გავედით, რაც ამ გადაწყვეტილებამდე ძნელად წარმოსადგენი იყო.

ფოკუსის განსაზღვრა სტარტაპების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, საწყის ეტაპზე შედარებით ფართო ფოკუსი გამართლებულია, რადგან მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება საჭიროა სწორი ორიენტირების ასარჩევად, თუმცა ფოკუსის დავიწროვება თუ დროულად არ მოხდა ეს სტარტაპის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მიხარია, რომ ეს შეცდომა დროულად დავინახეთ და გარდამტეხი ცვლილებები დროულად მოვაყოლეთ.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ეხმარება BPN Georgia სტარტაპერებს პანდემიის პირობებში ბიზნესის კეთებაში

No Ceiling ანუ დიდი უსასრულობა Lexus-ის მუსიკალურ რეკლამაში