13
ივნ
2018

დასაქმება სამუშაო გამოცდილების გარეშე? MyQ.ge – პლატფორმა, რომელიც თქვენს უნარებს გაზომავს

13 ივნ 2018

Startauperi
Startauperi


ახალგაზრდების მიერ, დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული ხშირი და პრობლემური კითხვებიდან ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანია – როგორ დავიწყო პირველი სამსახური მაშინ, როცა ყველა კომპანია მთხოვს არარეალურ სამუშაო გამოცდილებას? ახალი დასაქმების პლატფორმა – MyQ.ge-ს შემქმნელებმა ამ კითხვას შემდეგი პასუხი გასცეს – „MyQ.ge უნივერსალური ტესტებისა და ფორმულების გამოყენებით გაზომავს თქვენი მეხსიერების სიძლიერეს, სისწრაფეს, კონცენტრაციას, ლოგიკურ და მათემატიკურ აზროვნებას, უცხო ენისა და საოფისე პროგრამების ფლობას და სწრაფად მიაწვდის ამ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ კომპანიებს“. შესაბამისად, თქვენ შესაძლოა გახდეთ იმ აპლიკანტების რეალური კონკურენტი, რომლებსაც აქვთ „სამუშაო გამოცდილებით სავსე CV“ და თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე აცხადებენ პრეტენზიას. მეორე მხრივ კი, პლატფორმა ამარტივებს HR-ების საქმეს, მათ აღარ მოუწევთ ასეულობით CV-ს შესწავლა საჭირო კადრის შესარჩევად, ან მათთვის ტესტირების ჩატარება, მათი უნარების გასაზომად.

MyQ.ge ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში, ჰყავს 2000-მდე რეგისტრირებული და 630 ტესტირებაგავლილი აპლიკანტი. ამ ეტაპზე კი, მისი მეშვეობით დასაქმებულია 7 ადამიანი. უფრო დაწვრილებით, ვებგვერდის ფუნქციონალთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით მისი შემქმნელი – ლადო ქარჩავა გვესაუბრა:

ლადო ქარჩავა

M: რა გამოცდილება გქონდათ ვებპროექტების კუთხით, ან გქონდათ თუ არა შეხება დასაქმების სფეროსთან და რა მოტივით შექმენით MyQ.ge?
4Finance-ის პროექტების მენეჯერი ვარ. რეკრუტინგის მიმართულებითთ არანაირი გამოცდილება მქონია, გარდა იმისა, რომ ბაზარი შევისწავლე. შევისწავლე ის, თუ როგორ მუშაობენ HR-ები, რა პრობლემა ექმნებათ ყოველდღიურად და მეორე მხრივ, რატომ ხდება ისე, რომ პრობლემაა პირველი სამსახურის დაწყება. საქართველოში რეზიუმეს და მასში მითითებულ გამოცდილებას დიდი ყურადღება ექცევა, თუმცა, თუ ადამიანს არ მივცემთ საშუალებას და არ დავაწყებინებთ პირველ სამსახურს, მაშინ მისი სივი ყოველთვის ცარიელი იქნება. აქ სხვა გზა იყო საცდელი და სხვა გზა კი აღმოჩნდა ის, რომ გაგვეზომა აპლიკანტების უნარები და გამოგვევლინა ის კონკრეტული შესაძლებლობები, რომელიც ცალკეული დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პლატფორმა არ შექმნილა მხოლოდ მათთვის, ვინც პირველ სამსახურს ეძებს. ეს არის უნივერსალური ვებგვერდი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოს ნებისმიერმა კანდიდატმა, მათ შორის დიდი გამოცდილების მქონე ნებისმიერმა ადამიანმა.

M: კონკრეტულად, როგორ ვლინდება აპლიკანტის უნარები და როგორ ხვდება მიღებული შედეგები დამსაქმებლის ხელში?
ვებგვერდზე რეგისტრაციისას შესაძლებელია როგორც CV-ს ატვირთვა, ასევე სპეციალური ტესტის გავლა. ტესტის, შესაბამისი თამაშებისა და თავსატეხების გამოყენებით, იზომება აპლიკანტების შესაძლებლობები მეხსიერების სიძლიერის, სისხარტის, კონცენტრაციის, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების, უცხო ენისა და საოფისე პროგრამების ფლობის კუთხით. ეს შედეგები ავტომატურად ისახება ჩვენს პორტალზე, თითოეულ მონაწილეს ენიჭება ქულა სხვადასხვა კატეგორიაში. ეს ერთგვარი ბაზა მუდმივად ახლდება, ახალი აპლიკანტების რეგისტრაციის პირობებში და მუდმივად შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, იმ წუთის მონაცემებით, ვინ არის საუკეთესო კანდიდატი, შესაბამისი უნარებით.

M: როგორი იყო საიტზე მუშაობის ტექნიკური დეტალები? ვინ იყო აპლიკაციების/თამაშების შექმნაში ჩართული?
იდეა და ალგორითმი, თუ როგორ უნდა ემუშავა და გამოეთვალა აპლიკაციას, მთლიანად ჩემი იყო. ტექნიკური უზრუნველყოფის მხრივ დამეხმარა კომპანია BLH, რომელთან ერთადაც შევქმენით სოფტი, პლატფორმა, ტესტირების და თამაშების ჩათვლით. MyQ.ge-ს შექმნას კი 6 თვე დასჭირდა.

M: რა მნიშვნელობას შეიცავს HR სპეციალისტებისთვის მსგავსი პლატფორმის არსებობა და როგორ უნდა ითანამშრომლონ მათ თქვენთან?
HR-ებს ერთი საშუალოდ, კადრის ასაყვანად სჭირდებად 200-300 CV-ს დეტალური შესწავლა, რაც ნამდვილად რთული პროცესია. გარდა ამისა, შესაძლოა აპლიკანტი, გამოცდილების თვალსაზრისით, აკმაყოფილებდეს კომპანიის მოთხოვნებს, თუმცა პრაქტიკულად, მუშაობის პროცესში ვერ ავლენდეს საჭირო უნარებს. HR-ებს მივეცით საშუალება ფილტრების საშუალებით მოძებნონ ზუსტად ის კადრი, რომელიც სჭირდებათ, კონკრეტულ მონაცემებზე/ციფრებზე დაყრდნობით. HR-ებმა კი, დასარეგისტრირებლად საჭიროა მოგვწერონ ჩვენს ვებგვერდზე ან Facebook გვერდზე.

M: ერთთვიანი ფუნქციონირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?
ერთთვიანი ფუნქციონირების მანძილზე 7 ადამიანი დავასაქმეთ. ველოდებით, რომ მეტი HR აითვისებს ამ პლატფორმას და შეხედავს მას, როგორც ახალ შესაძლებლობას. უკუკავშირის მიღებასაც სისტემატურად ვცდილობთ, რომ დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა შევძლოთ. ასევე, ველოდებით მეტი ახალგაზრდის დარეგისტრირებას და ტესტირების გავლას. მეტი კომპანიის მოზიდვას, თუ ორივე მხარე მეტი იქნება, განვითარება, ანუ ახალი სერვისებისა და შესაძლებლობების შეთავაზება მომხმარებლისთვის, უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს, როგორ მოვძებნოთ საჭირო კადრი MyQ.ge-ს გამოყენებით?

განხილვა