დღესდღეობით, ინტერნეტ სივრცეში უამრავი სახის სოციალურ ქსელს წააწყდებით. კომუნიკაციური არჩევანი მრავალფეროვანია – შეგიძლიათ უფრო მეტად ვიდეოზე, ფოტოზე, მუსიკაზე, გაცნობაზე თუ სხვა ინტერესებზე ორიენტირებული პლატფორმა აირჩიოთ. ამჯერად, სანამ დილის გემრიელ ყავას მიირთმევთ, ჩვენ გიამბობთ MySpace-ზე, სოციალურ პლატფორმაზე, რომელიც 2005-2008 წლებში განსაკუთრებულად პოპულარული იყო მომხმარებლებს შორის.
სოციალური ქსელი 2003 წელს დაარსდა. მისი დაფუძნება კრის დევულფისა და ტომ ანდერსონის ტანდემს უკავშირდება. პლატფორმა სოციალური ქსელის Friendster-ის პარალელურად ჩამოყალიბდა. 2003 წელს, Friendster-მა მარცხი განიცადა. მზარდი ტრაფიკის პირობებში, მან ვერ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება. პიკის საათებში, საიტი უფუნქციოდ დარჩა. ასეთმა დაბრკოლებამ მომხმარებლებს ალტერნატივის ძიებისკენ უბიძგათ. მათ აქტიურად დაიწყეს MySpace-ზე გადასვლა, word of mouth პრინციპით. MySpace-ის შესახებ ამბავი ვირუსულად გაავრცელეს დამფუძნებლების მეგობრებმა. ანდერსონმა და დევულფმა შენიშნეს, რომ MySpace-ს ყველაზე აქტიურად იყენებდნენ მუსიკის მოყვარულები. ამიტომაც, სპეციალურად მათთვის შექმნეს MySpace Music – ამ გადაწყვეტილებამ საგრძნობლად გაზარდა პლატფორმის მოხმარება.
გუნდი შეიკრიბა მარკეტინგული კომპანია eUniverse-ის თანამშრომლებიდან. ამ ადამიანებმა დაინახეს, რამხელა პოტენციალი შეიძლებოდა ჰქონოდა Friendster-ის მსგავს პლატფორმებს და საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა გადაწყვიტეს.
ვებგვერდის პირველი ვერსია, სულ რაღაც, ათ დღეში შეიქმნა. კომპანიის პირველი პრეზიდენტი ტომ ანდერსონი იყო. კრის დევოლფი – აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გინსპენი, რომელიც eUniverse-ის დამფუძნებელიც იყო, პროექტს ხელმძღვანელობდა. MySpace-მა eUniverse-ის ოცმილიონიანი მომხმარებელთა ბაზით დაიწყო. ეს ბაზა მომხმარებლების ელექტრონული ფოსტის მისამართებს აერთიანებდა. კომუნიკაცია სწორედ ამ გზით შედგა. MySpace-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებსა და ახალგაზრდებს შორის.
სოციალური ქსელი ძალიან პოპულარული იყო. მასთან მოლაპარაკებით მარკ ცუკერბერგიც დაინტერესდა. 2005 წელს, მან ფევოლფს ფეისბუქის 75 მილიონ დოლარად მიყიდვა შესთავაზა, თუმცა დევოლფმა უარი განუცხადა. იმ დროისათვის, MySpace პოპულარობის პიკში იყო.
სოციალურმა ქსელმა დიდი გავლენა იქონია პოპ-კულტურაზე, ტექნოლოგიასა და მუსიკის სფეროზე. ყველაზე დიდი პოპულარობის პერიოდში, MySpace-ს უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავდა, ვიდრე Yahoo!-ს ან Google-ს. პლატფორმის ზრდა და მისი რეიტინგის კლება სოციალური ქსელების ისტორიის მნიშვნელოვანი ქეისია და ის გვახსენებს, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს ინტერნეტ სივრცე.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.