არსებობს ტყუილები, დიდი ტყუილები და მითები. თუმცა, მითები ამ სამს შორის ყველაზე უარესია. ტყუილის შემჩნევა ადვილია, თუკი ეს დიდი ტყუილი არ არის. დიდი ტყუილის შემთხვევაში, ადამიანები საკუთარ თავში იწყებენ ეჭვის შეტანას და ფიქრობენ: “იქნებ, მე ვაზროვნებ არასწორად?”. აი, რატომ იტყუებიან ბევრს პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები. ისინი ცდილობენ, დაგაეჭვონ საკუთარ მოსაზრებაში. ეს ცუდია, თუმცა, ჭკვიან ადამიანს მაინც შეუძლია წინ აღუდგეს ტყუილს, თუკი მტკიცებულებები გააჩნია.
მითების შემთხვევაში კი, საქმე სხვანაირადაა. ესაა ფრთხილად მომზადებული ხაფანგი, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანებსაც კი შეიტყუებს. როგორც წესი, მითები მართალსმიმგვანებულ ნახევრადსიმართლეზეა დაფუძნებული. ისინი გაგონებისთანავე გაბნევენ და მხოლოდ დროთა განმავლობაში თუ მიხვდებით შეცდომას, ისიც მაშინ, როცა ამ ყველაფრიდან არასასიამოვნო გაკვეთილი უკვე მიიღეთ.
მითებს საქმიანობების უმეტეს ნაწილში ვხვდებით. გამონაკლისი არც სტრატეგიული საქმიანობაა. ამ სტატიაში ხუთ ყველაზე დამღუპველ მითზე გიამბობთ.
მითი #1: სტრატეგია გრძელვადიანია
რატომ ჰგავს ეს სიმართლეს
ზოგიერთ ინდუსტრიაში კონკურენცია შეიძლება იყოს უცვლი ათწლეულების განმავლობაში, ხოლო ისინი, ვინც ამ დინებას მიყვებიან, “ზედაპირული ხმაურისგან” შორს გრძნობენ თავს.
რატომაა ეს არასწორი
დგება დრო, როდესაც სტრატეგიული ცვლილებები აუცილებელია. ასეთ დროს ძალიან სწრაფად გიწევთ მოქმედება. ასეთ დროს გრძელვადიან სტრატეგიაზე ფიქრი შეცდომაში შეგიყვანთ. სტრატეგია არც გრძელვადიანია და არც მოკლევადიანია. ესაა იმ ფუნდამენტური საკითხების ერთობლიობა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი: ღირებულებების შექმნა, საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორები და კონკურენცია. სტრატეგიის შესამუშავებლად მისი ვადა კი არ უნდა განსაზღვროთ, არამედ, სიღრმე და ფართო თვალსაწიერი. სტრატეგიაა ის, რის გაკეთებასაც ახლა აპირებთ და რაც თქვენს მომავალს გამოძერწავს.
მითი #2: ხელისშემშლელი ფაქტორები ზეგავლენას ახდენს სტრატეგიის ცვლილებაზე
რატომ ჰგავს ეს სიმართლეს
ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Amazon, Google და Facebook, სტრატეგიას იმიტომ ცვლიან, რომ მათ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი ინოვაციისთვის, ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესაქმნელად. ინოვაციას ხშირად ურევენ სტრატეგიულ ცვლილებებში და ზოგჯერ, ინოვაცია მართლაც განაპირობებს ამ ცვლილებებს.
რატომაა ეს არასწორი
ამაზონისა და დიდი ტექნოლოგიური კომპანიების შემთხვევაში, ახალი ინოვაციური პროდუქტები და სერვისები გავლენას ახდენენ ერთ კონკრეტულ სტრატეგიაზე, რომელსაც საქმოსნები 60-იან წლებში იცნობდნენ. ეს ის დროა, როდესაც საკონსულტაციო კომპანია BCG-ის დამფუძნებელმა, ბრუს ჰენდერსონმა, აღმოაჩინა, რომ ბევრ ბიზნესში, მოცულობის გაორმაგებასთან ერთად, ხარჯი განსაზღვრული მოცულობით იკლებს.
ვარაუდობდნენ, რომ თუკი, ხარჯების მოსალოდნელი შემცირების სასარგებლოდ, არსებულ მოგებას დააბანდებდნენ, ბაზარზე ლიდერობას მოიპოვებდნენ. ეს იყო სტრატეგია “შეამცირე ხარჯები და გაზარდე წარმოება”. თანამედროვე კომპანიები დღესაც ამ სტრატეგიას მიყვებიან, მხოლოდ მცირედი (ლექსიკური) ცვლილებები შეაქვთ მასში, მაგალითად, “გაეცი უფრო მეტი და უფრო მეტ მომხმარებელს მიიღებ”. თუმცა, ეს კვლავაც ის სტრატეგიაა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის.
მითი #3: კონკურენტული უპირატესობა მოკვდა
რატომ ჰგავს ეს სიმართლეს
არსებობს მტკიცებულება, რომ კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შემდეგ, მისი შენარჩუნების ხანგრძლივობა მცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მიღწეული ბარიერის გადალახვა უფრო ადვილადაა შესაძლებელი.
რატომაა ეს არასწორი
მოსაზრებები კონკურენტული უპირატესობის სიკვდილთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია. კომპანიების Amazon, Alphabet, Apple, Facebook და Microsoft კონკურენტული უპირატესობა იმდენად დიდია, ხოლო მათი ბარიერების გადალახვის ნიშნულები იმდენად მაღალი, რომ საზოგადოება მათი გავლენის შესამცირებლად სპეციალური რეგულაციების დაწესებას ითხოვს. საკმაოდ რთული წარმოსადგენია, ვინ შეძლებს მათ გადასწრებას. კონკურენტული უპირატესობა კი არ მოკვდა, არამედ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი უპირატესობის ქონა, ლიდერობის მოსაპოვებლად.
მითი #4: სტრატეგია არაა აუცილებელი, მთავარია მოქნილობა.
რატომ ჰგავს ეს სიმართლეს
მოქნილი კომპანიები, განსაკუთრებით სტარტაპები, ხშირად მცირე ბიუჯეტით იწყებენ საქმეს და არც გეგმას მიყვებიან. ამგვარად, საკმაოდ ადვილია ივარაუდო, რომ ის შედეგი, რასაც იღებს კომპანია, განპირობებულია დინამიკურობითა და მუშაობის მაღალი ტემპით.
რატომაა ეს მცდარი
მოქნილობა სტრატეგია არაა. ესაა ფასეული უნარი, რომელიც სწრაფ შედეგს იძლევა, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მუდმივ ეფექტს, თუკი საქმეში სტრატეგია არ ჩაერია. თუკი ჩვენ გვგონია, რომ სტარტაპებს არ აქვთ სტრატეგია, არ ნიშნავს, რომ ეს მართლაც ასეა. სტრატეგია არაა გეგმა, ესაა მოქმედების პრინციპი, რომელიც სიტუაციის განვითარებასთან ერთად გამოიყენება. სტარტაპების უმეტესობა მარცხს განიცდის, რადგან იმედოვნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავიანთ სასარგებლოდ შემოაბრუნებენ სიტუაციას. წარმატებული სტარტაპები კი ძალიან ბევრს ფიქრობენ ძირითად პრინციპებზე, ეჭვქვეშ აყენებენ ყოველ მოსაზრებას და ქმნიან სტრატეგიას, რომელსაც ყველა თანამშრომელი უნდა მიყვეს. სტარტაპებმა ბევრი უნდა იფიქრონ კიდეც, რადგან მათ მწირი რესურსები აქვთ. სტრატეგიის გარეშე, ისინი მიიღებენ ცუდ გადაწყვეტილებებს, რასაც ჯერ შემოსავლების შემცირება, შემდეგ კი, გაკოტრება მოყვება.
მითი #5: საჭიროა ციფრული სტრატეგია
რატომ ჰგავს ეს სიმართლეს
ციფრული ტექნოლოგია ინფორმაციის შეგროვების, დახარისხებისა და შენახვის საშუალებაა. ყველაფერმა უკეთესად მუშაობის საშუალება მოგვცა ყველა ეტაპზე. ამჟამად, შესაძლებელობები ბევრია და ამავდროულად, დამაბნეველიც. როდესაც ადამიანები იბნევიან, ისინი ცდილობენ ყველაფრის დალაგებას, გააზრებას და შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ აქედან მოდის მისწრაფება ციფრული სტრატეგიისკენ.
რატომაა ეს არასწორი
კომპანია არის ორგანიზმი და თუკი მის სათითაო ორგანოს გააუმჯობესებთ, მას მთლიანობაში დაეხმარებით. თქვენ არ გჭირდებათ ციფრული, IT, ფინანსური, ადამიანური რესურსების თუ სხვა რამის სტრატეგია – არამედ, მხოლოდ ბიზნესის. ასე რომ, მხოლოდ ციფრული სტრატეგიის მიხედვით და დანარჩენის იგნორირებით, ფონს ვერ გახვალთ. ციფრული ტექნოლოგიები და სხვა სპეციფიკური ტექნოლოგიები ძირეულად ცვლიან მომხმარებლის ღირებულებებს. ციფრული ტექნოლოგიით პრობლემის გადაწყვეტის მიზანია, დაგანახოთ, როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესი და დაგისვათ კითხვა, ისევაა თქვენი საქმე აქტუალური თუ არა.
თანამედროვე სამყაროში აუცილებელია მუდმივად ითვალისწინებდეთ ცვლილებებს. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი შესაძლებლობები თქვენი კონკურენტული უპირატესობის გასამყარებლად. ყურადღებით მოეკიდეთ, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან სიახლეებს, რაღა ეს შესაძლებლობა ბიზნესისთვის გაცნობიერებულად გამოიყენოთ. ითამაშეთ მოკლევადიანი თამაშების მოსაგებად. ეს გრძელვადიან თამაშში გაგამარჯვებინებთ. იფიქრეთ ღრმად, რომ იმოქმედოთ სწრაფად. სტრატეგია კვლავაც ისაა, რაც ყოველთვის: ხელოვნება, იმოქმედო წნეხის ქვეშ, ყველაზე რთულ სიტუაციებში.
წყარო: HBR