MYVIDEO.GE, რომელიც ITDC-ს პროექტია, ორიდან ექვსი ნოემბრის ჩათვლით დუბლინში დაგეგმილ WEB SUMMIT ALPHA 2015-ზე წარსდგება.
WEB SUMMIT-ი პლანეტის საუკეთესო ტექნოლოგიურ კონფერენციად არის აღიარებული. მას წელს ოცდაორი ათასზე მეტი დამსწრე ეყოლება მსოფლიოს 110 ქვეყნიდან, მათ შორის არიან ინვესტორები, წამყვანი მედიისა და ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: Google, Facebook, Microsoft, Amazon, Twitter, Adobe, Financial Times, Business Insider, Washington Post, CNN, Fox, CNBC, BBC, The New York Times, Wall Street Journal, the Guardian, Le Monde, Forbes და ა.შ. სამიტი მეხუთე წელია დუბლინში იმართება. სამიტის ფარგლებში ჩატარდება ოცდაერთი სხვადასხვა სემინარი და მოწვეული იქნება ათასზე მეტი სპიკერი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან.
WEB SUMMIT ALPHA 2015 საუკეთესო პლატფორმაა პოტენციური პარტნიორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული კომპანიების გასაცნობად. MYVIDEO WEB SUMMIT ALPHA 2015-ზე წარმოდგენილი იქნება როგორც ინოვაციური start up სერვისი, რომელიც შესაძლოა სხვა გეოგრაფიულ ბაზრებზეც დაინერგოს და იმავე წარმატებით განვითარდეს, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანში. ქართული პროექტი MYVIDEO ერთადერთი სერვისია, რომელიც საქართველოს სახელით სამიტზე მიიწვიეს. ღონისძიების მთავარი მიზანი პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა და ინვესტიციების მოძიებაა. WEB SUMMIT ALPHA 2015-ს დაესწრება ხუთასზე მეტი უდიდესი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი, რომლებსაც MYVIDEO საქართველოს სახელით საკუთრ სერვისს გააცნობს.
MYVIDEO საქართველოს ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა, და დღევანდელი მონაცემებით ყოველთვიურად ორ მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 2013 წელს MYVIDEO აზერბაიჯანის ბაზარზეც გამოჩნდა, სადაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
MARKETER-ს MYVIDEO.GE-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის მენეჯერი, სოფიო ელიზბარაშვილი ესაუბრა.
M: როგორ მოხვდა პროექტი MYVIDEO ამ სამიტზე?
შერჩევისთვის თავდაპირველად უნდა დაგვეფიქსირებინა სურვილი, რომ მზად ვიყავით მონაწილეობისთვის. შემდეგ სკაიპით ორი კონფერენცია ჩატარდა, სადაც დეტალურად მიიღეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ და ამის შემდეგ მიგვიწვიეს.
ვებ სამიტი მეხუთე წელია ტარდება და აღიარებულია, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური კონფერენცია. ის აერთიანებს კომპანიებს, ინვესტორებს, მედიის წარმომადგენლებს და ა.შ. მსურველთა რაოდენობა დიდი იყო, შერჩევის კრიტერიუმები-მკაცრი. წარმატებას უკვე მივაღწიეთ სამიტზე მოხვედრით. გვაქვს შესაძლებლობა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი სერვისი. საქართველოს სახელით მხოლოდ ჩვენი გუნდია მიწვეული. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე გავდივართ.
წარვსდგებით როგორ start up-ი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში და აზერბაიჯანში უკვე ექვსი წელია ვფუნქციონირებთ. ვეცდებით ინვესტორებს დავანახოთ, რომ myvideo სხვა შესაძლებლობებს ქმნის ტელევიზიებისთვის და რეკლამების დამკვეთებისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს სერვისი მოქმედია და მუშაობს, ანუ შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც განხორციელდეს.
M: როგორ ემზადებით სამიტისთვის და რა მოლოდინი გაქვთ?
კომპანიიდან სამიტზე ოთხი ადამიანი მივდივართ. სამიტი სამიდან ხუთი ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ჯერ ჩვენი გამოსვლის თარიღი არ ვიცით. მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დატვირთული გვაქვს, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი.
ყველა მნიშვნელოვანი მედია იქ იქნება და მედიის დაინტერესებასაც ველით. სამიტს არ ჰყავს ერთი გამარჯვებული, ამიტომ მისი რესურსი ამოუწურავია. შესაძლებელია რამდენიმე პროექტის დაფინანსება. მოლოდინი ოპტიმისტური გვაქვს. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მოეწონებათ პროექტი.
გეგმაში გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიული ბაზარი ავითვისოთ. ვებ სამიტი ჩვენი გეგმისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.