ქართული ღვინის მოყვარულებსა და ვაზის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დარგონ ვაზი და დაარქვან მას სახელი. ვაზის მოვლისა და მოსავლის აღების ეტაპებიც დისტანციურია – მალე, მომხმარებელი შეძლებს თვალი ადევნოს საკუთარი ვაზის ზრდას, შემოდგომაზე კი, სახლიდან გაუსვლელად მიიღებს მოსავალს – ორ ბოთლ ღვინოს. ქართულ ბაზარზე ეს შესაძლებლობა პლატფორმა MyWay.wine-მა გააჩინა. ეს არის სტარტაპერების – ილია დათუნაშვილის, ბაჩო ხაჩიძისა და ლუკა ბახსოლიანის ინოვაციური იდეა. სტარტაპი ერთი თვეა რაც ფუნქციონირებს, დროთა განმავლობაში კი, შესაძლოა, მიიღოს მომხმარებელთა მიერ გაშენებული ვენახი, სადაც თითოეულ ძირ ვაზს სახელი ექნება.
ეს რის ინოვაცია, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს, საქართველოში ვენახების გაშენებისა და ღვინის კულტურის განვითარების პორცესში თანამონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ“, – გვიყვება ილია დათუნიშვილი.
სტარტაპერებს ვენახები კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში აქვთ და ის დღითიდღე იზრდება. მომხმარებლის ჩართვა ვენახის გაშენების საკითხში, სტარტაპერებისთვის ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი გზაა. გარდა ამისა, მათი მიზანია გააშენონ პატარა შატო.
ბაჩოს ჰქონდა პროექტ „ტრიპექსის“ გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც, ბორჯომის ტყის აღსადგენად ხის დარგვა შესაძლებელი იყო ვებგვერდის საშუალებით. ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა იგივე გაგვეკეთებინა ვაზის შემთხვევაში. ხე ჯანსაღ გარემოსთან ასოცირდება, ვაზი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და იდენტობასთან. პრობლემა ისიცაა, რომ ღვინის ქვეყანას კი ვეძახით ჩვენს თავს, მაგრამ ფაქტობრივად, ღვინოს არ ვსვამთ, ვსვამთ არაყს. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, კითხვა დასვას. როცა რგავ ვაზს, კითხულობ, რა ჯიშია, რა პირობები სჭირდება. დისტანციურად, თუმცა მაინც ხარ პროცესის მონაწილე და მეტი ინტერესი გიჩნდება“.
მომავალში სტარტაპერები ვენახის დრონით სკანირებას აპირებენ და მომხმარებელს რეალურ დროში მიაწვდიან ინფორმაციას ვენახის ზრდის, არსებული კონდიციისა და პერსონალური ღვინის ჩამოსხმის შესახებ. გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული დამხმარე რეალობის საშუალებით და ღვინის ბოთლზე დატანილი QR კოდის ამოცნობით, მომხმარებელს თავისივე ვენახის ფოტოს და კოორდინატების ამოცნობის შესაძლებლობა აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტარტაპი ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს. იდეის უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად კი ფინანსური რესურსების მოძიების ეტაპზეა. ამჟამად, ვაზის დარგვა 39-დან 99 ლარამდეა შესაძლებელი.
„ორი ბოთლი ღვინის ყიდვა შეგიძლია ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ვაზის დარგვა, მოსავლის ლოდინი და მიღება სულ სხვა გრძნობებს უკავშირდება“, – MyWay.wine.