ბიზნესი, რომელიც საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს მიწოდების ჯაჭვში, მთავარ როლს ასრულებს ამ ნივთიერებებით თავდასხმების თავიდან არიდებაშიც. ამაში კი, უპირველესად, მსგავს ნივთიერებებზე მარტივი წვდომის პრევენცია იგულისხმება… ამ მხრივ მოდის ინდუსტრია ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი — ტექსტილის დამზადებისას მჟავას იყენებენ, შესაბამისად და სამწუხაროდ, მჟავით დაშავებულ ადამიანთა რიცხვიც იმ რეგიონებშია მაღალი, სადაც ტექსტილი იწარმოება. მსოფლიოში ყოველწლიურად 10 000 თავდასხმა ხდება, მსხვერპლთა უმრავლესობა კი ქალია…
თუმცა ახლა Acid Survivors Trust International-თან (ASTI) პარტნიორობა გადაწყვიტეს, რათა კონკრეტულ საკითხზე ცნობიერების დონე აამაღლონ და მეტად პასუხისმგებლიანი მიწოდების ჯაჭვიც შექმნან. ამ მიზნით ლეგენდარულ ბრიტანელ ფოტოგრაფ რანკინს, რომელსაც დეივიდ ბოუიც გადაუღია და დედოფალი ელიზაბეტიც, სთხოვეს, მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი პატრიცია ლეფრანცის ამბავი მოეყოლა ფოტოსერიებში, რომელიც გვაჩვენებს, რა ფიზიკური დაზიანება შეიძლება მოჰყვეს კანზე მჟავის მოხვედრას.
„მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მოდის ინდუსტრიის მიმართ და მსიამოვნებდა ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე თვალყურის დევნება, რათა იგი მეტად მდგრადი და პასუხისმგებლიანი გამხდარიყო. როცა ASTI-მ ამიხსნა მჟავის ბოროტად გამოყენების შესახებ მიწოდების ჯაჭვში, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა“, — აცხადებს რანკინი.
სურათებში 59 წლის პატრიციას ხედავთ, რომელსაც 2009 წელს თავს ყოფილი პარტნიორი დაესხა, 12 კვირა კომაში იყო, 9 თვე საავადმყოფოში გაატარა და 100 ოპერაცია ჩაუტარდა — „მე მადლიერი ვარ რანკინის, რომელმაც ეს შესაძლებლობა მომცა, რათა გავზარდო ცნობიერება არსებული სიტუაციის შესახებ და გადავდგა ნაბიჯები, რათა მომავალში მსგავსი თავდასხმები ავირიდოთ თავიდან“.