in

რეკომენდაციები, თუ როგორ დაიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან

მზე სიცოცხლისა და სითბოს წყაროა, რომელიც D ვიტამინით გვამარაგებს და ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის, თუმცა როგორც ნებისმიერი სხვა რამ, გადამეტებული რაოდენობით არც მზის სხივების ქვეშ ყოფნაა სასარგებლო. ვინაიდან უკვე ზაფხულია და მზეც აქტიურ ფაზაშია, ეს საკითხი ახლა ყველაზე აქტუალურად დგას, ამიტომ ვეცდებით, რამდენიმე რეკომენდაცია მოგცეთ, თუ როგორ დაიცვათ ზაფხულში თავი მწველი მზისგან.

აუზზე, პიკნიკზე ბუნებაში, ზღვაზე ან ქუჩაში როცა ვართ, ზოგჯერ ჩვენი საქმით გართულს გვავიწყდება, რომ შეიძლება გადავხურდეთ ან დავიწვათ. დიდი რისკი ჩნდება მზის დარტყმის მიღებისაც. 

რა არის მზის დარტყმა, როგორ ავიცილოთ თავიდან და რა ვქნათ, თუ მასზე გვაქვს ეჭვი?

მზის დარტყმა არის სითბური დარტყმის ფორმა, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და მზის ზემოქმედების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს. გადახურებამ შეიძლება შინაგანი სითბოს გამოფიტვა გამოიწვიოს და შეიძლება სერიოზული პრობლემაც გამოიწვიოს, თუ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ. 

იმის მიუხედავად, რომ მზესთან სიფრთხილე ყველას მართებს, რისკ ჯგუფებში განსაკუთრებით შედიან: მოხუცები, ბავშვები, ჭარბი წონის პრობლემების მქონე ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი და ჰიპერტენზია-ჰიპოტენზიის მქონე პირები. 

ძირითადი სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენს ამ დროს, არის: გულისრევა, სისუსტე, შენელებული გულისცემა და თავბრუსხვევა. ამ დროს თერმორეგულაცია კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ ჭარბოფლიანობაც შეიძლება გქონდეთ. 

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თუ გაქვთ ეს სიმპტომები და ეჭვი მზის დარტყმაზეა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თქვენი შეშინება ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ როგორც ექიმები გვეუბნებიან, გართულების შემთხვევაში, მზის დარტყმამ შეიძლება კრუნჩხვაც კი გამოიწვიოს. 

როგორ ავირიდოთ თავი? ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავი არ მივიყვანოთ გადახურებამდე და მზის დარტყმამდე. ამისთვის რამდენიმე მარტივი წესის შესრულება მოგიწევთ:

  • დატენიანება – გადახურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დეჰიდრატაცია არის ხოლმე, ამიტომ მუდამ სვით ზაფხულში ბევრი წყალი;
  • ელექტროლიტების მიღება – როდესაც ვოფლიანდებით, ელექტროლიტებს ვკარგავთ და მათი აღდგენა რაღაც ფორმით გვესაჭიროება, ამიტომ დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარის მარილს, მაგნიუმსა და სხვა მინერალებს, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობისას ზაფხულში;
  • თქვენი ჩაცმულობა უნდა იყოს მაქსიმალურად თხელი, თავისუფალი და გრილი;
  • ეცადეთ, იყოთ ჩრდილში – ყოველთვის ეცადეთ, რომ მოძებნო ჩრდილი და მას შეაფაროთ თავი.

კანის დაცვა მზისგან

მიუხედავად იმისა, რომ ექიმებით დაწყებული, ჯანდაცვის ექსპერტებითა და უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებით დამთავრებული, ყველა თანხმდება იმაზე, რომ კანის დაავადებების დაცვა მზისგან დამცავი კრემითაა შესაძლებელი, მაინც ჩვენს უმეტესობას ავიწყდება მისი აუცილებლობა. 

  • წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე 15-20 წუთით ადრე, ასევე იქონიეთ ტუჩსაცხი, რომელიც SPF-ს შეიცავს;
  • თუ წყალთან ან ქვიშასთან ხართ ახლოს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან მათი ზედაპირები ირეკლავს მზის მავნე სხივებს, რამაც შეიძლება გაზარდოს მზის დამწვრობის მიღების შანსი;
  • თუ მზეზე ჩვილებთან ერთად ხართ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოთ – აუცილებლად გყავდეთ პატარები ჩრდილიან ადგილას და აუცილებლად უნდა ეხუროთ მათ თავზე გრილი ქუდი;
  • შეზღუდეთ მზეზე ყოფნის საათები – არ გაჩერდეთ მზეზე 11 საათიდან 16:00 საათამდე, ამ დროს მზის სხივები ყველაზე ინტენსიურია;
  • ატარეთ საზაფხულო ქუდი და მზის სათვალე, რათა დაიცვათ თვალის გარშემო მიდამოები, თავი და კისერი დამწვრობისა და მზის მავნე ზემოქმედებისგან.

იგივე წესები ბავშვებზეც ვრცელდება. კიდევ ერთი, რაც თქვენს შვილებს აუცილებლად უნდა ასწავლოთ, არის ის, რომ მზის განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში არ ირბინონ და არ ითამაშონ ისე, რომ გადაიღალონ და ძალიან დასცხეთ. უმჯობესია, ფიზიკურად დატვირთული თამაშებისთვის დილის ან საღამოს საათები შეარჩიონ. გაოფლიანების შემთხვევაში, აუცილებლად გამოუცვალეთ და ჩააცვით მშრალი, სუფთა ტანსაცმელი, შეახსენეთ, რომ დალიონ წყალი და მიიღონ ზაფხულის გრილი, წვნიანი ხილი. ზაფხულში, როცა არდადეგებია და ბავშვებს გული გარეთ მიუწევთ, ძნელია მათი შინ გაჩერება, მაგრამ დღის განსაკუთრებულად აქტიურ ფაზაში ეცადეთ, სახლში შეუქმნათ ისეთი სივრცე და ისე დააინტერესოთ სახლის თამაშებით, რომ ამ პერიოდში არ მოუნდეთ გარეთ ყოფნა.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

„აბჯარი” – კომპრესიული სამოსის ქართული ბრენდი

FDA-მ ალოპეციის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცა