2016 წლიდან, ქალაქის ცენტრში, მწვანე გარემოში, ყველა კინომოყვარულისთვის განსხვავებული სივრცე შეიქმნა. სოციალურმა კაფე „მზიურმა” პარკში ღია კინოჩვენებების ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
ალბათ, ბევრი თქვენგანი მზიურის ღია კინოჩვენებების მაყურებელი არაერთხელ ყოფილა. წელს კი, 28 აპრილიდან, პროექტი განახლებული ფორმატით დაუბრუნდა მაყურებელს. მზიურის ღია კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მიზანია ქართული საავტორო ფილმების პოპულარიზაცია .
ღია კინოჩვენებები მოიცავს როგორც თანამედროვე ქართულ, ასევე მსოფლიო კინოკლასიკას, სპეციალურად მოზარდებისთვის შერჩეულ ფილმებს. ასევე წლევანდელ სეზონს ერთი განსაკუთრებული სიახლეც დაემატა; მეოთხე, თავისუფალი ჩვენება, რომლისთვისაც ფილმის შერჩევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რაც შეეხება განრიგს, ოქტომბრის ჩათვლით კინოჩვენება თვეში 4-ჯერ გაიმართება, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე.
საგულისხმოა, რომ პროექტის ფარგლებში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს საშუალებას მისცემს, გაიგოს მეტი ბოლოდროინდელ კინონამუშევრების შესახებ. ჩვენებების შემდეგ ჩაერთოს საინტერესო დისკუსიაში.
წლევანდელი კინო- სეზონი ალექსანდრე კობერიძის ფილმით გაიხსნა, სახელწოდებით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“. ფილმის პრემიერა 2021 წლის მარტში ბერლინის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული და კინოკრიტიკოსთა ფედერაციის საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.
მეორე ჩვენებაზე კი სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერება“ ვიხილავთ, რაც ასევე ქართული ფილმების პოპულარიზაციის ნაწილს წარმოადგენს.
პროექტის წარმდგენია რე|ბანკი, ასევე პროექტის პარტნიორები არიან ჟურნალი „ინდიგო“ და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. პროექტის კურატორი კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ნინო ჩიმაკაძეა. შეგახსენებთ, ნინო ინგლისურენოვანი საერთაშორისო გამოცემის atinati.com-ის კინოჟურნალისტია, გასულ წელს კი ბათუმის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჟიურის წევრი იყო.
ტრადიციულად, მზიურის ღია კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა, სივრცე კი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.