4 წელია, რაც ქართულ და უცხოურ ბაზარზე ქალის ტანსაცმლის ქართული ბრენდი N-DUO მოღვაწეობს. ახლახან გაირკვა, რომ იგი ცნობილ ბრიტანულ სავაჭრო ქსელში Selfridges-ში შევიდა. ბრენდის განვითარების გზასა და სიახლეების შესახებ მის აღმასრულებელ დირექტორს, თიკო ქარქაშაძეს გავესაუბრეთ:
M: N-duo-concept-ის შესახებ აქამდე გვეწერა, როგორც სტარტაპზე. მოგვიყევით, რა ეტაპზეა დღეს იგი, ახალი ბრენდები თუ დაემატა, თქვენი ხაზი როგორ ვითარდება..
N-DUO-CONCEPT.COM 2014 წელს დაარსდა როგორც მულტი-ბრენდული ონლაინ მაღაზია, რომელსაც არსებობის ერთი წლის თავზე დაემატა “In the house” ბრენდი N DUO. გაყიდვებზე დაკვირვებამ მალევე ცხადყო, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი წილი სწორედ ჩვენს შიდა ზახხე მოდიოდა, რომელიც იყო ხაზგასმულად ინდივიდუალური და განსხვავებული. ასევე იყო ორგანული ინტერესი ე.წ “ინფლუენსერების” და “ბაიერების” მხრიდან, რამაც გადაგვაწყვეტინა, სწორედ ამ ბრენდზე კონცენტირება და მისი განვითარებისათვის ჩვენი ონლაინ პლატფორმის კონცეფციის შეცვლა. დღეს მისამართზე N-DUO-CONCEPT.COM მხოლოდ ბრენდი N DUO იყიდება. რაც შეეხება განვითარების გზებს, ჩვენ არ მივსდევთ ამ სფეროში დამკვიდრებულ უკვე ცოტათი მოძველებულ ხერხებს. მაგალითად: არასდროს არ ვაკეთებთ ჩვენებებს, არ ვაკეთებთ ძირითად კოლექციებს – მხოლოდ პრე – კოლექციებს ვანახებთ პარიზში წელიწადში ორჯერ, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს “სტოკისტებს”, უფრო ადრე მიიღონ შეკვეთილი პროდუქცია და მეტი დრო ჰქონდეთ სრულ ფასში გასაყიდად. ასევე, ვცდილობთ, ბრენდი ორგანულად გაიზარდოს და არასდროს ვთანამშრომლობთ ისეთ ინფლუენსერებთან, რომლებიც ანაზღაურებას ითხოვენ ამა თუ იმ პროდუქციის ტარების ან თაგის სანაცვლოდ. N DUO – ს ატარებენ მხოლოდ ის გოგონები, რომლებიც აფასებენ ბრენდის DNA-ს და ახლოს არიან ჩვენს ესთეტიკასთან. მათ შორის არიან: Leandra Medine, Pandora Sykes, Eva Chen, Maria Bernad, Jenny Walton, Caroline Issa და ა.შ
M: საინტერესოა, როგორ მოხდა, N DUO-ს selfridges-თან დაკავშირება?
არსებობის 4 წლის თავზე N DUO – მ შეძლო, იყიდებოდეს დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მაღაზიებში, მათ შორის არის Selfridges. განვითარების ამ საფეხურზე შეურიგებელი შრომით, საჭირო კონტაქტებით და საკითხის საფუძვლიანი ცოდნით მივედით. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ N DUO -ს პროდუქცია შეესაბამებოდეს ამ სფეროში დადგენილ ხარისხის სატანდარტებს, იყოს წარმოდგენილი სწორ შოურუმში და ვითარდებოდეს დასახული გეგმის მიხედვით.
M: როგორ ფიქრობთ, რატომ არის ბრენდისთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი?
Selfridges არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი department store მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს ლონდონში Oxford Street-ზე. ის ფაქტი, რომ ასეთი რეპუტაციის მაღაზია გიხსნის კარს, ბრენდისთვის ფაქტობრივად ნიშნავს ყველაფერს. ბრენდი, რომელიც განვითერებაზეა ორიენტირებული და ოთხწლიანი არსებობის თავზე შედის Selfridges-ში, აუცილებლად კიდევ უფრო მეტი შემართებით და სტიმულით გააგრძელებს მუშაობას, რომ არაფერი ვთქვათ ამ თანამშრომლობით მიღებულ ფინანსურ ინტერესთან.
M: რა მოლოდინები გაქვთ?
ჩვენი მოლოდინები ყოველთვის რეალისტურია, ველოდებით გაყიდვების კიდევ უფრო ზრდას და ეტაპობრივ განვითარებას. და კვლავაც ვგეგმავთ დაუღალავი მუშაობის გაგრძელებას..